1 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მეთხუთმეტე კაცი – სულხან-საბას მოტყუებული სიბრძნე

ეს ობოლი მარგალიტი დავაცვი და დავაშადე, პირნი ჩემნი უსაზომო ამ საქმითა გავაშადე, სიბრძნე ჩემი, რიტორობა, მოვაწვივე, მოცავხადე მაგრამ ჩემთვის ამართული ვერ დავშალე ვერსად ბადე. „ქილილა და დამანა" თქვა რუქამ არაკი დიდი და უცნაური კაცი გახლდათ: ცდილობდა, მთელი სამყარო ჩვენს ენაზე მოეთარგმნა, მერე ქართულიც გადაესროლა უცხოურისკენ - გზად და ხიდად თუ საშველად. კავშირების მნიშვნელობა იცოდა. ამ მნიშვნელობის შესაბამისად იღვწოდა. „სიტყვის კონაზე" მოგახსენებთ - გალაქტიკების, მზეებისა და წვიმების ლექსიკონზე, მსოფლიო ლიტერატურაში ყველაზე ექსპერიმენტულ ლირიკულ პოემაზე. უნებლიე პოემაზე, ცხადია. საგანმანთლებლო ნაწილზე საუბარი უადგილო მიმაჩნია ჩემზე განათლებულ მკითხველთან, ამგვარი კორპუსის მნიშვნელობაზე ჩვენს უბნელეს საუკუნეებში ალბათ ვინმე ახირებული თუ იდავებს. სულხან-საბა მოგზაური კაცი იყო, ამ სიტყვის მრავალგვარი გაგებით. საკუთარ თავში, საკუთარ ენაში, ხალხში, თუნდაც ეკლესიაში, რწმენაში. საკუთარ სახელშიც კი. ორ სახელში. მთა-მთა და ზღვა-ზღვა მოსიარულე. ქართველებს მოგზაურობა ძნელად გვიყვარს. გვეშინია. უცხო ადამიანის სუნი მოჰყვება ხოლმე. რამდენიმე ოდისევსური პერსონაჟი გვყავდა, მაგრამ გვერჩივნა, სულ შინ მსხდარიყვნენ. გარეთ ნაკლებად ვუთანაგრძნობდით. დაბრუნებულებს - მით უმეტეს. ამიტომაც მისი წიგნი მოგზაურობაზე არცთუ პოპულარულია ჩვენში. ვერც მისი სიბრძნე გავიგეთ. „კუ და მორიელი" მგონი სცენარად ჩავთვალეთ და ჩვენს ყოველდღიურ თეატრში დილა-საღამოს ვიმეორებთ. „ენით დაკოდილი" - ხუმრობით რომ ვთქვათ, პირველი მანიფესტი სიძულვილის ენაზე - ამავე სცენარის ნაწილად ვიგულისხმეთ. და საერთოდ, მგონი იგავებს ძალიან უკუღმა ვუყურებთ. მოთარგმნა გვეზარება. სულხანისაც და იესოსიც. ამიტომაც მასწავლებლების და მოსწავლეების უმეტესობას ლეონის აღზრდის მეთოდები ჰგონია აქ მთავარი და სიცრუის არსი ამ შეგონებაში ეტევა: ,,არა, ტყუილი კი არ ვარგა, ბავშვებო, მაგრამ როცა იგავ-არაკში წერია, მას აქვს გადატანითი მნიშვნელობა". მოკლედ, ჩვენ დიდი კონფლიქტი გვაქვს სულხან-საბასთან. მისი ასე შორიდან მოთვინიერებაც გადავწყვიტეთ. რწმენის გამო წვერებით ნათრევ და განკვეთილ კაცს ბოლოს რაღაც მონანიება დავაბრალეთ - ჩვენივე გაუგებარი სიმშვიდისა და კომფორტისთვის. დიდობას ვერ ვართმევდით და დიდი რომ იყო, ჩვენ უნდა გვმსგავსებოდა მაინცდამაინც. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვითრიეთ მისი იდეები წვერით. ბოლოს კარგი ლექსებიც დავუწერეთ. მაგრამ მთავარი არ გვითქვამს. „ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა". არადა მეთხუთმეტე და მეასე კაცად სწორედ უკან დაბრუნდა. შინ ვერ მივიღეთ ეს ახალი სამყაროს ნაწილად ქცეული ადამიანი. ამას წინათ მისი დაბადების დღე იყო - ესეც ძლივს შევიმჩნიეთ. მე ასე მომინდა მომელოცა. საყვედურით საკუთარი თავის მიმართ. ალბათ, ისიც ასეთ მილოცვას თუ ელოდა. mastsavlebeli.ge ავტორი: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები