1 5 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

წმიდა ნიკოლოზის ხატის მიერ აღსრულებული სასწაული

წმიდანთა ცხოვრება და, საერთოდ, მთელი საეკლესიო ცხოვრება, დაფუძნებულია რწმენასა და სიყვარულზე. წმიდა ნიკოლოზი მართლაც საოცრად დიდი სიყვარულით სარგებლობს ხალხში. მას ყველა სასოებით უხმობს გასაჭირის ჟამს და ისიც მსწრაფლ შეეწევა მათ, მაგრამ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შეწევნა ჩვენი რწმენისაებრ გვეძლევა. ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: ერთმა უშვილო ცოლ-ქმარმა ლოცვით გამოითხოვა შვილი უფლისგან. ოჯახის მამამ გადაწყვიტა, ოქროს ჭურჭელი შეეწირა ტაძრისთვის და ხელოსანს მისი დამზადება სთხოვა. ნამუშევარი რომ იხილა, ისე მოეწონა, რომ გადაწყვიტა, მეორე ჭურჭელიც შეეწირა ეკლესიისთვის. სმირნასა (ოსმალეთში, დღევანდელი ქალაქი იზმირი) და ლუკიაში ის ამ ორი ჭურჭლით წავიდა – სურდა, მოელოცა ტაძარი და თაყვანი ეცა წმიდა ნიკოლოზის უხრწნელი ნაწილებისთვის. მან შვილს, რომელიც ჯერ კიდევ პატარა იყო, დაავალა, წყალი ოქროს ჭურჭლით მოეტანა. ბავშვმა თავი ვერ შეიკავა, ჭურჭელთან ერთად გადავარდა ზღვაში და დაიხრჩო. დამწუხრებულმა კაცმა ხომალდზე გამოიტირა თავისი ძე, მაგრამ, დიდი იყო მისი რწმენა და სიყვარული უფლისადმი. ის არ მობრუნდა შინ და გზა განაგრძო, რათა ერთი ჭურჭელი მაინც შეეწირა ტაძრისთვის და თაყვანი ეცა წმიდა ნიკოლოზის საფლავისთვის. როდესაც ის წმიდა ნიკოლოზის ხატთან მივიდა, რაღაც ძალამ ორჯერ მოისროლა იქიდან. ამ დროს კარი გაიღო და ტაძარში მისი ვაჟი შემოვიდა იმ ჭურჭულით ხელში, რომლითაც მან ბავშვი წყლის მოსატანად გაუშვა.

რაც შეეხება წმიდა ნიკოლოზის ხატებს, მათი სასწაულმოქმედების შესახებ ერთი ამბავი მინდა მოგითხროთ: ბერძენს ბარბაროსი ჰყავდა ტყვედ და დაჰპირდა, რომ, თუ გამოსასყიდს მიუტანდა, გაათავისუფლებდა მას, მაგრამ გამოსასყიდად არავინ მოვიდა და არც თავდებად დაუდგა ვინმე. მაშინ ქრისტიანმა ის წმიდა ნიკოლოზის ხატთან მიიყვანა და უთხრა: „წმიდა ნიკოლოზი იქნება თავდები იმისა, რომ შენ გამოსასყიდს მომიტან“... – და გაათავისუფლა ბარბაროსი. ის გახარებული წავიდა სახლში, თან ეცინებოდა ქრისტიანის გულუბრყვილობაზე. გამოსასყიდის მიტანის დრო რომ გავიდა, მან სიზმრად წმიდა ნიკოლოზი იხილა, რომელმაც უთხრა: „წადი და გადაიხადე შენი გამოსასყიდი“. გამოღვიძებულმა ბარბაროსმა არაფრად ჩააგდო წმიდა მამის სიტყვები. შემდეგ მას გზაში შეხვდა ერთი ბერიკაცი, რომელმაც გააფრთხილა, რომ ქრისტიანისთვის გამოსასყიდი მიეტანა. არც ამ შემთხვევას მიაქცია ყურადღება. მოგვიანებით ის ჯირითში იღებდა მონაწილეობას და ცხენზე ამხედრებული ისეთი სიმძლავრით დაენარცხა მიწას, რომ რამდენიმე დღე უგონოდ იწვა. გამოფხიზლებულმა გააცნობიერა, რომ გამოსასყიდი უნდა გადაეხადა. მივიდა წმიდა ნიკოლოზის ხატთან, თაყვანი სცა მას და შენდობა სთხოვა, შემდეგ კი საჭირო თანხაზე ორჯერ მეტი გადაუხადა ქრისტიანს; თავადაც მოინათლა და მადლობას სწირავდა უფალსა და წმიდა ნიკოლოზს სასწაულისთვის, იმ გზის ჩვენებისთვის, რომელსაც კაცი ცხონებისკენ მიჰყავს.

ამოკრებილია ჩუღურეთის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურ იოანე კვანჭიანის ქადაგებიდან 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები