მსოფლიო
საგანგაშო ვითარება ყაზბეგში - კლიმატის დათბობის გამო საქართველოში მყინვარი დნება
2015-08-20 23:43:54
სპეციალისტები მტკნარი წყლის კლებას და დიდი მდინარეების გამეჩხერებას პროგნოზირებენ. ჭაუხის მყინვარი, რომელიც ყაზბეგსა და ხევსურეთს შორის არის მოქცეული, დღეს თითქმის აღარ არსებობს. ყაზბეგის მხარეს იგი ქვიანი ყინულით ხასიათდება, ხევსურეთის მხრიდან კი მთლიანი ყინულით იყო დაფარული. თუმცა დღეს არსებული მდგომარეობით ჭაუხზე ყინულის მასა თითქმის აღარ არის.
ქართველი სპეციალისტები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი მყინვარწვერი დადნა მთლიანად ან ნაწილობრივ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი, გლაციოლოგ-გეომორფოლოგი ლევან ტიელიძე აცხადებს, რომ საქართველოში 600-ზე მეტი მყინვარია, თუმცა მყინვარების გაქრობის მხრივ ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა სწორედ ყაზბეგის რაიონშია.
“რამდენიმე ათეული წლის წინ ყაზბეგის მხარე მთლიანად ყინულით იყო დაფარული. დღეს კი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს მისი დნობის პროცესი. მესტიისა და ცენტრალური კავკასიის მყინვარებთან შედარებით, საქართველოს ამ ტერიტორიაზე ყინული განსაკუთრებული სისწრაფით დნება. ჭაუხის მყინვარი ერთადერთია, რომელიც მდებარეობს არაგვის აუზში. შარშან თებერვლის თვეში ჩატარებული ექსპედიიციის დროს ჭაუხზე თითქმის აღარ იყო თოვლი. იგი, როგორც მყინვარი, ფაქტობრივად აღარ არსებობს, რაც კლიმატის ცვლილებასთან პირდაპირ კავშირშია. ჭაუხის მყინვარი, რომელიც ყაზბეგსა და ხევსურეთს შორის არის მოქცეული, დღეს თითქმის აღარ არსებობს. ყაზბეგის მხარეს იგი ქვიანი ყინულით ხასიათდება, ხევსურეთის მხრიდან კი მთლიანი ყინულით იყო დაფარული. თუმცა დღეს არსებული მდგომარეობით, ჭაუხზე ყინულის მასა თითქმის აღარ არსებობს. ენგურის, მესტიის ან კოდორის მყინვარებთან შედარებით, ყაზბეგის რაიონში შეინიშნება დიდი რაოდენობით ყინულის მასის დნობა, რაც დაკავშირებულია ამ რაიონში ტემპერატურის მატებასთან. 1960-იანი წლებიდან 2000 წლებამდე ჰაერის ტემპერატურის მატება შეინიშნება. სწორედ ამ რეგიონში ტემპერატურა დაახლოებით 0.2 გრადუსითა მომატებული, მაშინ, როცა მესტიის რაიონში 0.1 გრადუსით. საქართველოში 600-ზე მეტი მყინვარია, რაც საკმაოდ ბევრია ისეთი მცირე ტერიტორიისთვის, როგორიც საქართველოა. თუმცა ყინულის დნობა მაინც გამოიწვევს გარკვეულ ზიანს, რადგან ყინული არის წყლის მარაგი. ამ მასის გაქრობა კი დიდ ზიანს მიაყენებს საქართველოს მტკნარ წყალს, რადგან დიდი მდინარეების უმეტესობა სწორედ ყინულებიდან გამოედინება. ასეთებია ენგური, ხობი, რიონი, თერგი, ლიახვი და სხვა”, – ამბობს ლევან ტიელიძე.
საქართველოში და ზოგადად მყინვარების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა არასამთავრობო ორგანიზიაცია სუტტ-ის წარმომადგენელმა რეზო გეთიაშვილმა.
“მყინვარების დნობა მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. ალპებში ყოველწლიურად ყინულის 40% დნება. საქართველოში კი ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია: 15-20%. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ალპებთან შედარებით, კავკასია ნაკლები ყინულით არის დაფარული და 20% არ არის ცოტა.
“ალპების რელიეფი უფრო დაბალია და მისი ძირითადი მასა ყინულისგან შედგება, რის გამოც უფრო მეტად ხდება ყინულის დნობა. კავკასიის შემთხვევაში კი რელიეფი გაცილებით მაღალია, ნაკლებად მიმდინარეობს ყინულის დნობის პროცესი”, – ამბობს გეთიაშვილი
მისივე თქმით, მსოფლიოს მყინვარების 98%-ზე მიმდინარეობს დნობა. ეს კი, რასაკვირველია, უარყოფითად აისახება მთელს მსოფლიოზე. როგორც გეთიაშვილი აცხადებს, იმის თქმა, როდემდე გაგრძელდება დნობა, შეუძლებელია, თუმცა, თუ ეს პროცესი არ შეჩერდება, ზღვის დონე საკმაოდ მაღლა აიწევს, რაც ზღვისპირა ქალაქების დატბორვას გამოიწვევს.
“ყინულის დნობა შეინიშნება მთელ მსოფლიოში, მათ შორის კავკასიაშიც. თუ ასე გაგრძელდა ტემპერატურის მატება და ყინულის დნობა, დროთა განმავლობაში შესაძლებელია კავკასიონში მრავალი მყინვარი გაქრეს, ეს კი, თავის მხრივ, სხვა ბუნებრივ კატაკლიზმებს გამოიწვევს.
მყინვარების დნობასთან არის კავშირში წყლის პრობლემაც, რადგან ჩვენი მყინვარების უმეტესობა უზრუნველყოფს მდინარების სიმრავლეს. ამან შესაძლოა მდინარეთა კლება გამოიწვიოს, მაგრამ როგორც მკვლევარები აცხადებენ, ეს არ მიაღწევს კატასტროფულ შედეგს. მტკნარი წყლის კლება შეიძლება 10-დან 20%-მდე იყოს.
მყინვარებზე ყინული დნობა მუდმივად მიმდინარეობს, ერთი მხრივ ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ შევაჩეროთ ეს პროცესები მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს მსგავსი გამოცდილება. აუცილებელია ამ საკითზე აქტიური მუშაობის დაწყება და მაქსიმალური მცდელობა იმისა, რომ შევინარჩუნოთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მყინვარები.
თუმცა, ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მყინვარების გაქრობაზე გავლენას კლიმატი ახდენს და ამ პროცესის შეჩერება ასე მარტივად ვერ მოხერხდება. მეორე მხრივ, უნდა მოვახდინოთ ადაპტაცია და მოვერგოთ გარემოს ისეთს, როგორიც ის იქნება. ამისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია საზოგადოება იყოს ინფორმირებული, რათა მათ შეძლონ და სწორად გამოიყენონ შეცვლილი გარემო – პირობები,” – აცხადებს რეზო გეთიაშვილი. სპეციალისტთა თქმით, გლობალური დათბობის შედეგად დედამიწაზე ტემპერატურა ნელ-ნელა მუდმივად იმატებს, რამაც შესაძლოა კატასტროფულ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. მათივე ანგარიშით 22-ე საუკუნისთვის დედამიწის ატმოსფეროს საშუალო წლიური ტემპერატურა 1.1-დან 6.4-მდე გრადუსამდე გაიზრდება. წყარო: “რეზონანსი“
კომენტარები