0 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"იქნებ არც გაიმეტოს ჩემი შვილი უფალმა და დანარჩენიც შევაგროვოთ..." - ნანიკო ხაჩიურის მამა

რამდენიმე დღეა ამ თემით იმდენად შეძრული ვარ, სათქმელის გამოხატვა ალბათ გამიჭირდება. თუმცა განცდა, რომელიც სწორედ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გამიჩნდა, ჩემს სიამაყედ იქცა: როცა 19 წლის ნანიკო ხაჩიურზე დაწერილ სტატიას (გოგონას ლეიკემიის მწვავე ფორმა დაუდგინეს, მის ოჯახს კი შვილის გადასარჩენად გროშიც არ აღმოაჩნდა) 145000 ადამიანი გამოეხმაურა, კომპიუტერთან დავჯექი და ... ავტირდი! ნანიკოს გადასარჩენად დაახლოებით 70000 დოლარი შეგროვდა. ამ 75000 დოლარიდან 50000 ათასი ბიზნესმენმა მიხეილ ხუბუტიამ გადაურიცხა გოგონას. რასაც სავარაუდოდ, სახელმწიფოსგან გაღებული 10000 ევროც დაემატება. ასე რომ, სასწაულები, როცა თუნდაც გულის კუნჭულში გვჯერა, რომ ის მოხდება, აუცილებლად ხდება! ამიტომაც ვუთხარი შვილზე დარდით ლანდადქცეულ ბიჭიკო ხაჩიურს, - ჩვენთვის შეუძლებელი უფლისთვის შესაძლებელია-მეთქი. ამიტომაც ვეუბნები იმ ადამიანებს, რომლებმაც ქველმოქმედება ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას პიარის შექმნის მცდელობაში ჩაუთვალეს, - თუ 19 წლის გოგოს სიკვდილის ხელიდან დახსნა შეგიძლია და რაც შეგიძლია, აკეთებ, უნდა ჩათვალო, რომ ამაზე მეტს ცხოვრებაში ვერაფერს შეძლებ. როცა ნანიკოს საბრალო მამას დავუკავშირდი, ის კიდევ უფრო მოტეხილი და განადგურებული მეჩვენა. ვუთხარი, - თქვენი შვილის ბედით შეწუხებულ ხალხს იმის გაგება სჭირდება, რა თანხა შეგიგროვდათ-მეთქი და თავი დამიქნია... აუცილებლად დაწერეთ, რომ ჩემს ცხოვრებაში არც ერთი დღე არ იქნება, რომ ამ ხალხზე არ ვილოცოო. სხვა დანარჩენი კი აი, ეს არის: - თითქმის ერთი კვირა გავიდა რაც თქვენს შვილზე დავწერეთ,. როგორ არის ნანიკო? - რა ვიცი. თოდუას კლინიკაში წევს. ექიმებმა გვითხრეს, კიდევ ერთ ქიმიას გავაკეთებთ, მორჩა, მერე დაავადებას ვეღარ გავაჩერებთ, უკვე საზღვარგარეთ უნდა წაიყვანოთ ძვლის ტვინის გადასანერგადო... - ერთი კვირა ძალიან ცოტა დროა, როგორც ვიცი, 35000 დოლარი მაინც გაქვთ კიდევ შესაგროვებელი, რა ფულიც გაქვთ, ამ თანხით არ შეიძლება გოგონას უცხოეთში წაყვანა და მკურნლობის დაწყება? - გვინდოდა, მაგრამ საავადმყოფოში გვითხრეს, - არ შეიძლება, აუცილებლად სრული 120000 დოლარი უნდა გადარიცხოთ წინასწარ, იქ მხოლოდ ასე მიგიღებენო. ეს ყველგან ასეაო. - მერე რას აპირებთ? - არ ვიცი... - როგორც ადრე მითხარით, ფულის შესაგროვებლად თქვენი შვილის უნივერსიტეტის მეგობრები და მათი მშობლები დადიან, რა ამბობენ? არსებულ თანხას არაფერი დაემატება? თუ არ დაემატება, რაც შეგროვდა ისიც ხომ წყალში გადაყრილი გამოდის?! - რა ვთქვა, მართლა არ ვიცი... ვეღარ ვფიქრობ. რაც შემიგროვდა, ესეც სასწაულია. დღეს ვის რა აქვს, რომ ეს მეფიქრა, ხალხი სხვის შვილს ფულს აჩუქებდა. მეგონა სიზმარი მესიზმრებოდა, როცა მიხეილ ხუბუტიას დავალებით დამირეკეს, - ბიზნესმენი 50000 დოლარით გეხმარებათო. მთელი ცხოვრება მუხლებზე რომ ვიყო დაჩოქილი, მადლობის გადახდას მაინც ვერ შევძლებ... იქნებ არც გაიმეტოს ჩემი შვილი უფალმა და დანარჩენიც შევაგროვოთ... ... მითხრა საბრალო მამამ და დამემშვიდობა. თვალი მივაყოლე მის მოხრილ მხრებს და კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ რაც ჩვენთვის შეუძლებელია, უფლისთვის არის შესაძლებელი. პ.ს ამ სტატიას ვამატებთ სატელეფონიო კომპანიების ნომერსაც, სადაც დარეკვით ნანიკოს ერთი ლარი გადაერიცხება( ნებისმიერი ქსელიდან 0901 700 091) ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის) "კვირის პალიტრა"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები