ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
თამუნა სამადაშვილი ჟურნალი "თბილისელები"
ორ-სამი წელია, რაც მამუკა ღლონტი თბილისურ ყოფას შეკვეთილში გაექცა და იქ ნამდვილი წალკოტი მოიწყო. კეისარივით კომბოსტოს მოყვანა არ დაუწყია, მაგრამ, ბევრიც არაფერი უკლია – იქ ყველაფერი აქვს, რაც მშვიდი და წყნარი ცხოვრებისთვის სჭირდება; თუმცა, მედია-სივრცეში აქტიურად დაკავებულ მამუკა ღლონტს, რომელსაც წინ კიდევ დიდი გეგმები აქვს, არც დისტანციურად უჭირს საქმეების მართვა. როგორ ცხოვრობს ის თბილისიდან შორს, როგორ „დადის” ყოველდღე სამსახურში მეზობელ კოტეჯში და რატომ გადაწყვიტა ტელესერიალების წარმოება, ამას ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ, რომელსაც თბილისში, „მაესტროს” ოფისში ვეწვიეთ და, შესაბამისად ჩვენი საუბარიც ტელეკომპანიის ამბებით დაიწყო.
მამუკა ღლონტი: ახალი სატელევიზიო სეზონი დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ „მაესტროს” მენეჯმენტში არ ვერევი, თავს უფლებას არ მივცემ, გადავახტე მათ, ვინც ტელეკომპანიის მენეჯმენტს წყვეტს და, შესაბამისად, ახალ პროექტებზე მე ვერაფერს მოგახსენებთ. შემიძლია, გითხრათ, რომ „მაესტრო” არასდროს გადაუხვევს მთავარ გეზსა და დანიშნულებას, რასაც გულისხმობს თავისუფალი მედია. „მაესტროს” ზევით არავინ არ არის, არც არავინ მდგარა და არც არავინ იდგება, სანამ იქნება დამფუძნებლების ის შემადგენლობა, ვინც დღეს წარმოვადგენთ „მაესტროს.” მთავარი და უცვლელი არის ის, რომ „მაესტროსთვის” არ არსებობს დამალული, შელამაზებული ინფორმაცია; ვცდილობთ, ვიყოთ ობიექტურები, იმ შეცდომებითა და დადებითი მხარეებით, რაც ტელეკომპანიის მუშაობას ახლავს.
– „მაესტროს” „ზევით” არავინ არისო, ბრძანეთ, თუმცა, ხან ვის მოიაზრებენ თქვენ „ზევით” და, ხან – ვის.
– ხმების მეტი რა იყო, მაგრამ რომელი გამართლდა? ხან ბურჯანაძის „ვიყავით,” ხან ივანიშვილის, ხან – გაჩეჩილაძეების... ეს მთავრობა რომ მოვიდა, ისევ მიშას ტელევიზია „გავხდით” – ეს თავად ბიძინა ივანიშვილმა თქვა. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ არც ერთი ვარაუდი მართალი არ იყო. მცდარია ჩვენში გავრცელებული წარმოდგენა, რომ, არ შეიძლება, ტელევიზია იყოს დამოუკიდებელი, არ ატარებდეს ვინმეს ინტერესს და, სამწუხაროა, ვინც ასე ფიქრობს. ხმამაღლა ვიტყვი, რომ „მაესტრო” არის ამის მაგალითი. თუ რომელიმე პოლიტიკოსს დაკვეთა მოუცია „მაესტროსთვის,” თქვას, ბატონო! ა ბურთი და ა, მოედანი!
– როგორ გამოგდით, არ ჩაერიოთ იმ ტელეკომპანიის მართვაში, რომელიც შვილივით გამოზარდეთ და რომლისთვისაც ბევრი მძიმე ამბავი გაიარეთ? რთულია ამის წარმოდგენა.
– ჩემთვის საყვარლები არიან ადამიანები და არა შ.პ.ს-ები. თუ ოდესმე რამე გამიკეთებია, ყველა საქმეში ჩემთვის მთავარი იყო პრინციპი – თავისუფლების დაცვა, არა მხოლოდ ჩემი თავისუფლების, არამედ, სხვისიც. თუ სხვის თავისუფლებას არ ვცემ პატივს, მაშინ მე არ ვიქცევი სწორად და არ ვარ მართალი ადამიანი. „მაესტროში” არსებობს დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, პროდიუსერები და ასე შემდეგ. ისინი არიან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანები, იღებენ გადაწყვეტილებებს, პასუხს აგებენ საკუთარ გადაწყვეტილებებზე და იმ საქმეზე, რასაც აკეთებენ. მე არ დავუშვებ, რომ ვინმე მუშაობდეს „მაესტროში” და ის იყოს ჩემი მარიონეტი. მე არ მაქვს უფროსობის უცნაური სენები. თუ ხელშეკრულება სრულდება, პრობლემებიც არ არსებობს. ცხოვრებაში მდივანი არ მყოლია, ჩემთან დაკაკუნებები არაა საჭირო, კაბინეტები და, არიქა, დითირამბები არაა ჩემი საქმე, თუმცა, თუ რამე ვერ კეთდება ისე, როგორც უნდა გაკეთედეს, ვხდები შეუვალი და ამის გამო სამსახურიდან უახლოესი ადამიანიც კი გამიშვია. ახლა ზოგიერთს არ სჯერა, რომ მე „მაესტროში” გადაწყვეტილებებს აღარ ვიღებ. ვფიქრობ, რომ ადამიანი ერთი და იმავე საქმით დიდხანს არ უნდა იყო დაკავებული, სხვებსაც უნდა მისცე საშუალება, წვლილი შეიტანონ ამა თუ იმ საქმის განვითარებაში. „მაესტრო” ხომ არ არის საბჭოთა კავშირი და მე ხომ არ ვარ ლეონიდ ბრეჟნევი, 25 წელი ვმართო ეს საქმე?! მე ზუსტად ვიცი, რაც არ უნდა მოხდეს, „მაესტროს” მენეჯმენტში არასდროს ჩავერევი, ეს ჩემთვის განვლილი ეტაპია და აღარ მაინტერესებს. ბოლო პერიოდში მე აქტიურად ვიყავი დაკავებული სასარგებლო და მნიშვნელოვანი საქმით – მედიაში ისეთი ჯანსაღი რადიოს გამოჩენით, როგორიცაა რადიო „მაესტრო”, რომელიც არის ჩემი „შვილი” თავიდან ბოლომდე და, ასევე, გავაკეთე უკვე ბევრისთვის საყვარელი რადიო – „ვინილი”. ეს არის სულ სხვა ფორმატი, პირველი რადიოა საქართველოში, „საიდანაც” არ „გელაპარაკებიან”, მარტო მუსიკას უსმენ, როცა არ უნდა ჩართო. ხალხი ძალიან დიდ სიმპათიებს გამოხატავს, რეიტინგებში ლიდერები ვართ, რაც ძალიან მახარებს. მე გასართობი ტელევიზიიდან მოვდივარ, სადაც გართობის ფორმატი იყო მთავარი; შესაბამისად, როგორც მენეჯერმა, ვიცი, როგორ ავაწყო გასართობი ფორმატის რადიო. ამას გარდა, მომეცა საშუალება, ვაკეთო ის საქმე, რაც მიყვარს. მეგობრებთან ერთად დავამთავრე მუშაობა 56-სერიიან ქართულ ტელესერიალზე, რომლის სცენარსაც მე თავად ვწერ. მენეჯმენტსა და ქარტეხილებში შემთხვევით მოვხვდი, იმიტომ რომ, დაგვჩაგრეს, შევყევით და დავიწყეთ ბრძოლა. თუ ქვეყანა არ დაინგრა „მაესტროს” მენეჯმენტში დაბრუნება არის ყველაზე ბოლო, რაც შეიძლება მსურდეს, აი, ამ პროექტებში კი სიამოვნებით ვარ ჩართული თავიდან ბოლომდე. ეს ისაა, რაც ძალიან მაინტერესებს, მთელი ჩემი დრო მიაქვს ამ საქმეს. რადიოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და, ეს, ალბათ, ჩემი ბავშვობის დამსახურებაა – მეოთხე-მეხუთე კლასიდან ღამით ჩუმად ვუსმენდი ხოლმე რადიო „თავისუფლებას” და „ამერიკის ხმას”. მერვეკლასელი ვიყავი, როცა მოვისმინე სოლჟენიცინის „არქიპელაგი გულაგი”, საკმაოდ ვრცელი ნაშრომია, ექვსი-რვა თვე ყოველ საღამოს კითხულობდა სოლჟენიცინი. თუ ძალიან ჩაახშობდნენ ხოლმე ხმას, ეს იყო ჩემთვის ტრაგედია; ვფიქრობდი, რომ იმ დროს რაღაც განსაკუთრებულს ამბობდა. სულ მიყვარდა რადიო. ახლა, როდესაც ვფიქრობ ხოლმე, როგორ გაჩნდა ჩემში ეს ინტერესი, წარსულში ვბრუნდები და ხვდები, რომ ეს ყველაფერი იქიდანაა (იცინის).
– ტელესერიალებით დაინტერესება „დიდებული საუკუნის” დამსახურება ხომ არ არის, რომელიც სრულიად საქართველოს სერიალად აქციეთ? თქვენ თავად ხართ მისი მაყურებელი?
– რაღაც ნაწილი მაქვს ნანახი, იმდენი დრო არ მრჩება, ყველა სერიალს ვუყურო, მაგრამ, ვცდილობ ხოლმე ვნახო გარკვეული ნაწილები და შემდეგ ვნახო რეიტინგები, რომ გავიგო, რა ინტერესი აქვს ქართველ მაყურებელს. „დიდებულმა საუკუნემ” თურქეთში ძალიან გაზარდა ტურისტების რაოდენობა; ასევე, გაზარდა ინტერესი თურქეთის ისტორიის, წარსულის რელიკვიების, ძველი ნივთების მიმართ, ანუ, სერიალს მარტო კომერციული მოგება კი არ ჰქონდა, ქვეყანას მისცა სხვა დატვირთვა და მნიშვნელობა. თუ ეს შეუძლიათ თურქებს, რატომ ვერ უნდა შევძლოთ ჩვენ? ძალიან მინდა, რომ დავიწყოთ ქართული სერიალების წარმოება. რატომ არ უნდა გადავიღოთ ისეთი სერიალები, რომლებსაც გავყიდით უცხოეთში? ის სერიალი, რომლის სცენარიც ჩვენ გავაკეთეთ, არის ქართული ისტორია და, გვინდა, გადავიღოთ ისეთი სერიალი, რომ გავყიდოთ უცხოურ აუდიტორიაზე, თუმცა, გადავიღებთ ნაკლებბიუჯეტიან სერიალებსაც ჩვენი აუდიტორიისთვის. სერიალების ინტერესი ახლა არ გამჩენია, ეს სურვილი მქონდა ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა „მეორე არხზე” ვიყავი, მაგრამ, ფინანსური პრობლემების გამო, მით უფრო, ბოლო ცხრა წელიწადში, როცა ჩვენთან რეკლამა არ შემოდიოდა, სერიალების გადაღებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო. მას შემდეგ, რაც გაჩნდა შემოსავალი, გაჩნდა შესაძლებლობაც, გადავიღოთ კომერციული ქართული სერიალები, რომლებსაც მაღალი რეიტინგები ექნება.
– ქართულ ტელესივრცეში მედიამაგნატად ჩამოყალიბდით. ტელევიზია, რადიო, სერიალები – ეს ის პროგრამა-მაქსიმუმია, რაზეც ადრე ფიქრი შეგეძლოთ?
– მედიამაგნატობის რა გითხრათ, მაგრამ, ჩემდა საბედნიეროდ, ვაკეთებ იმ საქმეს, რისი გაკეთებაც მიყვარს და ჩემი შემოსავალიც ჩემი საყვარელი საქმიდან მოდის, რაც ძალიან კარგია. სატელევიზიო ამბიციები ყოველთვის მქონდა: მინდოდა, გამეკეთებინა რეიტინგული ტელევიზია, რომელიც გადის მოგებაზე, ცხოვრობს საკუთარი შემოსავლით და არის სამართლიანი და ობიექტური. რომ არა გარემოებები, რაც ჩვენ ირგვლივ იყო, დიდი ხნის წინ გავაკეთებდი კარგ ტელევიზიას. სააკაშვილის მმართველობის დროს ჩვენ ძალიან დიდი შემოსავლები დავკარგეთ, დავკარგეთ განვითარების საშუალება. შარშან, ერთ წელიწადში ხუთი თუ ექვსი მილიონი შემოვიდა რეკლამის სახით, წელს შვიდ მილიონამდე შემოდის, მაშინ, როცა 100 ათასიდან 200 ათასამდე ძლივს გროვდებოდა. ჩვენთან არშემოსული ფული, ყველამ ვიცით, სადაც მიდიოდა; ისიც ვიცით, როგორ ჩამოაჭრეს 25 მილიონი ვალი იმ კომპანიებს და, როგორც აღმოჩნდა, თურმე, გადასახადსაც კი არ იხდიდნენ.
– წლების წინ გაერიდეთ თბილისურ ყოფას და „დაბანაკდით” შეკვეთილში, სადაც დიდ დროს ატარებთ. დისტანციურად მართავთ ყველა საქმეს?
– მე ვმუშაობ შეკვეთილში. ორი კოტეჯი მაქვს, ერთიმეორისგან 30 მეტრით დაშორებული. როცა გამოვდივარ ერთი კოტეჯიდან და მივდივარ მეორეში, ვამბობ, რომ მივდივარ სამსახურში; ვხსნი კომპიუტერს და ვიწყებ მუშაობას: ვწერ, ურთიერთობა მაქვს სკაიპით, „ფეისბუქით.” რაც სცენარებთან არის დაკავშირებული, ვუგზავნი სცენარებს სცენარისტთა ჯგუფს, თან ვსაუბრობთ ტელეფონით. დღეს კომუნიკაციის ისეთი საშუალებებია, არანაირი პრობლემა არაა, აკეთო საქმე დისტანციურად. მეორე კოტეჯში ისე ნაყოფიერად ვმუშაობ, რომ თბილისში ჩემი არყოფნა არავის უშლის ხელს. რაც შეეხება რადიოს, რადიო სულ ჩართული მაქვს და, გაუგებრობის შემთხვევაში, მაშინვე ვრეკავ აქ, თბილისში. ძალიან ხშირად ჩამოდიან ჩემთან სტუმრები თბილისიდან, ან, გზად მყოფები შემომივლიან ხოლმე. პატარ-პატარა მეგობრულ-საქმიანი „თათბირებიც” გვაქვს (იცინის).
– რატომ გაერიდეთ აქაურობას?
– მიყვარს გურია, ზღვა; ყოველთვის მინდოდა, იქ მქონოდა მიწა, სახლი, მით უმეტეს – ზღვის პირას. ჩემი ჯანმრთელობისთვისაც ასე იყო საჭირო – ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა მაქვს და მუდმივად წამალზე ვარ დამოკიდებული. როდესაც ექიმმა მითხრა, ან წამლის დოზა უნდა გაზარდო, ან ზღვაზე უნდა იყო დიდხანსო, ავდექი და მიწა ვიყიდე. 2000 წელი იყო, იაფად იყიდებოდა ჭაობიანი ადგილი, ბევრი რამ გავაკეთე და იქაურობა წალკოტად ვაქციე. ეზოში მაქვს პალმები, ყვავილები, მანდარინი, ლიმონი, ფეიხოა. ყველაფერს ჩემი ხელით ვუვლი. მაქვს გაზონი, რომელსაც გაკრეჭა უნდა. იქ გატარებული ორი კვირა აქ ორი თვე მაძლებინებს. თბილისში დიდხანს თუ მომიწია დარჩენა, ვეღარ ვძლებ – სულ იქ მინდა გაქცევა. ვგეგმავ, ავაშენო ისეთი სახლი, რომ სულ გადავიდე იქ საცხოვრებლად. ჯერ ორი კოტეჯი მაქვს და ზამთარში შეშის ღუმლით ვათბობ. ისეთი ეგზოტიკა და სამოთხეა, საკუთარი თვალით თუ არ ნახე, დაჯერება გაგიჭირდება. აბსოლუტური სიწყნარეა, ჩიტების ჭიკჭიკი. თბილისში რომ ჩამოვდივარ, აქაურ ხმაურთან და ეკოლოგიასთან შეჩვევა ძალიან მიჭირს. თბილისი გახდა ტრანსილვანია, „ვამპირების ქალაქი”, სადაც ჰაერი საშინლად არის დაბინძურებული, ღამით ხმაურია და ყვირილი... არ მომწონს, საშინელებაა.
– თქვენი სოციუმის კაცისთვის აუცილებელი „მიღებები” და „ბანკეტები”?
– არა, ეგ არ მაინტერესებს. მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე ვინმესგან რამით არის გამორჩეული. ცხოვრების ბომონდური წესი, იახტები და ოფიციალური მიღებები არაა ჩემი საქმე. ერთხელ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე წავედი და მივქარე – არ მიყვარს ყალბი ღიმილები და შეხვედრები, ამას შეკვეთილის სიმშვიდე მირჩევნია.
– ისე, ამბობენ, შეგნებულად დასახლდა ბიძინა ივანიშვილთან ახლოსო. გაქვთ მეზობლური ურთიერთობები?
– არა. მე მგონი, ბიძინა ჩემ შემდეგ დასახლდა იქ, გადამოწმება შეიძლება. ჩვენ გვქონდა მეზობლური ურთიერთობა, სანამ ის „მაესტროს” მიშისტებად აღიქვამდა – რამდენჯერმე დამპატიჟა ჩაიზე, ყავაზე, სადილად. მას ძალიან მოსწონს, მოტოთი რომ ვმოძრაობ და მეც მოტოთი მივედი მასთან სტუმრად, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ სტუმრად დიდი ხალისით დავდივარ სადმე. ძალიან დიდი ხანია, კონტაქტი აღარ გვაქვს; ის არ უთქვამს, აღარ ვიმეზობლოთო, მაგრამ, ასე გამოვიდა – მხოლოდ გეოგრაფიულად იკვეთება ჩვენი გზები შეკვეთილში.
– ოჯახიც იქ არის თქვენთან ერთად?
– ძალიან ხშირად იქ არიან; ჩემთანაა ხოლმე ჩემი შვილიშვილი – სესილი, რომელმაც მთელი სამყარო შეცვალა. რომ მეუბნებოდნენ, შვილიშვილი გადაგრევსო, არ მჯეროდა, არადა, ასე ყოფილა. დილით მეჩქარება გაღვიძება, რომ მალე ვნახო. ორი დღე თუ ვერ ვნახე, მის გარდა თვალწინ არაფერი მიდგას. ჩერდება მარტო დედასთან, ჩემს მეუღლესთან და ჩემთან – მეტი არავისთან რჩება მარტო. სესილიმ დამაბრუნა იმ დროში, როცა მისი ტოლები იყვნენ ჩემი შვილები. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და სახლიდან გაქცევაზე, დროსტარებასა და მოგზაურობაზე ვგიჟდებოდი. მივხვდი, რომ მაშინდელ დანაკარგს ვინაზღაურებ – სესილიმ საფუძვლიანად „დამაბა” სახლში.
– ერთი მამაკაცი ბევრ ქალს შორის – ოჯახში ისევ გენდერული დისბალანსის „ტყვეობაში” ხართ?
– გადასარევი დისბალანსია, მესამე შვილს რომ ველოდით, ორი გოგოს შემდეგ ისევ გოგო მინდოდა. ისე მიხარია შვილიშვილი გოგო, ბიჭი რომ არ მყოლია, ვერც კი წარმომიდგენია. სამაგიეროდ, სიძეები არიან ჩემს „ბანაკში”, თუმცა, ეს ისეთი კარგი „ტყვეობაა”, მასში სიამოვნებით ვცხოვრობ.
– ახლახან თქვენი საყვარელი მოტო-ტურით მოიარეთ თურქეთი და საბერძნეთი. როგორც ვიცი, უფრო შორეული მარშრუტიც გაქვთ დაგეგმილი.
– სესილი თორმეტი დღე არ მყავდა ნანახი. 25 დღე უნდა ვყოფილიყავით სამოგზაუროდ, მაგრამ, მეათე დღეს მივხვდი, რომ მის გარეშე ვეღარ ვძლებდი – სესილიმ ვადაზე ადრე დამაბრუნა (იცინის). მომავლისთვის მართლაც მაქვს დიდი გეგმები – მინდა, მსოფლიოს შემოვუარო მოტოთი, მაგრამ, ამას კარგი მომზადება სჭირდება. ახალი მოტო უნდა შევარჩიო და შევიძინო. მინდა, რომ მოგზაურობას ორგანიზებული სახე მივცე: ყოველი კვირის ბოლოს გავაკეთოთ საინტერესო გადაცემა – სად ვიყავით, რა გზა გავიარეთ, რა ვნახეთ ამა თუ იმ ქვეყანაში; შეგვიძლია რჩევებიც მივცეთ მოგზაურებს. ახლა თურქეთის გავლით გადავედი საბერძნეთში კუნძულ როდოსამდე და უკან წამოვედი. მომავალ წელს ევროპაში, კოპენჰაგენამდე მინდა ჩასვლა შვედეთის, ჰოლანდიის გავლით; ან, წავიდე და ჩავიდე პორტუგალიაში. შორს რომ მივდივარ მოტოციკლით, აი, ამას აქვს ეშხი.
– ვინ იყო თქვენი კომპანიონი?
– მეუღლე.
– ისიც ჩაითრიეთ?
– პირქით, მან ამიყოლია. მისი დაჟინებული მოთხოვნა იყო შორ მარშრუტზე წასვლა. უკვე გამოცდილები ვართ, უკეთესი ეკიპირებაც გვაქვს, ვიდრე გვქონდა – შევიძინეთ ყველაფერი, რაც ვნახეთ, რომ, თურმე, საჭიროა. საქართველოში არავის გაუკეთებია ასეთი მოგზაურობა, შესაბამისად რჩევასაც ვერავის ვკითხავდით. საწვიმარი ცალკე გვქონდა წაღებული, რასაც აღარ გავაკეთებთ. არსებობს სპეციალური ტანსაცმელი, რომელსაც არასდროს იხდი, გინდ იყოს წვიმა, გინდ – არა. გამძლე მოტოტურისტები აღმოვჩნდით, ბოლო დღეს 1 020 კილომეტრი გავიარეთ – ეს დიდი რეკორდია, მსოფლიო რეკორდი დღეში 1 500 კილომეტრს აღწევს. ეს რომ მცოდნოდა, იმ ხუთას კილომეტრსაც გავივლიდი.
– მეუღლე გენაცვლებოდათ საჭესთან?
– არა, იცის ტარება, მაგრამ, იმ დონეზე არა, რომ იმ გზებზე ვენდო. ძალიან მოწესრიგებული ტურისტი ვარ, „ჯიპიესით” აღჭურვილი. ყოველთვის ვიცი, სად მივდივარ, სად რა მაქვს დაწყობილი. ამის მიუხედავად, ექსტრემალს მაინც ვერ აარიდებ თავს – „ჯიპიესმა” მომატყუა და თურქეთში ისეთ უღრან ტყეში აღმოვჩნდი, ძლივს გამოვაღწიე იქიდან; კიდევ კარგი დროულად მივხვდი, თორემ, უახლოეს 200 კილომეტრში არათუ ბენზინგასამართი სადგური, დასახლებული პუნქტიც კი არ იყო. მოტო ხელს კი მიწყობდა, მაგრამ ასეთ სიტუაციებში არ უნდა გარისკო. ერთი მოტო შეკვეთილში მაქვს დატოვებული, ერთიც – თბილისში. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული მოტოებია. თბილისში მყავს „მაქსი სკუტერი”, 2003 წლის გამოშვებულია, 2 500 ევროდ მაქვს ნაყიდი. მოტოც ჩემი ყმაწვილობის გატაცებაა, თუმცა, მაშინ მოტოები არ იყო და სულ მყავდა ველოსიპედი – მიყვარს ორი თვალი.
– მანქანას სულ აღარ სწყალობთ?
– არა, მთლად მასეც არაა, თბილისი-შეკვეთილის გზაზე მანქანით გადავადგილდები. იმ კულტურით, რაც აქვთ ჩვენს მძღოლებს, მოტოთი ტრასაზე სიარული საშიშია. ათიდან ცრა მძღოლი გიჟია და ამიტომაც ხდება ასეთი საშიში ავტოსაგზაო შემთხვევები. მე მყავს 1995 წლის გამოშვებული „ტოიოტას მინი ვენი,” რომელიც ათასი დოლარი ღირს. ყველაზე მაგარი მანქანაა, ყველაფერს ვატევ შიგნით – ჩემი მოტო ხომ ეტევა და ეტევა, კიდევ ათ კაცს ჩავსვამთ, თუ მოვინდომეთ (იცინის).
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები