0 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

TV “იმედის” განცხადებით ხოფერიას და გრიგოლიას გამონათქვამები მოკლებულია საფუძველს

TV “იმედი”იმ განცხადებების გამო, რომელიც გაისმა იმედის ეთერში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განცხადებას ავრცელებს: 

ტელეკომპანია იმედს სურს დააფიქსიროს თავისი პოზიცია იმ განცხადებების გამო, რომელიც გაისმა იმედის ეთერში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
პარასკევს, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა რომ “ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კატეგორიულად მოსთხოვა გადაცემის ავტორებს არ გაეშუქებინათ “რეაქციაში” 21 მარტის აქციის თემა.

ასევე, “იმედის კვირაში” წამყვანმა ეკა ხოფერიამ გამოთქვა აზრი, რომ “ხელისუფლებისათვის მიუღებელია ობიექტური “იმედი”. ამ განცხადებებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ერევა არხის სარედაქციო პოლიტიკაში და ცდილობს ჟურნალისტებზე ზეწოლას.

ტელეკომპანია “იმედი” ცალსახად აცხადებს რომ ჟურნალისტების ეს გამონათქვამები მოკლებულია საფუძველს. არც ხელისუფლებისგან, არც “ქართული ოცნებისგან” და არც რაიმე სხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი არ ქონია “რეაქციის” თემატიკაში ან ზოგადად არხის სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე ფორმით ჩარევას. ტელეკომპანია იმედი იცავს და მომავალშიც დაიცავს საკუთარ სარედაქციო პოლიტიკასა და ჟურნალისტების საქმიანობას გარეშე ჩარევისაგან.

რეალურად, “რეაქციაში” ხელისუფლების მხრიდან შეპირებული სტუმრებიდან ეთერში მოვიდა მხოლოდ შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია. ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ, მიუხედავად წინასწარი მოლაპარაკებისა უარი განაცხადა 21 მარტის აქციის თემასთან დაკავშირებით გადაცემაში პოლემიკაზე.

რასაკვირველია არხისათვის არ არის სასურველი პოლიტიკური პარტიების მხრიდან გადაწყვეტილებების მოულოდნელი ცვლა ეთერის წინ, თუმცა ასეთი ფაქტები არ იძლევა უფლებას გაკეთდეს პოლიტიკური სახის განცხადებები, განსაკუთრებით გადაცემის თემატიკის შეზღუდვასთან ან ტელეარხის დამოუკიდებლობის ხელყოფასთან დაკავშირებით, რასაც ქონდა ადგილი ამ შემთხვევაში აღნიშნული წამყვანების მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთაღნიშნულ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ მათი განცხადებები არასწორად იქნა გაგებული, არხის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ წამყვანების განცხადებები გაკეთდა არამიზანმიმართულად და ემოციურ ფონზე. ტელეკომპანია იმედი აცნობიერებს, რომ ასეთ რეალობასთან შეუსაბამო განცხადებებს შეიძლება მოყვეს არასწორი ინტერპრეტაციები და გამოთქვამს წუხილს ეთერში გაცხადებული შეფასებების გამო.

ტელეკომპანია იმედი მუდმივად რჩება პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტების და დამოუკიდებელი მედიის პრინციპების ერთგული.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები