0 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რის მიხედვით აფასებს ნიკა ყიფშიძე რეალურ ცხოვრებაში ქალბატონებს და რა საერთო აქვს მას საკუთარ გმირთან

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სეზონზე, სხვა ახალ პერსონაჟებთან ერთად, გამოჩნდა ვატოს გმირიც, რომელიც სამინისტროში ახალგაზრდა, დადებითი თანამშრომლის როლს თამაშობდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, მისი პერსონაჟი შეიცვალა და პოზიტიურიდან, ერთი ქმედებით, ანტიგმირად გადაიქცა. ვატოს ანგარებიანმა საქციელმა და ბატონ ვახტანგად ქცევამ, შეცვალა მაყურებლის მისდამი დამოკიდებულებაც, რომელიც, როგორც ხდება ხოლმე, ავტომატურად გადავიდა ვატოს როლის შემსრულებელ, მსახიონ ნიკა ყიფშიძეზე.

ნიკა ყიფშიძე: ჩემი სამსახიობო მოღვაწეობა, ალბათ, დაბადებიდან დაიწყო. ლაპარაკიც კი იმდენად ადრე დავიწყე, რომ ექიმთან მიმიყვანეს, ანომალიასთან არ გვქონდეს საქმეო. ექვსი თვის უკვე სახელებს ვეძახდი ყველას და სტატუსებით მივმართავდი. ერთხელ, პაპაჩემი რუსთაველზე მასეირნებდა და თეატრზე ვკითხე, რა არის-მეთქი? მითხრა, რომ ეს არის თეატრი, სადაც მსახიობები გამოდიან სცენაზე, თამაშობენ და მერე ტაშს უკრავენო. მოვა დრო და მეც დამიკრავთ-მეთქი ტაშს, – განვუცხადე. ათი წლისამ „ბერიკებში” ჩავაბარე ბატონ გოგი თოდაძესთან. დედაჩემს გავეპარე და ისე. მას ჩემთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა. ის პერიოდი იყო, როცა ფინანსურად  ყველას უჭირდა და მათ შორის, ჩვენც. სწავლა კი თანხებთან იყო დაკავშირებული. ერთ დღეს ბატონმა გოგიმ დედაჩემს დაურეკა. დედასგან რომ უარყოფითი პასუხი მიიღო, მერე მე მითხრა: შენ დედას ნუ უყურებ, მოდი და უფასოდ მოგამზადებთო. იმ დროიდან მოყოლებული სცენაზე ვიდექი. თეატრალურშიც ჩავაბარე და იქაც მივუთითე, რომ უფასოზე მინდოდა სწავლა. სხვანაირად ვერ გამოვიდოდა და ღვთის წყალობით, ყველა გამოცდაზე მაქსიმალური ქულა მივიღე და სტიპენდიანტიც გავხდი. მეორე კურსზე გოგი თოდაძემ თუმანიშვილის 30 წლის წინანდელ სპექტაკლში – „ჩვენი პატარა ქალაქი“ თამაშის საშუალება მომცა გენიალურ მსახიობებთან: გია აბესალაშვილთან, ზურა ყიფშიძესთან, ნინელი ჭანკვეტაძესთან და სხვებთან ერთად თუმანიშვილის თეატრში. ამის შემდეგ ვიყავი დასში. ორი სეზონი – რუსთაველის თეატრში. იყო ათონელის თეატრი. პარალელურად, „პირველ სტერეოზე“ მიმყავდა გადაცემები, „TV 11-ზეც“ ვიყავი. შემდეგ GDS-ის დილის გადაცემის წამყვანად დამნიშნეს, მაგრამ რაღაცეები შეიცვალა და ცოტა ხანი მომიწია იქ ყოფნა. შარშან მიშა ჰაზანავიჩუსმა, რომელიც ოსკაროსანი რეჟისორია, გადაიღო ფილმი საქართველოში და მეც ამიყვანა როლზე, რომელშიც ოსკაროსან მსახიობებთან მიწევდა თამაში, რაც დიდი ბედნიერება და გამოცდილება იყო ჩემთვის. რაც შეეხება სერიალს, აქ, პირველად ქასთინგზე სხვა როლზე ვიყავი, რომელიც, რაღაცნაირად, ჩემი არ აღმოჩნდა და მერე გაჩნდა ვატოს პერსონაჟი, რომელიც პირველივე ცდაზე მოვირგე.

– რას ფიქრობ შენს გმირზე?

– თავიდან ვატუნა როგორიც იყო, ეგ, ალბათ, ჩემთან ახლოს დგას. მაგრამ ბატონი ვახტანგი – არა. პირადად მე, ეგრე არასდროს მოვიქცევი. მხიარულებით, ენერგეტიკითა და იუმორის გრძნობით ვგავარ ჩემს პერსონაჟს. თუმცა, ჩემგან განსხვავებით, აღმოჩნდა, რომ ის ძალაუფლებისმოყვარე კაცია, რომელიც არაფერს მოერიდება მიზნის მისაღწევად. თავისი ტაქტიკა აქვს. ურთიერთობებში არ არის გულწრფელი. თუმცა, რა იცი, რა ხდება?! რაღაც მომენტში, იმასაც მივხვდი, ამ სერიალიდან გამომდინარე, რომ ცხოვრებაში რაღაც მსხვერპლია საჭირო იმისთვის, რამეს რომ მიაღწიო, თუმცა, ყველაფერზე არ უნდა წახვიდე. ბევრი ახალგაზრდა მინახავს, პოლიტიკაში უკვე ბევრს რომ მიაღწია ამ გზებით. მერე კი მანქანებითა და გაძერსკებული სახეებით დადიან. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვატოსნაირად აღწევენ მიზანს, თუმცა ეს ჩემთვის მიუღებელია. მე სხვა გზა მაქვს არჩეული.  არ მინდა, ცხოვრებაში ანტიგმირი ვიყო. გმირის როლი მირჩევნია.

– ვატოს ცვლილებამ მის მიმართ მაყურებლის დამოკიდებულებაც ხომ არ შეცვალა?

– კი, ძალიან შეიცვალა. კომენტარები წავიკითხე და ძალიან ბევრი ვიცინე. „უფ, ეს ვინ ყოფილა“, „არადა, როგორ მიყვარდა ეს ბიჭი“. ადრე თუ ყველგან ღიმილით და დადებითი ემოციებით მხვდებოდნენ, ახლა შეიცვალა ეს დამოკიდებულება. ყველას მინდა, ვუთხრა, რომ მე არაფერ შუაში ვარ (იცინის). მე ნუ გამიბრაზდებიან. იმიტომ ვამბობ, რომ წერდნენ: „როგორც მსახიობმა, ეს როგორ ითამაშა“. ბევრი შენივე გმირად აღგიქვამს. ჟურნალისტებსაც რომ დაურეკავთ, ვატოთი ხშირად მოუმართავთ. გამოდის, რომ მსახიობი კარგად ართმევს თავს როლს. 

– პოპულარული გახდი. როგორი გრძნობაა ეს შენთვის?

– ძალიან მსიამოვნებს, როცა ადამიანები მცნობენ და კარგი დამოკიდებულება აქვთ. თუმცა, უარყოფითი რეაქციებიც მოჰყვება ხოლმე როლს და ესეც ბუნებრივია. ვატოთიც ბევრი მომმართავს და უკვე, ბატონი ვახტანგითაც (იცინის).

– რა ხდება ნიკას ცხოვრებში. რამდენადაც ვიცი, დაქორწინებული არ ხარ?!

– დაქორწინებული არ ვარ, მაგრამ არის ადამიანი, რომელიც შეიძლება, სამომავლოდ ჩემი ცხოვრების მეგზური გახდეს. ეს ადამიანი ჩემთვისაა დაბადებული.

– ახლო მომავალში თუ გეგმავთ დაქორწინებას?

– დაგეგმილი არა, მაგრამ იდეაში გვაქვს. დაახლოებით დროის მონაკვეთი ვიცით და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თვითონ სწავლობს და მაქსიმალურად მინდა, ხელი შევუწყო.

– ქალბატონების მიმართ ვატოს მატერიალური კრიტერიუმები აქვს. როგორია შენი რჩეული გოგონა?

– მე პატივს ვცემ ადამიანის ინდივიდუალიზმს. ადამიანი იმდენნაირია, რამდენი წყვილი თვალიც აფასებს, უარეს შემთხვევაში, ცალი მაინც. პირადად მე, იმასთან მაქვს ურთიერთობა, ვისთანაც თავს კარგად ვგრძნობ და კონკრეტული კრიტერიუმები არ მაქვს. ალბათ, მასში ადამიანური კომფორტი უნდა ვნახო და ერთი მიმართულებით უნდა ვიყურებოდეთ. ბევრჯერ მინახავს გოგო, რომელსაც გლანდებიდან ეწყება ფეხები, მაგრამ ხმის ამოღების შემდეგ, შთაბეჭდილება დამკარგვია და ურთიერთობის სურვილი გამქრობია, მარტო ფუტლარი არაფერს წყვეტს. მქონია შემთხვევა, რომ უფრო ტიპაჟთან მქონია ურთიერთობა, ვიდრე ფიზიკურად ძალიან მაგარ გოგოსთან. თან, ძალიან სახასიათო ვიზუალი ჰქონია და ძალიან მაგარი ხასიათი. ასე, რთულია საუბარი. ვინც ახლაა ჩემ გვერდით არის მხიარული – შეიძლება, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყო და ერთი სიტყვით გამაცინოს. კეთილშობილია, გულღია და თბილი. ძალიან შრომისმოყვარეა და ზუსტად ვიცი, რომ შეუძლია, ჩემი გულისთვის რკინა დაღეჭოს (იცინის) ან მთები გადადგას და გაუკეთებია კიდევაც ასეთი რაღაცეები. ჩემი ძუ ლომია.

– მასთან ურთიერთობაში თუ ხარ მომთხოვნი?

– მეუბნება, რომ ცოტა მძიმე და მომთხოვნი ვარ. მეტ ყურადღებას და სიმართლეს ვითხოვ. შესაბამისად, ასე ვიქცევი მეც. ასაკით ჩემზე პატარაა და მინდა, რჩევები მივცე, ჩემი გამოცდილება გავუზიარო. შარვალი არ ჩაიცვა, გრძელი კაბით იარე, მანდილი ატარე და მე ჩოხით ვივლი-მეთქი, მაგას არ ვეუბნები. ან სადმე არ წახვიდე, – ეგეთი ნამდვილად არ ვარ. უფრო ადამიანურ შენიშვნებს ვაძლევ. არიქა, უნივერსიტეტში არ იარო, დაჯექი „კუხნაში“  და მოდი, ქალო, ნასკი გამხადე! – ამისგან ღმერთმა დამიფაროს (იცინის).

– შენი სამომავლო გეგმების შესახებაც მითხარი.

– სამწუხაროდ, დაგეგმილად ვერ ვცხოვრობ (იცინის). ძალიან ვენდობი  უფალს და მე, პირადად, ცხოვრებაში, რაღაც მინიშნებები მაქვს ხოლმე. იყო შემთხვევა, ლონდონში ვაპირებდი წასვლას და მეგობარს ავუარე. რომ გამოვედით, გარაჟზე იყო ლონდონის ხიდის ძალიან დიდი სურათი. ეს ჩემთვის ნიშანი იყო.1986 წელს ჩემი დაბადების დღის თარიღს დაემთხვა სანდრო ახმეტელის ასი წლისთავი. რომ ვაბარებდი, ძალიან ადრე გამოვედი სახლიდან; დავჯექი სამარშუტო ტაქსიში და ჩამეძინა. ტაქსმა წრე დაარტყა და ისევ ბოლო გაჩერებაზე მივიდა წმიდა ნიკოლოზის ეკლესიასთან. თვალი რომ გავახილე და ეკლესია დავინახე, გამოცდის წინ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ნიშანი იყო. ჩემი ინსპირაციის წყარო ამ ცხოვრებაში ბობ მარლია და ერთი დღე მქონდა, სადაც კი მივედი, ყველგან მისი სიმღერა დამხვდა. თუ დავუკვირდებით, ცხოვრება სავსეა ნიშნებით, რომელიც იმწუთას გვაძლევს მიმართულებას.


ქეთი კაპანაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები