სოც. მედია
მზადება დაიწყო - დღეს პირველად ბათუმში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ბლიკ 2015“ სტარტს აიღებს
2015-08-20 14:12:40
ბათუმი ელექტრონული მუსიკის დღეებს უმასპინძლებს. დღეს, 20 აგვისტოს, რამდენიმე საათში პირველად ბათუმში, ტენისის კორტებზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ბლიკ 2015“ სტარტს აიღებს, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება დაბათუმში 23 აგვისტოს დასრულდება.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი უცხოელ და ქართველ შემსრულებლებს აერთიანებს. ამავდროულად, „სითი საუნდი“ უცხოელ და ქართველ არტისტებს მოუყრის თავს. აღნიშნული ფესტივალის ამოცანაა იმ ტიპის „საუნდის“ პოპულარიზაცია, რაც დღეს პოპულარულია ევროპაში, კერძოდ ბერლინში. მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი ქართველ დიჯეებზე გაკეთდება.
ფესტივალში 20 ქართველი და 25 უცხოელი არტისტი მონაწილეობს. სითი საუნდის დღეები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და სამი სხვადასხვა ფორმატის ელექტრონულ მუსიკას გააერთიანებს. სამი დღის განმავლობაში სცენის დიზაინები სამჯერ განახლდება. პირველ დღეს - განათება, მეორე დღეს დაემატება ვიზუალ არტი და მესამე დღეს კი ამ ყველაფერს ე.წ. მეფინგი გააერთიანებს. სცენის დიზაინზე, ვიზუალზე და მეფინგზე მსოფლიოს არტისტებთან ერთად ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიზანია ქართველი და ევროპელი დიჯეების დაახლოება, , მუსიკის გაცნობა, კონტაქტების გაცვლა და ქართული ელექტრონული მუსიკის ევროპაში პოპულარიზაცია.
ბათუმის ჩოგბურთის კორტები ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ფარგლებში 20-22 აგვისტოს 20:00 საათზე City Sound-ს უმასპინძლებს, ხოლოდ 20-23 აგვისტოს, 13:00 – 19:00 საათზე საფესტივალო კლუბი Take Five გიორგი შენგელიას, DJ ერიქსონს, DJ კობერტს, Vincent Volt, Hvl და ლაშა გურულს რეპერტუარს დაეთმობა. 21 და 23 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრსა და პიაცაზე მუსიკალური საღამო „მუსიკა საზღვრებს გარეშე“ გაიმართება. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 23 აგვისტოს, საფესტივალო კლუბში გიორგი შენგელიას რეპერტუარით დასრულდება.
კომენტარები