მსოფლიო
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სასჯელაღსრულების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა
2015-09-17 14:01:50
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიულმა დეპარტამენტმა მინისტრის კახა კახიშვილის დავალებით შეისწავლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბერის გადაწყვეტილება გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ პატიმრობის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის უშუალოდ აღმასრულებელი ორგანო არის პენიტენციური დაწესებულება. ამასთან, ამავე კოდექსის თანახმად, ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებისთვის აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. აღნიშნული ნორმის თანახმად, ნებისმიერი ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მოხდა ამ განჩინებით განსაზღვრული აღკვეთის ღონისძიების სახის (პატიმრობის) შეცვლა/გაუქმება.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის N3/2/646 გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა სსსკ-ის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, „კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
ამრიგად, თავად ეს ნორმა მიუთითებს, რომ სასამართლოს განჩინება კონკრეტული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ უქმდება, იმ შემთხვევაშიც, როდესაც აღნიშნული განჩინება გამოტანილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონკრეტული სამართლებრივი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობამდე. ამავე ნორმის შესაბამისად, შესაძლებელია განჩინების მოქმედების შეჩერება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს აღკვეთი ღონისძიების მოქმედების შეჩერებას. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუქმებულა ან შეცვლილა. შესაბამისად, პროცესის მონაწილე მხარეებს, მათ შორის ბრალდებულს ან/და მის დამცველს უფლება აქვთ თავად მიმართონ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, არ წარმოადგენს მხარეს, რომელიც უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პენიტენციური დაწესებულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი გაათავისუფლოს ბრალდებული პატიმრობიდან, თუ შესაბამისი საერთო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება.
სასჯეღასრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, დაუსაბუთებელი პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურები
კომენტარები