1 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ არის უამრავი ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანი ღარიბი? - წიგნიდან “მდიდარი მამა, ღარიბი მამა”

1995 წელს სინგაპურში ერთ გაზეთს ინტერვიუ მივეცი. ახალგაზრდა რეპორტიორი ქალი დანიშნულ დროს მოვიდა და ინტერვიუც დაუყოვნებლივ დაიწყო. ჩვენ მდიდრული სასტუმროს ვესტიბიულში ვიჯექით, ყავას მივირთმევდით და სინგაპურში ჩემი ჩამოსვლის მიზანზე ვსაუბრობდით. ჩემი მიზანი იყო ტრიბუნა გამეზიარებინა მისტერ ზიგ ზიგლართან, რომელიც მოტივაციაზე საუბარს აპირებდა, მე კი „გამდიდრების საიდუმლოზე“. „მინდა ისეთი ავტორი გავხდე, როგორიც თქვენ ხართ. თქვენი წიგნები ხომ დიდი წარმატებით იყიდება“ – მითხრა რეპორტიორმა. მისი რამდენიმე სტატია მქონდა წაკითხული და განცვიფრებული ვიყავი მისი წერის მანერით. ის წერდა თავისუფლად, ყოველგვარი ქარაგმების გარეშე. მისი სტატიები ძალიან საინტერესოდ იკითხებოდა. „თქვენ წერის შესანიშნავი მანერა გაქვთ“ – ვუთხარი მე. „რა გიშლით ხელს თქვენი ოცნებების განხორციელებაში?“ „გამოდის, ჩემი სამუშაო არავის აინტერესებს, – თქვა ჩუმად ქალმა. „ყველა ამბობს, რომ ჩემი რომანები შესანიშნავია, მაგრამ არაფერი არ ხდება. ამიტომაც ვაგრძელებ მუშაობას გაზეთში. აქ ყოველ შემთხვევაში მიხდიან მაინც. თქვენ შეგიძლიათ რაიმეს შემოთავაზება?“ „შემიძლია“ – მკაფიოდ ვუთხარი მე. „აქ სინგაპურში ჩემი ახლობელი ლექციებს ატარებს გაყიდვების შესახებ. მისი სწავლების კურსები გათვალისწინებულია სინგაპურის წამყვანი კორპორაციებისთვის, ჩემი აზრით, ერთ-ერთ მათგანზე დასწრება თქვენს კარიერას ძალიან წაადგებოდა.“ ის გაქვავდა. „თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ ვაჭრობის კურსებზე უნდა ვიარო?“ მე თავი დავუქნიე. „თქვენ ამას სერიოზულად მეუბნებით?“ ვანიშნე, რომ სრულიად სერიოზულად ვესაუბრებოდი. „რა არ მოგწონთ?“ – ვკითხე მას. ჩანდა, ქალი რაღაცაზე გაბრაზდა, მაგრამ ვერ გავიგე რაზე. მე დახმარებას ვცდილობდი, ის კი იბუტებოდა. „მე ინგლისური ლიტერატურის მაგისტრი ვარ. რად მინდა ვაჭრობის სწავლა – მე პროფესიონალი ვარ. იმ პროფესიას დავეუფლე, რომელიც მომწონდა და ვერ ვხედავ აუცილებლობას, რომ გამყიდველი გავხდე. ვერ ვიტან გამყიდველებს. ისინი ფულზე გიჟდებიან. მითხარით, რატომ უნდა გავხდე გამყიდველი?“ – განაგრძობდა ქალი და ძალით აკვეხებდა ქაღალდებს ქეისში. ინტერვიუ დამთავრდა. ყავის მაგიდაზე ჩემი ბესტსელერი იდო, იქვე იყო რეპორტიორის ბლოკნოტიც. ბლოკნოტი ავიღე და გადავფურცლე, მასში საუბრის მსვლელობისას გაკეთებული ჩანაწერები იყო. „ხედავთ ამას?“ – ვკითხე მე და მის ჩანაწერზე მივუთითე. „რა?“ – მკითხმა მან შეშფოთებით. ბლოკნოტში ჩაწერილი იყო: „რობერტ კიოსაკი – ავტორი, რომლის წიგნებიც კარგად იყიდება“. აქ წერია „ავტორი, რომლის წიგნები კარგად იყიდება“ და არა „ავტორი, რომელიც ყველაზე უკეთ წერს“. ქალს თვალები გაუფართოვდა. „მე საშინელი მწერალი ვარ. თქვენ – შესანიშნავი. მე ვსწავლობდი გაყიდვებს, თქვენ მაგისტრის წოდება გაქვთ ლიტერატურაში. თუ ამას გაყიდვის შესაძლებლობებსაც დაურთავთ, მაშინ თქვენ გახდებით, ავტორი, რომლის წიგნებიც შესანიშნავად იყიდება“. მის თვალებში მრისხანებად იფეთქა. „არასოდეს დავეცემი იქამდე, რომ გაყიდვა ვისწავლო. თქვენი მსგავსი ადამიანები არაპროფესიონალურად წერენ. მე პროფესიულად განსწავლული მწერალი ვარ, თქვენ კი უბრალოდ გამყიდველი. ეს ერთი და იგივე არ არის.“ სინგაპურის იმ წვიმიან დილას რეპორტიორი ქალი დიდი შუშის კარებს მიღმა გაუჩინარდა. რამდენიმე დღის წინ ჩემი მანქანა ტექნიკურად გაუმართავი აღმოჩნდა. მე ის სახელოსნოში მივიყვანე და ახალგაზრდა მექანიკოსმა ის სულ მცირე დროში შეაკეთა. მან პრობლემა მხოლოდ ავტომობილის ხმის მოსმენით ამოიცნო. მე აღფრთოვანებული დავრჩი. ცხოვრების რეალობა, სამწუხაროდ იმაშია, რომ მხოლოდ ნიჭი და ჭკუა საკმარისი არ არის. სკოლასა და სამუშაო ადგილებზე დამკვიდრებულია აზრი “სპეციალიზაციის” შესახებ. ამბობენ, რომ სპეციალიზაცია ბევრი ფულის გამოსამუშავებლად აუცილებელია, რადგან კარიერულ წინსვლაში გვეხმარება. სინამდვილეში ამისთვის, მხოლოდ ერთ პროფესიაში დახელოვნება არ კმარა. ადამიანებს ხშირად ვეკითხები: “საით მიყავს თქვენი ცხოვრება თქვენს ყოველდღიურ სამუშაოს?” მე მაინტერესებს აცნობიერებენ თუ არა ისინი, როგორი შედეგი მოჰყვება მათ გულმოდგინე შრომას. “ხელფასს მომიმატებენ”, “დამაწინაურებენ”, ეს ის ფრაზებია, რომლითაც ადამიანები თავს იმართლებენ, რაც მათ აიძულებთ, მთელი ცხოვრება არსებობისთვის ბრძოლას შესწირონ. დღეს, მშრომელთა უმრავლესობა არაფრისკენ არ მიისწრაფვის. ისინი აკეთებენ იმას, რისი კეთებაც მათ ასწავლეს – ებღაუჭებიან საიმედო სამსახურს. მშრომელთა უმრავლესობა მხოლოდ ხელფასით კმაყოფილდება. ფოკუსირებას ახდენენ იმ აზრზე, რომ „ერთ დღესაც“ ბედი გაუღიმებთ და ხეირს ნახავენ, მაგრამ საბოლოოდ, მათთვის ყველაფერი კატასტროფით მთავრდება. ეძებეთ ისეთი სამსახური, სადაც რაღაც ახალს გასწავლიან და არა ისეთი, სადაც მხოლოდ ხელფასს იღებთ. სანამ პროფესიას აირჩევდეთ და „ვირთხების რბოლაში“ ჩაებმებოდეთ, შეიძინეთ ცოდნა, განივითარეთ ახალი უნარები, გაეცანით სიახლეებს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ მთელი ცხოვრება არსებობისათვის ბრძოლას არ შესწიროთ. რობერტ კიოსაკი, წიგნიდან “მდიდარი მამა, ღარიბი მამა” 4motivi.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები