2 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

როგორ უნდა მოიქცნენ მორწმუნეები ბრწყინვალე შვიდეულის კვირას და შვიდეულში წასაკითხი პასექის ჟამნი

აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე. აღდგომა მორწმუნეები ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, მაგრამ ამჯერად ჩვენ მათ ვიხსენებთ არა იმიტომ, რომ განშორება ვიგლოვოთ, არამედ იმიტომ რომ, ვახაროთ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, რომელმაც “თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი და საფლავებსა შინა სიცოცხლე მიანიჭა!” თუ ადამიანს სწამს ღმერთი, სწამს, რომ ის აღდგა და სიკვდილი განაქარვა, მისთვის ამ სადღესასწაულო დღეებში მიცვალებულის დატირება და გლოვა დიდი ცოდვაა. განშორების მწუხარება, რომელიც მარად ჩვენს გულშია, ამ დღეს მეტად თავშეკავებულად უნდა გამოიხატოს, რამეთუ მას ცვლის დიდი სულიერი სიხარული და განცდა კვლავ შეხვედრის უეჭველობისა. ამასთან, საფლავებზე გავდივართ სწორედ ორშაბათს და არა თვით აღდგომას, რაც არ იქნებოდა მართებული. ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს; წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებშიც; დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება “პასექის ჟამნი”. ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინ დღესაც კი შეიძლება. აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას “გამარჯობის” ნაცვლად ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ახარებენ: “ქრისტე აღდგა” – “ჭეშმარიტად!” “ჭეშმარიტად აღდგა!” “ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!” [ბრწყინვალე შჳდეულში, ნაცვლად ლოცვანში მითითებული დილა-საღამოს ლოცვებისა, იკითხება პასექის ჟამნი] ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების-შინათა ცხოვრებისმიმნიჭებელი (3-გზის). აღდგომაჲ ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესუს, მხოლოსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ჴმა-ვყოთ: ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ შენსა გარეშე სხუაჲ ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყუანის-ვსცეთ ქრისტჱს, ღმრთისა ჩუენისა, აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისაჲ. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცუმაჲ თავს-იდვა ჩუენთჳს და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა (3-გზის). იბაკოჲ, ჴმაჲ 4 ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული და ანგელოზისაგან ესმა ჴმაჲ საწადელი: ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა? იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი, წარვედით და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკუდილი მოკლა მჴსნელმა ჩუენმან და აღდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისაჲ და მაცხოვარი კაცთა ნათესავისაჲ. კონდაკი, ჴმაჲ 8 დაღაცათუ ნებსით თჳსით საფლავად შთაჰჴედ, უკუდავო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღჳე და აღსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ. ტროპარი. საფლავად ჴორცითა შეხუედ, ხოლო ჯოჯოხეთს სულითა, ვითარცა ღმერთი, და სამოთხეს ავაზაკისა თანა და საყდართა მამისა და სულისა თანა განუშორებელ იყავ, ქრისტე, რომელი ყოველსავე აღავსებ, გარეშემოუწერელო უფალო, დიდებაჲ შენდა. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ვითარცა ცხოვრებაშემოსილსა და ვითარცა უშუენიერესსა სამოთხისასა, ესრეთ გიცნობთ შენ, რომელი გამოჩნდი მჴსნელად ყოვლისა სოფლისა, აღსდეგ უბრწყინვალესი ყოველთა ნათელთაჲ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და გამოჩნდა საფლავი შენი, ვითარცა წყაროჲ ჩუენისა აღდგომისაჲ. აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ. ღმრთისმშობელისაჲ: ზეგარდმო განწმედილ იქმენ, ღმრთისა სამკჳდრებელო; გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მიეცემის სიხარული ყოველთა, ღმრთისმშობელო, რომელნი გიღაღადებენ შენ სიხარულით: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, ყოვლადუბიწოო დედოფალო. უფალო შეგჳწყალენ 40-ჯერ დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. უფალო შეგჳწყალენ 3-გზის ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ. ამინ. მომზადებულია ,,ამბიონის" მიხედვით

კომენტარები

მსგავსი სიახლეები