მსოფლიო
„დავის პროცესში მოსარჩელეთა უმეტეს ნაწილთან კომპანიამ მიაღწია შეთანხმებას ურთიერთმისაღებ პირობებზე“
2015-09-08 23:20:44
კომპანია „არემჯი“ ყოფილ თანამშრომლებზე ზეწოლასთან დაკავშირებით სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ბრალდებებს პასუხობს. კომპანია განცხადებაში ასევე სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლების სასარგებლოდ, ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მის გასაჩივრებაზე კომპანია, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ იმსჯელებსკომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ პროფკავშირების მხრიდან ადგილი აქვს „არემჯის“ მიმართ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ ქმედებებს, რაც მათ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციებში გამოიახტება.
„კომპანია „არემჯი“ ეხმაურება პროფკავშირის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას 14 ყოფილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ხსენებულ დავაზე გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა პირველი ინსტანციის მიერ. ამ ეტაპზე დავა საბოლოოდ ჯერ არ დასრულებულა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ კომპანია იმსჯელებს მისი ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების შესახებ.აქვე გვსურს კიდევ ერთხელ ვამხილოთ პროფკავშირი მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ ქმედებებში კომპანია „არემჯის“ წინააღმდეგ. კერძოდ, სიმართლეს არ შეესაბამება პროფკავშირის განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს შრომითი კოლექტივის ყოფილი წევრების მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე სახის ზეწოლას სარჩელზე უარის თქმის მიზნით. დავის პროცესში მოსარჩელეთა უმეტეს ნაწილთან კომპანიამ მიაღწია შეთანხმებას ურთიერთმისაღებ პირობებზე, რის გამოც მათ უარი თქვეს დავის განხილვაში შემდგომ მონაწილეობაზე. ნაწილი მოსარჩელეებისა უკვე დასაქმებულია კომპანიაში, ხოლო დარჩენილი ნაწილის დასაქმება იგეგმება უახლოეს მომავალში. პროფკავშირის მორიგი დეზინფორმაციული განცხადებიდან გამომდინარე გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროფკავშირი იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ დავის პირველ ინსტანციაში დასრულებამდე მოსარჩელეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და მხარეებმა პროფკავშირის დახმარების გარეშე გამონახეს საერთო ენა და მიაღწიეს შეთანხმებებს ურთიერთმისაღებ პირობებზე“, - ნათქვამია კომპანია „არემჯის“ განცხადებაში.
კომენტარები