1 4 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ჩემი სახით წლების განმავლობაში ქუჩა-ქუჩა დადიოდა აწყვეტილი ლოთი კრიმინალი"

წერილი საქართველოს მთავრობას

პატივცემულო მთავრობავ,

მე, საქართველოს მოქალაქე ლია ლიქოკელი, მოგმართავ დიდი მოწიწებით და მადლიერებით. 

მსურს ვაღიარო, რომ წლების განმავლობაში ქუჩებში, სკვერებში, უცხო ეზოებში და სადარბაზოებში ვეწეოდი უზნეო ქმედებას - ვიღებდი ალკოჰოლურ სასმელებს, კონკრეტულად არაყს და ლუდს. ხან ერთად, ხან ცალ-ცალკე. ხან ჩემსავით უწესო მეგობრებთან ერთად, ხან მარტო. მერე მივდიოდი სახლში შუაღამისას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, უფრო ზუსტად, მთვრალი. ვაბრახუნებდი ეზოს კარზე და ვაღვიძებდი მეზობლებს, სხვანაირად რომ ვთქვათ, ანგელოზებს ვუფრთხობდი, და საფრთხეს ვქმნიდი საზოგადოებაში ნევროზის გამწვავების მიმართულებით. 

გარდა ამისა, მე, როგორც პოტენციური კრიმინალი, წარმოვადგენდი საფრთხეს ზოგიერთი მამრობითი სქესის წარმომადგენლისთვის, რადგან ვაღიარებ, რომ მქონია მცდელობა, სიყვარული ამეხსნა მათთვის მსგავსი აღვირახსნილი ლოთობის შემდეგ, პირდაპირ ქუჩაში. და მეკოცნა, ასევე პირდაპირ ქუჩაში.
აღარაფრს ვიტყვი ამის შედეგად დაწერილ უწესო და ამორალურ, თანაც ურითმო ლექსებზე. ვაღიარებ, რომ ჩემი სახით წლების განმავლობაში ქუჩა-ქუჩა დადიოდა აწყვეტილი ლოთი კრიმინალი, რომელიც ზოგჯერ მიიმღეროდა კიდეც სრული უხმობა-უსმენობის მიუხედავად, არყის ან ლუდის ბოთლით ხელში; ნაგვის ურნებთან მიქუჩებულ უპატრონო ძაღლებს და კატებს მიმართავდა საალერსო სიტყვებით; გამოიყურებოდა ჯანსაღი მომავალი თაობის შობისთვის მომწიფებული ახალგაზრდა ქალისთვის სრულიად შეუფერებლად და შეურაცხყოფდა ქართული საზოგადოების სათუთ ესთეტიკურ გრძნობებს. 

ახლა კი მსურს, მადლობა გადაგიხადოთ. მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ კანონის მიხედვით ისჯება ყველა ის უმსგავსობა, რაც ჩამოვთვალე, მინდა გითხრათ, რომ ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს. თითქოს სულიერად ავმაღლდი და გულიდან ლოდი გადამიგორდა, რადგან რა ხანია ამაოდ ვცდილობდი, აღმეკვეთა ჩემს თავში ყველაფერი ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ. 

ახლა უკვე ვიცი, რომ მე მარტო არ ვარ. ვიცი, რომ თქვენ მიყურებთ. და თქვენი წყალობით აღარ დავდგები საფრთხის წინაშე, დავეშვა ფსკერზე და ჩავეფლო უზნეობის ჭაობში. 

აღარაფერს ვიტყვი იმ სარგებელზე, რაც საზოგადოებამ მიიღო ჩემი და ჩემნაირების ზღვარგადასული პარპაშის აღკვეთის შედეგად. განსაკუთრებით ჩემმა მეზობლებმა, შეყვარებადმა ბიჭებმა, და იმ არყის თუ ლუდის ბოთლებმა, რომლებსაც უნდა ითქვას, რომ პატიოსნად, მაგრამ დაცლილებს, უმწეოებს და სიმარტოვისთვის განწირულებს ვტოვებდი ნაგვის ურნებში. 

გმადლობთ, რომ არსებობთ.

თაყვანისცემით, თქვენი ლია. 

ავტორი: ლია ლიქოკელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები