0 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

აგვისტოს თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

აგვისტოში იუპიტერი ვერძისადმი მეგობრულად იქნება განწყობილი, რაც ამ უკანასკნელს ცხოვრების ყველა სფეროში პოზიტივს მოუტანს. ცვლილებები სწორედ ახლა იწყება. აგვისტო პროფესიული ცხოვრებისთვის პასიური პერიოდია, ხალხის უმეტესობა შვებულებაშია, ბიზნესში კი „მკვდარი სეზონია“. მიუხედავად ამისა, ვერძი, რომელსაც მუშაობის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, სასარგებლო საქმის კეთებას აგვისტოშიც მოახერხებს. მაგალითად, გაიჩენს პერსპექტიულ ნაცნობებს, დაამყარებს საჭირო კავშირებს, მოსინჯავს ნიადაგს სამომავლო გეგმების განსახორციელებლად და რაც ყველაზე სასიამოვნოა, ამ ყველაფერს არა უშუალოდ სამსახურში, არამედ ან შვებულებაში ყოფნისას, ან მეგობრულ საღამოებზე გააკეთებს. ახლა შეგიძლიათ დაასრულოთ ბიზნესის რეორგანიზაცია და უფრო შესაფერისი შენობა იპოვოთ ოფისისთვის. თვის ბოლო დეკადა საშემოდგომო სამუშაოებისთვის მოსამზადებელი პერიოდია, როცა ყველას დაუმტკიცებთ, რა შეგიძლიათ. აგვისტო განსაკუთრებულ წარმატებას ხელოვნების სფეროს მოღვაწეებს – მხატვრებს, მწერლებს, მუსიკოსებსა და მსახიობებს პირდება. მათ ნაწარმოებისთვის გენიალური იდეები გაუჩნდებათ და პოპულარობაც გარანტირებული იქნება. ფინანსურ ასპარეზზე კი სრული გაუგებრობაა. ვერძს პირადი საჭიროებებისთვის ბევრი ხარჯის გაწევა მოუხდება, შემოსავლები კი არ ჰყოფნის.

პირად ცხოვრებაში ბევრი, სხვადასხვა ჟანრის ცვლილებები გელით. რომანტიული და თითქოსდა მყარი ურთიერთობა მოულოდნელად შეიძლება აირიოს, თუმცა ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახალი და საინტერესო ნაცნობობის წამოწყება არ გაუჭირდებათ. როგორ უნდა მოიქცეთ? შესაძლოა, არსებული ურთიერთობის სიმყარის გამოცდა სამომავლოდ წაგადგეთ კიდეც, ან პირიქით. ნებისმიერ შემთხვევაში, აქ გადაწყვეტილებას პირადად თქვენ იღებთ. თქვენს ოჯახში მოსალოდნელია მატება, შესაძლოა ბავშვი თქვენს შვილს შეეძინოს. დაოჯახებული ვერძი დროის დიდ ნაწილს შვილებთან გაატარებს და მათ პრობლემებზე იზრუნებს. ამ ყველაფერს საკმაო თანხებიც შეიძლება დაჭირდეს. აგვისტო კარგი თვეა სახლის მოსაწყობად, დაუსრულებელი რემონტის დასამთავრებლად და მსხვილი შენაძენების გასაკეთებლად. ამ თვეში ვერძი სავსეა ენერგიით, ძალიან მომხიბლავი და მხიარულია. ამიტომაც, თუ კიდევ მარტო ხართ, გამოიყენეთ ეს შანსი. დაესწარით სხვადასხვა ხალხმრავალ ღონისძიებებს და იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე, ვინ იცის, ბედი რას გიმზადებთ.

კურო

ამ თვეში პირად ცხოვრებაზე უნდა ფოკუსირდეთ, რადგან აგვისტოში ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა სწორედ ამ ასპარეზზეა მოსალოდნელი. კუროს პროფესიულ ცხოვრებაში სრული სიმშვიდე სუფევს, რაც სრულიად ნორმალურია, რადგან აგვისტო ბიზნესისთვის ზოგადად ნეიტრალური თვეა. კარგი დროა ახალი ოფისის ან საწარმოო შენობის მოსაძებნად. ყოველ შემთხვევაში, თუ კონტრაქტს ახლა ვერ გააფორმებთ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები მაინც გექნებათ გადადგმული. ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობა ვერ ლაგდება, უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში მწვავე გაუარესებაც შეინიშნება და ასე იქნება აგვისტოს ბოლომდე, როცა კონფლიქტი პიკს მიაღწევს. ამავე დროს, საერთაშორისო კონტაქტები წარმატებულად მიდის, მოსალოდნელია საკმაოდ პერსპექტიული მივლინებაც. კუროს მატერიალური მდგომარეობა არ იცვლება. აგვისტოში მეგობრების ან ოჯახის უფროსი წევრების დახმარების იმედი შეიძლება გქონდეთ. გარდა ამისა, მოგება უძრავი ქონების გაყიდვიდანაც დაგრჩებათ.

კუროს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები პირად ასპარეზზე მოხდება. კარგი დროა ამ სფეროში წესრიგის დასამყარებლად, მით უფრო, რომ მეუღლეებს შორის კონფლიქტები სულ უფრო და უფრო ხშირდება. ეს განსაკუთრებით თვის მეორე ნახევარს ეხება. ასეც რომ არ მოხდეს, ჰაერი დაძაბულობისგან მაინც დამუხტული იქნება. სიტუაციის ნორმალიზებისთვის აგვისტოში კურომ დიპლომატიის მაქსიმუმი უნდა გამოავლინოს. გადაიტანეთ ეს თვე როგორმე და სექტემბერში ყველაფერი უწინდელ კალაპოტში ჩადგება. ეს რეკომენდაცია ეხება როგორც დაოჯახებულ კუროებს, ისე მათ, ვინც ურთიერთობაში ჯერჯერობით პირველ ნაბიჯებს დგამს. განშორებული შეყვარებულები აგვისტოში შესაძლოა შერიგდნენ. ამ თვეში ბევრ კუროს გაუჩნდება საცხოვრებელი სახლისა თუ ადგილის შეცვლის სურვილი. მართალია, ამ სურვილის სისრულეში მოყვანა შეიძლება 2014 წელსაც კი ვერ მოახერხოთ, მაგრამ მიზნისკენ პირველ ნაბიჯებს მაინც გადადგამთ. კურო აგვისტოში ძალების დეფიციტს იგრძნობს, მისი ენერგეტიკული პოტენციალი დაბალი იქნება, ამიტომ სასურველია მეტი დაისვენოთ, სუფთა ჰაერზე ისეირნოთ და თუ შვებულების აღებას ვერ ახერხებთ, შაბათ-კვირას მაინც გახვიდეთ ბუნებაში. რეკომენდებულია წონაზე გულდასმით ზრუნვაც.

ტყუპები

აგვისტო შესანიშნავი თვეა, როდესაც ტყუპებს სანუკვარი მიზნისკენ სწრაფვაში ხელს ვერაფერი შეუშლით. ამ თვეში ტყუპები ძირითადად საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობითა და ინფორმაციის შეკრებით იქნებიან დაკავებულნი. საბოლოოდ, შეიძლება დაასკვნან, რომ საკუთარი კომპანიის ფილიალის სხვა ქვეყანაში ან თუნდაც სხვა ქალაქში გახსნა გამართლებული ნაბიჯი იქნება. ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი პრობლემები მოჰყვება. საჭიროა სერიოზული მომზადება, ასევე კვალიფიციური კადრების პოვნა. ბიზნესმენებმა სერიოზულად უნდა გადახედონ თავიანთ თანამშრომლებს, იქნებ სტაფს გადახალისება სჭირდება?! დიდი ცვლილებების დრო დგება და თქვენ შესაბამისი დასაყრდენი გესაჭიროებათ. გამორიცხული არ არის, ტყუპებმა, ვინც რიგით პოზიციაზე მუშაობს, საზღვარგარეთ უკეთესი სამსახური მონახონ. ამ თვეში ტყუპებმა შეიძლება გააბან პერსპექტიული ნაცნობობა, რაც სამომავლოდ წარმატებულ ბიზნესპარტნიორობაში გადაიზრდება. ეს თქვენი ბიზნესისთვის ბიძგის როლს შეასრულებს და ახალ დონეზე გადაგიყვანთ. ტყუპების ფინანსური მდგომარეობაც სტაბილური იქნება. დანაკარგები არ გელით, თუმცა არც მსხვილი შემოსავლების იმედი უნდა გქონდეთ.

სიახლეები ტყუპებს პირად ცხოვრებაშიც ელით.  შეიძლება ისეც მოხდეს, რომ რომანტიკულ ურთიერთობაში მყოფმა ტყუპებმა აგვისტოში გაიცნონ ადამიანი, რომლითაც მეტისმეტად დაინტერესდებიან. არ არის აუცილებელი, არსებული ურთიერთობის გაწყვეტაზე იფიქროთ, თუმცა ამ თვეში ტყუპები ალბათ მიხვდებიან, რომ ცხოვრება ერთი ადამიანით არც იწყება და არც მთავრდება. დაოჯახებულმა ტყუპებმა ახალ საცხოვრებელ ადგილას გადაბარგებაზე ზრუნვა შეიძლება დაიწყონ, ამისთვის ყველაფერი უწყობთ ხელს. აგვისტოში დათბება ურთიერთობები ახლო ნათესავებთანაც. შესაძლოა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მცხოვრები ნათესავები გესტუმრონ. ზაფხულის მიწურულს ტყუპები იოლად მოახერხებენ გარშემომყოფთა თავიანთ მხარეს გადმობირებას. ამ თვეში ისინი ენერგიით აღსავსენი არიან, თუმცა ავარიაში მოხვედრის ან სერიოზული ტრავმის მიღების ალბათობა მაღალია, შესაბამისად, სიფრთხილე გმართებთ განსაკუთრებით 3, 4, 10, 16, 17, 24 და 31 აგვისტოს.

კირჩხიბი

აგვისტოში კირჩხიბს ვარსკვლავები ახალი საქმეების წამოწყებას და მომავალი გარღვევისთვის საფუძვლის ჩაყრას ურჩევენ. მთავარია, არაფრის შეგეშინდეთ და თამამად მოკიდოთ ხელი ყველაზე რთულ საქმეებსაც კი – თქვენი ძალისხმევა შესაბამის ჯილდოს დაიმსახურებს. აგვისტო კირჩხიბისთვის ტრიუმფის თვეა. ეს გამარჯვება კირჩხიბს სრულიად დამსახურებულად ერგო, რადგან იგი მრავალი თვის განმავლობაში მუხლჩაუხრელად მუშაობდა. ამიტომ თუ ზოგი თქვენ გამარჯვებას იღბალს დააბრალებს, სხვებს აუცილებლად ეცოდინებათ, რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ. მართალია, კირჩხიბი პერიოდულად კარგავდა იმედს და ფიქრობდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა, ცხოვრებამ მისი ძალისხმევა სათანადოდ დააფასა. მას უკვე შეუძლია საკუთარი შრომის შედეგით იამაყოს. ბიზნესმენმა კირჩხიბმა შეიძლება ძალიან საინტერესო წინადადება მიიღოს ახალი თანამშრომლობის მიმართულებით, რასაც თქვენი ბიზნესის ახალ დონეზე ასვლა მოჰყვება. საშუალო საფეხურზე მომუშავე კირჩხიბი კი კარიერულ კიბეზე დაწინაურდება ან ახალი, ფინანსურად მომგებიანი სამსახურის შემოთავაზებას მიიღებს. საგრძნობი ფინანსური გაუმჯობესება შეინიშნება მის ფინანსურ მდგომარეობაშიც. და არა მხოლოდ უბრალო გაუმჯობესება, არამედ ამ სასიამოვნო პროცესის სრულიად ახალი ეტაპი, რომელიც კირჩხიბის ცხოვრებაში აგვისტოში დაიწყება. ამ პერიოდში ფულს ძირითადად პირად საქმეებზე დახარჯავთ: შვებულება, გართობა, ბავშვები, დასვენება.

აგვისტოში კირჩხიბს დროის უდიდესი ნაწილის დათმობა მუშაობისთვის მოუწევს, ამიტომ პირად ცხოვრებაში გარკვეული პრობლემები შეიძლება შეექმნას. მაგალითად, კირჩხიბის პარტნიორი უკმაყოფილო იქნება, რომ მას საკმარის დროს არ უთმობენ და ეს ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევს. როგორც უნდა დაიძაბოს სიტუაცია, კირჩხიბმა აგვისტოში რადიკალური გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, რადგან სექტემბერი მას სიტუაციას სულ სხვა ჭრილში დაანახებს. რასაკვირველია, თუ თქვენ და თქვენს პარტნიორს ძალიან განსხვავებული ცხოვრებისეული ფასეულობები გაქვთ, შეიძლება დაფიქრდეთ კიდეც, საერთოდ ღირს თუ არა ამ ურთიერთობის გაგრძელება. დაოჯახებულ კირჩხიბებს სირთულეები ექნებათ ბავშვებთან დაკავშირებით, რადგან მათი ქცევა იდეალურისგან საკმაოდ შორს იქნება. შესაძლოა, მათი პრობლემების მოგვარება საკმაოდ დიდი თანხა დაგიჯდეთ. აგვისტოში კირჩხიბს აუცილებლად ჭირდება ცხოვრების ჯანსაღი სტილი და ცოტა მეტი ძილი, ვიდრე აქამდე ახერხებდა. საწინააღმდეგო შემთხვევაში შემოდგომის დაძაბულ პერიოდს დაღლილი და ძალაგამოცლილი შეხვდებით.

ლომი

წარმატების პლანეტა იუპიტერი ლომის ნიშანშია და აქ კიდევ დიდხანს დარჩება. წარმატება დიდი ძალისხმევის გარეშე გივარდებათ ხელში. ბოლოს და ბოლოს, ლომის პროფესიულ ცხოვრებაში დამკვიდრდება ის წესრიგი, რაც ლომს საკუთარი თავის რწმენას გაუმყარებს. თუ ცვლილებები მოხდება, ეს მხოლოდ პოზიტივს მოგიტანთ. შეიქმნა თქვენთვის მეტად ხელსაყრელი გარემოებები, ამიტომ ინიციატივის გამოჩენაც კი არ დაგჭირდებათ, უბრალოდ დინებას მიჰყევით. რასაკვირველია, უნდა იფიქროთ სამომავლო გეგმებზე. ლომი, რომელსაც საკუთარი ბიზნესი აქვს, მიიღებს საინტერესო წინადადებას თანამშრომლობის შესახებ ან ხელს მოაწერს მომგებიან და პერსპექტიულ კონტრაქტს, შესაძლოა საზღვარგარეთელ კონტრაგენტებთან. რიგით თანამდებობაზე მომუშავე ლომისთვის კი არარეალიზებულობის პერიოდი დასრულდება და იგი ახალ, პერსპექტიულ სამსახურს დაიწყებს. უფრო მეტიც, მას რამდენიმე ვარიანტს შორის ექნება არჩევანი გასაკეთებელი. ფინანსური მდგომარეობა კი აგვისტოში პროფესიული სფეროს განვითარების ადეკვატური არ იქნება. მატერიალური სტაბილურობის დადგომა უფრო თვის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი. ლომი 25 აგვისტოს შემდეგ მოულოდნელ და საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს მიიღებს.

პირად ცხოვრებას კი აგვისტოში მშვიდსა და გაწონასწორებულს ვერაფრით დავარქმევთ. ლომის ნიშნის მარტოხელა წარმომადგენელს ექნება რომანტიკული შეხვედრები, რაც შეიძლება მყარი და ბედნიერი ქორწინებით გაგრძელდეს. თუმცა შესაძლოა, ამ პერიოდში თქვენ ორ: ძველ და ახალ ურთიერთობას შორის იმერყეოთ. დაოჯახებული ლომი წამოიწყებს რემონტს, გადაადგილებას, მთლიანობაში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის იზრუნებს, რაც თავიდან ერთგვარ დისკომფორტსა და პრობლემებს მოგიტანთ, თუმცა შედეგი ამად ღირს. ამ და სხვა მიზეზების გამო თქვენს მეორე ნახევართან შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ და ურთიერთობა დაიძაბოს. ამ თვეში ლომს ძალიან დიდი სასიცოცხლო ენერგია აქვს. ამ ნიშნის ის წარმომადგენლებიც კი, ვისაც სერიოზული დაავადება აქვს, ან სრულიად გამოჯანმრთელდებიან ან თავს საკმაოდ უკეთესად იგრძნობენ.

ქალწული

აქტიური საქმიანობის გასაჩაღებლად მაინცდამაინც შესაფერისი დრო არ არის. აგვისტო ქალწულმა ოჯახურ საქმეებს, ბავშვებსა და დასვენებას უნდა დაუთმოს. სამსახურში სრული სიმშვიდე იქნება. თუ ქალწულს რაიმეს მიღწევა უნდა, აჯობებს საქმეში საიმედო პარტნიორები ან დაქვემდებარებული თანამშრომლები დაიხმაროს. თავად კი საორგანიზაციო საკითხებით, კერძოდ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეებით უნდა დაკავდეთ. ასე იქნება მთელი თვის განმავლობაში და მხოლოდ აგვისტოს ბოლო დეკადაში შეძლებს ქალწული საქმიანი აქტიურობის განახლებას და ასე გაგრძელდება ზამთრის დადგომამდე. საერთაშორისო კავშირებიც მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში არ იქნება მთელი აგვისტოს განმავლობაში, ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში თუ ამ თვეში არაფერი გამოიგივათ, საკმაოდ წარმატებული სექტემბერი წინაა. სიტუაცია თვის ბოლომდე შენარჩუნდება. ქალწულის მატერიალური მდგომარეობა სტაბილური იქნება. აქ სიურპრიზები არ არის მოსალოდნელი, არც შემოსავლების და რაც მთავარია, არც ხარჯების ნაწილში.

ამ თვის ძირითადი მოვლენები ქალწულის ცხოვრებაში სწორედ პირადი ურთიერთობების „ფრონტზე“ განვითარდება. შეყვარებულებს შორის ოდნავ დაძაბული ურთიერთობის მიზეზი წარსულის შეცდომებში უნდა ეძებოთ. თუ აგვისტოში თქვენს მეორე ნახევარს დაშორდით, უკან დასახევ გზას ტყუილად ნუღარ დაუწყებთ ძებნას. დაოჯახებული ქალწული სახლის კეთილმოწყობის პრობლემებში იქნება ჩაფლული, შესაძლოა ეს ახალი ბინის შეძენას ან სერიოზულ რემონტს ეხებოდეს. ნათესავებს შორისაც გარკვეული სირთულეები გაჩნდება, შესაძლოა ერთ მხარეს დაუსაბუთებელი პრეტენზიები ჰქონდეს, რასაც კონფლიქტი მოჰყვება. თუმცა მთლიანობაში ოჯახში მაინც მშვიდი სიტუაცია იქნება და მეუღლეები ყველა სადავო საკითხზე კონსესუსამდე მივლენ. რადგანაც ამ თვეში პროფესიულ ასპარეზზე სიმშვიდეა, შვებულების აღებისა და დასვენებისთვის უნდა გამონახოთ დრო. აგვისტოში განსაკუთრებით მაღალია ტრავმის მიღების ან ავარიაში მოხვედრის ალბათობა, ამიტომ გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება გზაში და საჭესთან ყოფნისას.

სასწორი

სასწორისთვის ძალიან ხელსაყრელი პერიოდი დგება. მას წარმატება ელოდება როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად და შანსი ხელიდან არ გაუშვათ. სასწორის პროფესიული საქმიანობა აღმავლობის ეტაპზეა. მათ მხრებზე გადაივლის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების სიმძიმე. გარდა ამისა, სწორედ ახლა შეძლებს სასწორი გარშემომყოფთა სიმპატიისა და მხარდაჭერის მოპოვებას თავისი მჭევრმეტყველებისა და მომხიბლავობის დამსახურებით. ეს ეხება ზემდგომ პირებსაც, რომლებიც აგვისტოში თქვენს მხარეს იქნებიან და ეს შანსი უნდა გამოიყენოთ. თქვენი ურთიერთობის ნიჭის წყალობით აგვისტოში სანაცნობო წრეს გააფართოვებთ და აქ იქნებიან საკმაოდ სერიოზული და გავლენიანი ადამიანები, რომელთაც თქვენთვის დახმარების გაწევა შეეძლებათ და ენდომებათ კიდეც. საკუთარი ბიზნესის მქონე სასწორი ახალ საქმიან პარტნიორს იპოვის და სავარაუდოდ, ეს დასასვენებლად ყოფნისას მოხდება. სასწორი თვის პირველ ნახევარშივე მიიღებს საკმაოდ სერიოზულ შემოსავალს, ასე რომ, ამ კუთხით თვის ბოლომდე საზრუნავი აღარ ექნება.

სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი სასწორის პირად ცხოვრებაშიც. მარტოხელა სასწორი ახალ, საინტერესო ადამიანს გაიცნობს და შესაძლოა მასთან საკმაოდ სერიოზულ ურთიერთობასაც ჩაეყაროს საფუძველი. ნაჩხუბარი ცოლ-ქმარი შერიგდება ან საბოლოოდ დაშორების გადაწყვეტილებას მიიღებენ – ორივე ვარიანტი მათ ცხოვრებას საგრძნობლად შეამსუბუქებს. სასწორი, რომელსაც ბედნიერი ქორწინება აქვს, აგვისტოში თავის საყვარელ ადამიანთან და სავარაუდოდ, შვილებთან ერთად დასასვენებლად გაემგზავრება. ერთადერთი საფრთხე, რაც სასწორს აგვისტოში ელოდება, ოჯახს გარეთ საიდუმლო ურთიერთობის დაწყებაა. ამ ამბის გამჟღავნებას სერიოზული კონფლიქტი შეიძლება მოჰყვეს და თქვენს მშვიდ, ბედნიერ ცხოვრებაზე ძალიან ნეგატიური გავლენა იქონიოს. იქნებ, არ ღირდეს?! აგვისტოში სასწორი ძალითა და სასიცოცხლო ენერგიით აღსავსეა და არანაირი დაავადება არ აშინებს.

მორიელი

აგვისტოს თვეში მორიელი საკუთარ შესაძლებლობებში ახალ და მეტად სასიამოვნო აღმოჩენებს გააკეთებს. რაც მთავარია, ამას გარშემომყოფები შენიშნავენ და არა მხოლოდ – სათანადოდაც შეაფასებენ. მორიელს პროფესიულ ასპარეზზე მნიშვნელოვანი ძვრები ელის. თქვენთვის მეტად ხელსაყრელი დრო დგება და ამ შანსის ხელიდან გაშვება არაფრით შეიძლება. საკუთარი ბიზნესის მფლობელი მორიელი აგვისტოში ძალიან მომგებიან კონტრაქტებს მოაწერს ხელს. შესაძლოა ბიზნესი გააფართოვოთ და ახალ მიმართულებებზეც გახვიდეთ. რიგით პოზიციაზე მომუშავე მორიელს კი კარიერულ კიბეზე აღმასვლა ელის. ეს შეიძლება იყოს ახალი, საინტერესო სამსახური ან არსებულ სამუშაო ადგილას დაწინაურება. თუ ყოყმანობთ და არ იცით, რა აირჩიოთ, აჯობებს თქვენთვის ახალ საქმეზე გააკეთოთ არჩევანი. შესაძლოა მორიელმა აგვისტო მივლინებებში გაატაროს, რაც მისთვის პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება. თუმცა უნდა იმუშაოთ აუცილებლად დროში გამოცდილ და საიმედო პარტნიორებთან. ამ თვეში საგრძნობლად გაუმჯობესდება მისი მატერიალური მდგომარეობაც, რაც საქმიან ასპარეზზე მიღწეული წარმატებების ფონზე გასაკვირი არც არის.

აგვისტოში მორიელი საქმეში ყელამდე იქნება ჩაფლული, ამიტომაც პირადი ცხოვრება უყურადღებოდ დარჩება. შეყვარებული, მეუღლე და ყველა სხვა ახლობელი ადამიანი, ვინც მის თანადგომას საჭიროებს, ასეთი უყურადღებობით ნაწყენი დარჩება და შედეგად, მორიელს კონფლიქტები ელის. ეს რომ არ მოხდეს, სჯობს, დროულად აუხსნათ თქვენს პარტნიორსა და სხვებსაც, რატომ ხართ ასე დაკავებულები. ამ თვეში მოსალოდნელია ურთიერთობის აღდგენა საზღვარგარეთ ან სხვა ქალაქში მცხოვრებ ნათესავებთან. მორიელის ჯანმრთელობას აგვისტოში არაფერი ემუქრება. მისი სასიცოცხლო ტონუსი მაღალ ნიშნულზეა, თუმცა თვის ბოლოს ცოტა მეტი დასვენება არ აწყენს, ვიდრე აქამდე ახერხებდა.

მშვილდოსანი

აგვისტოში მშვილდოსანს თამამად შეუძლია ნებისმიერ ავანტიურაზე წასვლა, ყველაზე თამამზეც კი. ამ თვეში თქვენ წინაშე ყველა კარი ღიაა, არჩევანის გაკეთებაღა დაგრჩენიათ, საით წახვიდეთ. აგვისტოს დასაწყისში მშვილდოსანი საქმეების უმეტესობის წარმატებულად დასრულებას მოახერხებს და თვის განმავლობაში ახალი შესაძლებლობებისა და პერსპექტივებისთვის იშრომებს. საკუთარი ბიზნესის მფლობელმა მშვილდოსანმა შეიძლება ძალიან მომგებიანი ხელშეკრულება გააფორმოს ახალ ბიზნეს პარტნიორებთან. რიგით თანამდებობაზე მომუშავე მშვილდოსანიც ახალი სამსახურის შემოთავაზებას მიიღებს, მაგალითად, მის ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო კომპანიაში ან სულაც საზღვარგარეთ. თუ აგვისტოში მივლინებასა და მოგზაურობებს კარგად დაგეგმავთ, ისინი წარმატებულად ჩაივლის. საწინააღმდეგო შემთხვევაში  კი უსიამოვნებები არ აგცდებათ. თუმცა თუ სრულყოფილი ინფორმაცია გექნებათ, ყველაფერი კარგად ჩაივლის. მშვილდოსნის მატერიალური მდგომარეობა იგივე ნიშნულზე დარჩება, თუმცა სტაბილური ნამდვილად იქნება. თვის ბოლოსკენ კი მისი გაუმჯობესების ტენდენცია დაფიქსირდება.

აგვისტოში მარტოხელა მშვილდოსანს ახალი, სერიოზული ურთიერთობის დაწყების რეალური შანსი გაუჩნდება. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ აგცრუებიათ სიყვარულზე გული, დროა იმოქმედოთ. ამ თვეში დაწყებული რომანი სრულიად შესაძლებელია, ხანგრძლივ, მტკიცე ურთიერთობაში გადაიზარდოს. შეყვარებული მშვილდოსანიც შეიძლება ინტერესის ახალ ობიექტს შეხვდეს და მოუხდეს დაფიქრება, იქნებ ახალ ბილიკზე გადახვევა მისი მომავლისთვის უკეთესი აღმოჩნდეს. ეს თვე მოულოდნელი შეხვედრებით სავსე იქნება, თუმცა მოვლენათა ასეთი განვითარება, სამწუხაროდ, ყოველთვის პოზიტიური შედეგების მომტანი არ იქნება. ხანდახან რომანტიული გატაცების აყოლის შედეგი ღალატი, კონფლიქტები, ეჭვიანობა და სხვა მსგავსი „სიამოვნებებია“. დაოჯახებულ მშვილდოსანს შვილები დიდ სიხარულს მოუტანენ, მათთან დაკავშირებული უსიამოვნებები უკან არის მოტოვებული. აგვისტოში მშვილდოსნის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, თუნდაც რომელიმე დაავადება შეეყაროს, ძალიან მალე განიკურნება.

თხის რქა

აგვისტოს თვეში სიტუაცია თქვენთვის სასურველ კალაპოტში არ მოექცევა, ამიტომაც თხის რქას უჯობს ზედმეტ ინიციატივაზე უარი თქვას და შექმნილ გარემოებებზე ზემოქმედებისგან თავი შეიკავოს. ამ თვეში საჭიროა უკიდურესი სიფრთხილით მოქმედება. პროფესიულ ასპარეზზე წინსვლა მოსალოდნელი არ არის. ეცადეთ საქმიანი პარტნიორების ნდობის მოპოვებაზე იმუშაოთ და ბოლოს და ბოლოს, დაგროვილი საქმეები წესრიგში მოიყვანოთ. ახლა კარგი დროა ოფისში რემონტის გაკეთების ან სულაც, ახალი ოფისის მოძებნისთვის. დაძაბული ურთიერთობა გექნებათ ზოგიერთ პარტნიორთან, კოლეგასა თუ მეგობართან, ვის წინაშეც ან ფინანსური ან რაიმე სახის ვალდებულება გაკისრიათ. თხის რქამ აგვისტოში პატარა შვებულება მაინც უნდა აიღოს. საქმიან ასპარეზზე სიმშვიდეა, ასე რომ, რატომაც არ უნდა მიხედოთ პირად საქმეებს?! მატერიალური მდგომარეობაც მაინცდამაინც ბრწყინვალე არ გექნებათ ამ თვეში, თუმცა მეგობრები ან საიმედო პარტნიორები საჭიროების შემთხვევაში მხარში დაგიდგებიან. შესაძლოა ამ თვეში უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საკმაოდ მომგებიანი გარიგება დადოთ.

აგვისტოს თვეში პროფესიულ სფეროში გამეფებული სიმშვიდე აქცენტის პირად ცხოვრებაზე გადატანაში დაგეხმარებათ. თხის რქა ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტს, რომ დროა ახალი სახლი ან აგარაკი შეიძინოს, ან სერიოზული რემონტი გააკეთოს. ამ თვეში არ ღირს თქვენს სამომავლო გეგმებზე ბევრ ხალხთან ლაპარაკი, რადგან მათ შორის ავისმსურველებიც შეიძლება აღმოჩნდნენ. ამ თვეში თხის რქას ენერგეტიკული პოტენციალის დეფიციტი აქვს, ამიტომაც ყურადღება უნდა მიაქციოს ჯანმრთელობას, განსაკუთრებით მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან ხერხემლის პრობლემები აწუხებთ.

მერწყული

წლის პირველი თვიდან დაწყებული მომქანცველი პერიოდი, რომელმაც მერწყულს უამრავი პრობლემა მოუტანა, ბოლოს და ბოლოს დასრულდა და მას შეუძლია ცოტათი მაინც მოეშვას. მერწყულის ცხოვრებაში ნათელი და პოზიტიური პერიოდი დგება. აგვისტოს თვეში იგი იპოვის ახალ საქმიან პარტნიორებს, რომელთაც მეტად საინტერესო იდეები ექნებათ. და არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ჭეშმარიტად რევოლუციური. მთავარია, ახალმა იდეებმა უკვე აწყობილი ბიზნესის ფუნქციონირებას არ შეუშალოს ხელი და ზემდგომ პირებთან/ორგანოებთან გართულებები არ შეიქმნას. აგვისტოში მერწყული საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება: იაროს უკვე გაკვალული, ასე თუ ისე მშვიდი გზით თუ ახალი, მოულოდნელობებით აღსავსე მიმართულება აირჩიოს. თუმცა სათანადო მოქნილობას თუ გამოიჩენს, ორივე მიმართულების შეთავსებასაც შეძლებს. შესაძლოა, ეს ახალი საქმე სხვა ქვეყანასთან ან ქალაქთან იყოს დაკავშირებული, რის გამოც მერწყულს საქმიან მივლინებაში გამგზავრება მოუხდება, სადაც კვლავ ახალი პერსპექტივების წინაშე აღმოჩნდება. მისი მატერიალური მდგომარეობა აგვისტოში სტაბილური იქნება. არც დიდი ხარჯები ელის და სამწუხაროდ, არც მაინცდამაინც დიდი შემოსავლები.

ხშირად ჰგონიათ, რომ მერწყულს ძლიერი ემოციების განცდა არ შეუძლია. სინამდვილეში ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ ყოველდღიურობის რუტინას გაექცნენ. აგვისტო მის ცხოვრებაში სიახლეს მოიტანს. ახალი რომანის წამოწყება ძველ, უკვე მობეზრებულ ურთიერთობას ავტომატურად დაუსვამს წერტილს. მარტოხელა მერწყული კი შეხვდება ადამიანს, რომელთანაც ხანგრძლივ ურთიერთობაზეც შეიძლება დაფიქრდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მერწყული აგვისტოში მოსაწყენად ვერ მოიცლის. ნათესავებთან ურთიერთობებშიც კი დათბობა შეინიშნება, შესაძლოა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მცხოვრები ნათესავები სტუმრად გეწვიონ. აგვისტოში მერწყული ძალითა და ენერგიით აღსავსეა, მომხიბლავობას ასხივებს და მის გარემოცვაში გულგრილი ვერავინ დარჩება.

თევზები

აგვისტოში თევზებს ბევრი მუშაობა მოუწევთ, შესაბამისად, ბევრის გაკეთებასაც მოასწრებენ. ამ თვეში თევზები საქმიანები და აქტიურები იქნებიან, ნებისმიერ საქმეს სიამოვნებით მოჰკიდებენ ხელს, ხოლო როდესაც ადამიანი მუშაობაში სიამოვნებას ნახულობს, როგორც წესი, შედეგსაც კარგს იღებს. ბიზნესმენი თევზები ძალიან საინტერესო და პერსპექტიულ წინადადებას მიიღებენ, რაც დიდ მოგებას მოუტანთ. დაბალ პოზიციაზე მომუშავე თევზებს კი ან დამატებითი, მატერიალური თვალსაზრისით საინტერესო საქმე გამოუჩნდებათ ან კარიერულ კიბეზე წინსვლის შანსი მიეცემათ. აგვისტოში რთულდება საერთაშორისო კავშირები. თევზები შეიძლება წააწყდნენ დაბრკოლებას, რაც ძველ პარტნიორებთან უთანხმოებით იქნება გამოწვეული. ამ მომენტს სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოთ, რადგან შედეგები ბევრად სერიოზული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ერთი შეხედვით გეგონათ. მეორე მხრივ, ურთიერთობა ზემდგომ პირებთან ნელ-ნელა თქვენთვის მისაღებ კალაპოტში ჯდება. თევზებს ყოველთვის შეეძლებათ მათი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. თევზების მატერიალური მდგომარეობა აგვისტოში საკმაოდ კარგია, ისინი მიიღებენ საკმაოდ მოულოდნელ და მსხვილ შემოსავალს მიიღებენ.

აგვისტოში თევზები ძირითადად პროფესიული საქმიანობით იქნებიან დაკავებული, შესაბამისად პირადი ცხოვრება მათთვის პირველ ადგილზე ნამდვილად არ იქნება. თუმცა არ არის გამორიცხული სამსახურეობრივი რომანი გააბათ ან ოფისური, მსუბუქი ფლირტი გააჩაღოთ. თევზების ოჯახური ცხოვრება რადიკალური ცვლილებების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა მეუღლის ან პარტნიორის ნათესავებთან შეიძლება სერიოზული კონფლიქტური სიტუაცია შეგექმნათ. აგვისტოში თევზს ბევრი სამუშაო ექნება, შესაბამისად მუდმივად დაღლილიც იქნება. უფრო მეტიც, შესაძლოა თქვენს ოჯახის წევრს დამატებითი მზრუნველობა დაჭირდეს და დასვენებას ვერ მოახერხებთ. ეცადეთ, ძილი მაინც არ მოიკლოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები