1 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რაში დახარჯა მოგებული თანხა თორნიკე ყიფიანმა და რა სურვილი აისრულა მან მეუღლესთან ერთად


                                                                                                        ნათია უტიაშვილი 
„X ფაქტორში“ გამარჯვების შემდეგ თორნიკე ყიფიანის ცხოვრება, გარკვეულწილად, შეიცვალა, თუმცა ის ისეთივე მორიდებული, პოზიტიური და სცენაზე მდგარი თორნიკესგან, რადიკალურად განსხვავებულია. ნიჭიერი მომღერალი ამჟამად სტუდიაში ალბომზე მუშაობს.

თორნიკე ყიფიანი: ამჟამად ალბომის კეთებით ვარ დაკავებული. ჯერჯერობით არ ვიცი, როგორი გამოვა, მაგრამ მონახაზებს ვაკეთებ. პროექტს დიჯეისთან ერთად ვაკეთებ, ცოცხალ ინსტრუმენტებსაც გამოვიყენებთ. შეზღუდული არ ვარ, პირიქით, მეუბნებიან: როგორც შენ გესახება, ისე გააკეთეო. ვნახოთ, როგორი გამოვა. დიჯეი ირაკლი ბუჯიაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, თუმცა ასეთი მიმართულებით აქამდე არ გვიმუშავია. ადრე მქონდა იდეაში ასეთი პროექტის გაკეთება, მაგრამ სტუდიაში მუშაობის საშუალება არ მქონია. ახლა, რადგან ამის საშუალება მომეცა, გადავწყვიტე, გავაკეთო. მეც რაღაცეებს ვსწავლობ, ანუ ელექტრონულ პროგრამებს. მინდა, თანამედროვე საუნდების გამოყვანა ვისწავლო, ჩემით გავაკეთო. სტუდიაში ალბომზე მუშაობა ოცნებასავით მქონდა – მიხარია, რომ ამის საშუალება მომეცა. გარდა იმისა, რომ „სანო სტუდიაში“ ვმუშაობ ალბომზე, „ბრავო რექორდსთან“ ერთად სინგლის გამოშვებას ვაპირებთ და მიხარია, რომ ეს ორი რამ ერთმანეთს არ უშლის ხელს. ვნახოთ, რა გამოვა – მეც ჯერჯერობით, ყველაფერი არ ვიცი. ერთი რამის თქმა შემიძლია – ის ხასიათი, რომელიც აქამდე მქონდა სიმღერის დროს, არ მინდა, დავკარგო. თან, არ მინდა, ჩამოვრჩე იმ თანამედროვე მოვლენებს, რაც მსოფლიოში ხდება. 
– შენ მიმართ მთელი კონკურსის განმავლობაში ხალხის მხრიდან ძალიან ბევრი პოზიტივი მოდიოდა. 
– კარგი პერიოდი იყო და ამიტომაც კარგად მახსენდება. დღესაც ძირითადად, დადებითად მხვდება ხალხი და რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნოა. ბორჯომში „ბორჯომობაზე“ რამდენიმე სიმღერა შევასრულე, ასევე „თიანეთობაზე“, ძალიან თბილად დამხვდა ხალხი. რაც შეეხება „მაგთი კლუბში“ სიმღერას, ჯერ სეზონი არ იყო. ალბათ, ნოემბრისთვის დავგეგმავთ კონცერტს – ოთხი კონცერტის ჩატარების საშუალება მომცეს. 
– ალბათ, აღარ მოგიწია თურქეთში სამუშაოდ წასვლა. 
– საბედნიეროდ, არა. თავიდანვე არც ჩემი და არც მეგობრების მიზანი არ ყოფილა იქ მუშაობა. იქ რასაც ვუკრავდით, ეს იყო პოპულარული სიმღერების კრებული. ჩვენებურად კი გადავაკეთეთ, მაგრამ ჩვენს სიმღერებს არ ვუკრავდით. ჩვეულებრივი სამუშაო იყო, ამიტომ ვიზღუდებოდით. საქართველოში ასეთი სამუშაო არ არის. იქ სანაპიროზე სასტუმროების ქსელში ვუკრავდით. თან ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს ვიყავით მოწყვეტილები. ზოგადად, ქვეყნიდან ხარ გასული, მუშაობ და შენს საქმეს, ანუ იმას, რაც გიყვარს, ვერ აკეთებ. უბრალოდ, სხვა გზა არ გვქონდა და იმიტომ წავედით. ჩემი მეგობრები ახლაც იქ არიან. რომ ჩამოვლენ, მერე ვგეგმავთ ივენთების გაკეთებას. ყველა ძალიან კარგი მუსიკოსია. დრამზე უკრავს – ბექა გელენავა ჯგუფი „თბილისი-სი-დან”, ვახო თევზაძე, ასევე ამ ჯგუფიდან, დათო გოშაძე – ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“, ლაშა დადეშქელიანი-მაღლაფერიძე – „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობდა  და ვიკა ლოგუა, მომღერალი. ყველა კარგი მუსიკოსია. შევიკრიბეთ, რომ იქაც ხარისხიანად დაგვეკრა. ბევრ ჟანრს ვუკრავდით, პოპულარულ სიმღერებს, უბრალოდ, შემოქმედებითად ნაკლებად ვიხარჯებოდით.
– ეს ხელოვანი ადამიანისთვის ძალიან რთულია.
– ჰო, მერე სულ გაბრაზებული ხარ. 
– ცხოვრებაში გაწონასწორებული, მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ. 
– ადვილად არ ვბრაზდები. ყველა ადამიანს თავისი ზღვარი აქვს, მეც მაქვს. მაგრამ სულ ვცდილობ, თავშეკავებული ვიყო – ასე ჯობია. თუ პირადულს არ შეეხებიან, მაშინ ნერვების მოშლად არც ღირს. 
– შეიძლება ითქვას, რომ „X ფაქტორმა“ გიხსნა თურქეთში არასასიამოვნო სამუშაოსგან. 
– ნამდვილად ასეა და მადლიერი ვარ იმ ხალხის,  ვინც დამეხმარა – მათ გარეშე ვერ მივაღწევდი წარმატებას. მოწყვეტილი ვიქნებოდი ჩემს მშობლებს, ბავშვებს, ოჯახს – ძალიან მიხარია. პროექტის განმავლობაში ხშირად მიწევდა წასვლა-წამოსვლა, კვირის ბოლოს ჩამოვდიოდი ხოლმე. ბავშვები, პრინციპში, ამას მიეჩვივნენ, მაგრამ მაინც რთული იყო. ბოლოს გამათავისუფლეს, კონტრაქტი შევწყვიტე და აღარ წავსულვარ. 
– თუ ახერხებ ბავშვებთან, მეუღლესთან ერთად სადმე წასვლას? 
– დიდი ხნით – ვერა, მაგრამ ცოტა ხნით ვახერხებთ. ახლა ვცდილობ, ჩემი ალბომი ხარისხიანად გავაკეთო. ისე არ მოხდეს, რომ დამთავრდა პროექტი და მეტი არაფერი აღარ ხდება. ამიტომ, დიდი ხნით სადმე წასვლას ვერ ვახერხებთ. ამ ყველაფერს დიდი შრომა და დრო სჭირდება. ზოგს ჰგონია: დაიწყებს ალბომზე მუშაობას და 1-2 თვეში გააკეთებს, ასე არ არის. თითოეული სიმღერა ისეთი უნდა იყოს, რომ ჯერ მე მომეწონოს და მერე მივიდეს მსმენელამდე. ბევრი შრომა, მუშაობა დასჭირდება, ამიტომ რაღაცეებს რომ მოვედო, არ იქნება კარგი. ჯობია, ბოლომდე მივიყვანო ეს საქმე. 
– შრომისმოყვარე, ალბათ, ხარ? 
– რაც მაინტერესებს, იმას ბოლომდე მივყვები. მაგრამ, თუ რაღაც ისე რა მომწონს, შემიძლია, მივაგდო.
– არქიტექტორობას აღარ აპირებ? 
– პროფესიით კი ვარ არქიტექტორი, ძალიან ლამაზი ხელოვნებაა არქიტექტურა, მაგრამ მუსიკამ უფრო გამიტაცა. მომავალში ვნახოთ, რა იქნება. 
– ხომ არ აიღე მართვის მოწმობა, მოგებული ავტომობილით რომ იარო?
– არა, ჯერ არ ამიღია. ავიღებ, რა მეჩქარება. თითქმის ყველა პრიზი გადმომცეს. რაც დამპირდნენ, ყველაფერი შემისრულეს. პრინციპში, ასეთი კლასის მანქანა არ მჭირდებოდა, ამიტომ გავყიდე. ისე მოვიხმარ ჩემთვის, ოჯახს მოვახმარ. „მაგთიმ“ ჩამირიცხა 30 ათასი იმისთვის, რომ პროფესიონალურად წავიწიო წინ. ტყუილად დახარჯვას არ ვაპირებ. სტუდიური მონიტორები ვიყიდე, ასევე აპარატურა, რაც დაგვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს თავს რეალიზაცია გავუკეთოთ. 
– სარფიანად დააბანდე...
– დიახ. განაწილება არ გამჭირვებია. მთლიანი თანხა არ დამიხარჯავს, ჯერ კიდევ ვგეგმავ, რაში შემიძლია, გამოვიყენო. ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო – ხომ ნათქვამია. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სპონტანურად არ ვიღებ. ვცდილობ, სერიოზული შეცდომები არ დავუშვა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი პრიზი, რომელიც „რუსთავი 2-მა“ დააწესა, ეს იყო ლონდონში ერთთვიანი მასტერ-კლასი, რომელიც ჩემს გარდა, სხვა მონაწილეებსაც გადასცეს. ჯერჯერობით გამგზავრების ზუსტი რიცხვი არ ვიცით, ნოემბერში გეგმავენ ჩვენს წაყვანას – ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, დიდ გამოცდილებას მივიღებთ. 
– ცოტა ხნის წინ მეუღლესთან ერთად პარიზში იყავი. როგორი დრო გაატარეთ?
– „ვი-თი-ბი“ ბანკმა გადმომცა პარიზის საგზური, ხოლო „ფორტუნამ“ ამსტერდამის. პარიზის გამოვიყენეთ, ამსტერდამის – ჯერ არა. იქაც მეუღლესთან ერთად წავალ. 
– გოგონების დიდი ნაწილისთვის პარიზი ოცნების ქალაქია. შენი მეუღლეც ხომ არ ოცნებობდა იქ წასვლაზე? 
– როგორ არა. ძალიან უნდოდა ტრიუმფალური თაღის ნახვა. მეც მაინტერესებდა პარიზი, როგორც ქალაქი, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და ლამაზია. კარგი იყო, ბევრი რამ ვნახეთ, ყველგან ვიყავით: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, ლუვრში, ეიფელზე. ამსტერდამში წასვლის ვადა ახალ წლამდე გვაქვს და მოვახერხებთ მანამდე რამეს. 
– რას საქმიანობს ამჟამად შენი მეუღლე?
– ბავშვებს ზრდის. სამკურნალოზე სწავლობდა, „სდასუ“ აქვს დამთავრებული, ბაკალავრია გაიარა. მაგისტრატურაში არ გაუგრძელებია სწავლა: ბავშვები გაიზარდონ და მერე გავაგრძელებო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 
– ბავშვების გაზრდაში აქტიურად ხარ ჩართული? 
– კი, როგორ არა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. შეძლებისდაგვარად, რის გაკეთებასაც ვფიქრობდი, რომ შევძლებდი – ვაკეთებდი. ზედმეტი რაღაცეები არ გამიკეთებია, რადგან პატარები რომ იყვნენ, არ მინდოდა, რამე დაშავებოდათ. რაც ვიცოდი, რომ გამომივიდოდა, იმას ვაკეთებდი და ვეხმარებოდი. 
– ხომ არ გჭირდება მათ მიმართ სიმკაცრის გამოჩენა? 
– არა. თუ რაღაცას დააშავებენ, ჯობია, დედა ეჩხუბოს, მე რატომ უნდა ვეჩხუბო. არ სჭირდებათ ჩხუბი ან სიმკაცრე, ისეთს არაფერს  აფუჭებენ, რომ სერიოზულად გავბრაზებულიყავი. 
– თამთა გოდუაძესთან გაქვს ურთიერთობა, ხომ არ გეგმავთ ერთად რამის გაკეთებას? 
– თამთა საქართველოში არ არის. „ფეისბუქით“ ვურთიერთობთ. ჯერჯერობით არაფერს ვგეგმავთ ერთად, მერე ვნახოთ. მიხარია, რომ პროექტის შემდეგ ყველაფერი უკეთესობიკენ მიდის და მერე ვნახოთ, რა იქნება. ახლა ჩემთვის პირველი ამოცანაა, გამოვიდეს ალბომი, რასაც თავისთავად მოჰყვება პრეზენტაცია, კონცერეტები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები