0 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რა ვითარებაა ამ წუთებში მცხეთაში-მამა გაბრიელის საფლავის გათხრა უკვე დაწყებულია

სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერში მამა გაბრიელის საფლავის გათხრა უკვე დაწყებულია. მონასტერში იმყოფებიან მხოლოდ მონაზვნები, სასულიერო პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საფლავის გათხრაში. მომლოცველებს კი დღეს, დაახლოებით 18:00 საათიდან მონასტერში უკვე აღარ უშვებენ. ასევე, მათთვის შეზღუდვებია დაწესებული მონასტრის გარე ტერიტორიაზეც, რადგან მონასტრის შესასვლელი გადაკეტილია ჯებირებით. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან სამხედროები, ასევე, იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. მამა გაბრიელის საფლავის გათხრის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალებს "ინტერპრესნიუსი" რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ. მცხეთაში მომლოცველები საქართველოს ყველა კუთხიდან არიან. სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერში მოქალაქეები უკვე ვეღარ შედიან. სპეციალური ჯებირებით არის შემოსაზღვრული მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, რომლის იქით გადაადგილების უფლება მომლოცველებს აღარ აქვთ. მონასტერში შესვლის საშუალება უკვე აღარ აქვთ არც მედიის წარმომადგენლებს. მცხეთაში უკვე გადაკეტილია ქუჩები და შეზღუდულია ავტოსატრანსპორტო მოძრაობა. წესრიგს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იცავენ. მცხეთის ქუჩებში საცობები ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ შეინიშნებოდა. ღირსი მამის გაბრიელ სალოსის ნეშტის გამობრძანება მოხდება შაბათს, 22 თებერვალს 12:00 საათზე. პატრიარქი ჩაბრძანდება სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერში და პარაკლისს გადაიხდის. პარაკლისის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 13:00 საათზე მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადასვენდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ხოლო 14:00 საათიდან სვეტიცხოველში მომლოცველებს საშუალება ექნებათ პატივი მიაგონ წმინდანს. სვეტიცხოველში საზეიმო ლოცვას კათოლიკოს-პატრიარქი დაიწყებს 19:00 საათზე. შესრულდება ღამისთევის წირვა 24:00 საათზე, 03:00 საათზე და ასევე კვირას, 23 თებერვალს 10:00 საათზე. წმინდა მამა გაბრიელ სალოსის ნეშთი ორშაბათს, 24 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადასვენდება, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული. შემდეგ წმინდა მამის ნეშტს სამთავროს ფერიცვალების მიძინების ტაძარში გადააბრძანებენ და საგანგებოდ გამზადებულ აკლდამაში დაასვენებენ. http://www.interpressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები