2 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

პირველადი რგოლის გასაძლიერებლად აქცენტი ექიმების კვალიფიკაციაზე უნდა გაკეთდეს

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში, თინა ქიტუაშვილი საუბრობს. „მახსოვს, როდესაც ჯანდაცვის სისტემამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაიწყო, რიგები არ წყდებოდა პოლიკლინიკებში. იყო ადამიანების კატეგორია, რომელიც გადახდისუნარიანი გახლდათ და რიგში დგომას, თანხის გადახდა და ურიგოდ, უცებ ანალიზის აღება ერჩია. თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი, იმის გამო, რომ 20 ლარიც კი არ გააჩნდათ, საათობით იდგნენ სისხლის საერთო ანალიზის გასაკეთებლად. რაც შეეხება რიგებს, შედარებით დარეგულირდა უკვე ეს საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლინიკა არის სპეციალიზებული და ემსახურება მხოლოდ დერმატო–ვენეროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს, ხოლო ეს დარგი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არ შედის, მაინც ვთავაზობთ ხოლმე პაციენტებს, რომ პროგრამის ფარგლებში რა ანალიზებიც იფარება, გაიკეთონ სხვაგან და არა მაინცდამაინც ჩვენს კლინიკაში“, – ამბობს ქიტუაშვილი. მისი აზრით, ახალი, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა იქნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. პირველადი რგოლის, ანუ ამბულატორიული, სოფლისა და ოჯახის ექიმების გადამზადება და იმ დონეზე მიყვანა, როგორიც არის სტაციონარული ექიმის გამოცდილება, ძალიან მასობრივი და მასშტაბური ღონიძიებაა, რომელსაც, ჩემი აზრით, ერთი და ორი წელი არ ეყოფა. ვინაიდან სტაციონარული და ამბულატორიული მუშაობის სპეციფიკა აბსოლუტურად სხვადასხვაა. ამბულატორიული ექიმი სტაციონარში მომუშავე ექიმს გამოცდილებით ძნელად თუ მიუახლოვდება, თუმცა თუ შეეძლება უფრო კვალიფიციური დახმარების გაწევა, რათა პაციენტი არ მივიდეს იმ დონემდე, რომ სტაციონარში დასაწვენი გახდეს, ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დაავადებათა პრევენციაზე ზრუნვა აუცილებელია, ამიტომ პირველად რგოლში აქცენტი უნდა გაკეთდეს კვალიფიკაციაზე. ჯანდაცვაზე მიმართული თანხები რომ ყოველთვის სახელმწიფო ბიუჯეტს აწვება, ეს არც საქართველოშია უცხო ამბავი და არც სხვა ქვეყნებში. მით უმეტეს, რომ ჩვენი მოსახლეობა ღარიბია, ჯანდაცვამ სწორედაც რომ უნდა გაიღოს თანხების მაქსიმუმი, რათა სოციალურად ორიენტირებული იყოს“, – მიაჩნია თინა ქიტუაშვილს. ქიტუაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ რამდენადაც დღესდღეობით მედიკამენტებზე ფასებს განაგებს ბაზარი, რა წამალზეც მეტი მოთხოვნაა, შესაბამისად იზრდება მასზე ფასიც. მით უმეტეს, რომ წამლების უმეტესი ნაწილი ჩვენთან იმპორტირებულია, დოლარის კურსი კი ხან იმატებს და ხან – იკლებს. „ვფიქრობ, მედიკამენტებზე ფასების შემცირება სახელმწიფოს ვალდებულება იმდენად არ უნდა იყოს, რამდენადაც სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები – მაგალითად სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდა. პირადად მე, როგორც ექიმმა, როდესაც ვიცი რამდენად მსყიდველუნარიანია პაციენტი, ამის მიხედვით ვუნიშნავ კონკრეტული ღირებულების პრეპარატს. თუმცა, ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ პაციენტს არ აქვს ძვირადღირებული პრეპარატის შეძენის უფლება“ - ამბობს თინა ქიტუაშვილი. ახლახანს გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა სერგეენკომ განაცხადა, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გეგმის შემუშავება ოქტომბრისთვის დასრულდება. რეფორმა ჯანდაცვის საყოველთაო და C ჰეპატიტის პროგრამების პარალელურად წარიმართება და მის განხორციელდებაში ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტირებას, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები