1 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

როდის აპირებს ნანუკა ჟორჟოლიანი ქორწილის გადახდას და რა ცვლილებებს გეგმავს ის ,,ნანუკას შოუში"

– მთლიანად განვაახლებთ, „ნანუკას შოუს“ სტუდიას და, აქედან გამომდინარე, ნაწილობრივ შეიცვლება  შოუს ფორმატიც. ახალი სტუდია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დისკუსია გაიმათოს რესპონდენტებს შორის. ძალიან არაორდინარული  ვიზუალი ექნება – სახლის ფორმატის მსგავსი, ანუ, დაახლოებით ისეთი,  როგორიც იყო სულ თავიდან. ვფიქრობ, სახლის იერი ახლაც აქვს – საწოლი და სხვადასხვა ავეჯი ამის ასოციაციას ნამდვილად ქმნის, მაგრამ, უფრო სტუდიური ელემენტები ჭარბობს მასში. ინტერიერის შეცვლა, მომცემს საშუალებას ცოტა სხვა თემებიც შევიტანოთ გადაცემის ფორმატში. რაც შეეხება „ფრეშ ნიუსს“, ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი საშუალება სტუდენტებისთვის, რომ ნახონ, როგორ კეთდება ნიუსი. ეს არ არის მაღალბიუჯეტიანი ტელევიზია. მინდა სიამაყით გითხრათ, რომ ჩვენ ბავშვები მივიღეთ ქუჩიდან, აბსოლუტურად უცნობი ხალხი ავიყვანეთ სამსახურში. შესაბამისად, მათ შორის არცერთი ჩემი ახლობელი, მეგობარი და ნაცნობი არაა. გვინდა, რომ სოციალური მედია აქტუალური იყოს, რისთვისაც ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ და, ვფიქრობ, რომ შედეგსაც კარგს ვაჩვენებთ.  სულ ორი თვეა „ფრეშ ნიუსი“ არსებობეს და ამ ეტაპზე ძალიან კარგი რეიტინგი აქვს.  

– თქვენს რეჟიმს „ფრეშ ნიუსიც“ დაემატა. როგორ ახერხებთ დროის შეთავსებას ოჯახთან და სამსახურთან?

– საერთოდ არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ, მართლა ძალიან ვიღლები. ჩემი დრო მიაქვს: „ფრეშ ნიუსს“,  „ნანუკას შოუს“, მონტაჟს, ანონსის კეთებას, გადაცემის დაგეგმვას, სტუმრების რედაქციას, გადაცემის ჩაწერის წინ მომზადებას, უმაგრეს შოუს – „ნიჭიერს“, მეგობრებს, პერიოდულ ფრენას;  საბას, რომელსაც დიდ დროს ვერ ვუთმობ და ამისთვის ბოდიშს ვუხდი. ეს რომ დაიწერება შევუნახავ და, დიდი ბიჭი რომ გაიზრდება, წავაკითხებ (იცინის). ჩემი დრო მიაქვს მარიამს, რომელსაც იანვარში მისაღები გამოცდები ეწყება და, შესაბამისად, დეკემბრის დასაწყისი განსაკუთებით მძიმეა ჩემთვის. ამ ბოლო დროს სულ ვხუმრობ – თუ დავეცემი, ჩემი პანაშვიდი აუცილებლად კარგი შოუ უნდა იყოს-მეთქი (იცინის). სერიოზულად ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა დრო დამრჩა და ბევრ რამეს ვერ მოვასწრებ. მეუბნებიან, რომ ეს არის დეპრესიის ნიშნები, არადა, საერთოდ არ მაქვს დეპრესია, უფრო ნევროზია, ალბათ (იცინის). ერთს ვიბარებ: უნდა დავიკრძალო ისე, როგორც კათოლიკეებს კრძალავენ, ანუ, უნდა იყოს სიმღერა, კადრები – მოკლედ, ლამაზი შოუ უნდა დამიდგათ (იცინის). არ დავინახო მხოლოდ ტირილი და შავებში ჩაცმული ხალხი... რას დავინახავ, მაგრამ, მაინც (იცინის). თუ სადღაც გულმა მიმტყუნა, ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა გააკეთოს (იცინის). თუმცა ჯერ მთელი ცხოვერება წინ მაქვს. ძალიან მაინტერესებს, როგორი ვიქნები 45 წლის ასაკში. მინდა, ზუსტად ისეთი ვიყო, როგორიც ახლა ვარ. ველოდები ჩემი და ირაკლის 10 წლის იუბილეს, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი თარიღია.

– 10 წლის აღსანიშნავად ქორწილს ხომ არ გეგმავთ?

– ვაპირებთ და, გვინდა, რომ  ზუსტად 10 წელს დავამთხვიოთ. ჩვენ ოფიციალური ცოლ-ქმარი არ ვართ, მე ჯერ კიდევ ვფიქრობ, გავყვე თუ არა ცოლად ირაკლი კოდუას (იცინის). თუმცა, მინდა გითხრათ, რომ საინტერესოდ ხელი მასაც არ უთხოვია. უბრალოდ – „გამომყევი ცოლად” – არ მომწონს. თუ რამე საინტერესოს მოიფიქრებს, იმ შემთხვევაში გავყვები ცოლად. ჯერ კიდევ  წელიწად-ნახევარი აქვს მოსაფიქრებლად დარჩენილი (იცინის). ქორწილი აუცილებლად საქართველოში გვექნება, თეთრ კაბას ჩავიცვამ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, არ გამოვრიცხავ.

– „ფეისბუქზე“ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნეთ, სადაც საბას თქვენს მოლოდინში ჩასძინებია. ამაზე რა რეაქცია გაქვთ?

– ძალიან მძიმე რეაქცია მაქვს. შეიძლება მქონდეს შემდგარი კარიერა, ვიყო ძლიერი და ასე შემდეგ, მაგრამ, მეც მაქვს ადამიანური სისუსტეები, ემოციები. ამ ყველაფრის ფონზე, დასაძინებლად შვილთან მისვლას რომ ვერ ვახერხებ, მართლა ძალიან მძიმეა ჩემთვის. ვფიქრობ, რომ ბიჭების გარდატეხაში მონაწილეობას მამები იღებენ. ჩემი შვილია მარიამი, თავის ყველა საიდუმლოს მიყვება. არ არსებობს ისტორია, რომელიც მე არ ვიცი მის შესახებ; აქედან გამომდინარე, არ არსებობს თემა, რომ მარიამს ვერ გავუგო. შესაბამისად, ბიჭს მამასთან უფრო ახლო ურთიერთობა ექნება. საბა ჯერ პატარაა, მაგრამ,  გარკვეული პერიოდის შემდეგ მამასთან გავუშვებ – ის მისგან უფრო მეტს ისწავლის, ვიდრე ჩემგან. ირაკლის აქვს ის თვისებები, რაც მინდა, რომ საბას აუცილებლად ჰქონდეს. უპირველეს ყოვლისა, მინდა, ისეთივე კაცური ბიჭი იყოს, როგორიც მამამისია. ქალების გარემოცვაში გაზრდილი საბა არ მომწონს – ძიძები, დედაჩემი და ჩვენ... კიდევ კარგი, ჩემს ძმას ორი ბიჭი ჰყავს და იმათთან თამაშობს ხოლმე (იცინის). ერთი მამაკაცი გვყავს ოჯახში, სეპარატისტი მეგრელი (იცინის).  ყველაზე მეტად რაც მაკლია, შვილებთან ურთიერთობაა. ხანდახან ვფიქრობ: ხომ შემიძლია, ავდგე და წავიდე, რომ მივუსწრო საბას. მაგრამ, უმადური არ უნდა იყო.  ზოგს საერთოდ არ ჰყავს მშობელი, ან, ისეთი რთული სოციალური პირობები აქვს, რომ ელემენტარული რაღაც ენატრება. ამიტომ, იმ ყველაფრისთვის, რაც მაქვს, მადლობელი ვარ ღმერთის. იმდენად მძიმედ ცხოვრობს ხალხი, იმათ ფონზე ნანუკა ჟორჟოლიანმა რომ იწუწუნოს, თავხედი უნდა იყოს. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს ბრალწარდგენილი ქმარი თუ  სხვა, ყოველთვის მადლობელი ვიქნები ღმერთის. 

 ჟურნალი "თბილისელები"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები