0 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა განცხადებას ავრცელებს ბაჩო ახალაია ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით?

"ქართული ოცნების ხელისუფლება არაკომპეტენტური, არამდგრადი, უხერხემლო პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით აგრძელებს უნიჭოდ დადგმულ მასკარადს. როგორც მოსალოდნელი იყო გრძელდება ბრალების ოდისეა ჩემს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი სასაცილოა და ამავე დროს სატირალიც - საქართველოს ხელისუფლებამ დაიმკვიდრა არა საქმის მკეთებლის, არა ქვეყნისათვის მზრუნველი გუნდის სახელი, არამედ არაკვალიფიციური, ისტერიული, მატყუარა, მტრის რიტორიკის გამზიარებელი და ჯაშუშების მფარველ ადამიანთა ჯგუფის სახელი. მათი „კრეატიული“ გონება მოსახლეობის კეთილდღეობას კი არ ემსახურება, არამედ ოპონენტების შევიწროებას, ძალადობას, ფაქტების გაყალბებას და ადამიანების ტრაგედიის გამოყენებას საკუთარი არაჯანსაღი პოლიტიკური მიზნებისათვის. მით უმეტეს, რომ ამ მიზნებს მოძალადე ბედუკაძის, ფარცხალაძისმაგვარი კრიმინალი და ყაჩაღი სახელმწიფო ჩინოვნიკების ან მათი მარიონეტების მეშვეობით ახორციელებს. საქართველოში დაბრუნებისას, სრულად მქონდა გააზრებული, რომ მოსახლეობის მოტყუებით, ადამიანების ტრაგედიის გამოყენებით ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა, საკუთარი სიცრუის და უნიათობის გადასაფარად პატიმრობაში მომაქცევდა. და მაინც, შეგნებულად გადავდგი ეს ნაბიჯი, მინდოდა რა საქართველოს მოსახლეობისათვის დამემტკიცებინა, რომ ჩემი თითოეული ნაბიჯი, ჩემი თითოეული ქმედება განპირობებული იყო საქართველოს ინტერესებით, ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის ზრუნვით, და მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად შემიზღუდეს კონტაქტი საზოგადოებასთან, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრინციპების დარღვევით დეტალურად აკონტროლებდნენ ჩემს კომუნიკაციას ადვოკატებთან და მონიტორებთან, განვლილმა წელიწადნახევარმა, სასამართლოში მიმდინარე პროცესებმა, ოთხ საქმეში გამამართლებელმა განაჩენმა დაშინებული, ტყეში გატაცებული, დაშანტაჟებული და მოსყიდული მოწმეების ფონზე, დაადასტურა ჩემი სიმართლე. რაც არ უნდა ბრალი წამიყენოთ, როგორც არ უნდა მტკიცებულებების ფალსიფიცირება მოახდინოთ, ნებისმიერ სასამართლოში როგორც საქართველოში, ასევე სტრასბურგში დაგიმტკიცებთ ჩემს უდანაშაულობას და კიდევ ერთხელ ფარდას ავხდი თქვენს სიყალბეს. ხელისუფლების სტრატეგია გასაგებია - კარგად ხვდებიან, რომ ბუნებაში არარსებული დანაშაულის დადასტურება ვერ მოხერხდება, შესაბამისად ხდება ახალი ბრალის შეთითხვნა რათა ხანგრძლივად მამყოფონ წინასწარ პატიმრობაში. ეს ბრალიც ძალიან მალე ყინულივით გალღვება, და ისევ დაძაბავენ გონებას ახალი მითის მოსაგონად. თუმცა დღესავით ნათელია - აბსურდული ბრალების ეს კასკადი განწირულის სულისკვეთება, უსუსურობის და შიშის ნიშანია, ისტერიული შიშის არ მისცენ პოლიტიკურ ოპონენტებს თავისუფლად მოქმედების საშუალება, ვინაიდან ზუსტად იციან მარცხისთვის არიან განწირულები. მათთვის ცხადია, რომ არ ვაპირებდი და არც ახლა ვაპირებ უკან დავიხიო ან რაიმე დავუთმო. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი პოლიტიკური და სამართლებრივი ბრძოლა გავუმართო მათ ყველა ფრონტზე და ყველა მიმართულებით. ახალი ბრალიც ჩემი ამ მიზნების შეკავების მცდელობა იყო, თუმცა მინდა გავაწბილო და იმედები გავუცრუო და ვუთხრა, ფუჭია ნებისმიერი მათი ასეთი ქმედება. ამ ადამიანებს ერთი რამე ვერ გაუთავისებიათ, პატიმრობაც ჩემი იარაღია, ჩემი ბრძოლა საქართველოს ინტერესებისათვის და საქართველოს მტრების წინააღმდეგ. ეს არის რთული გზა საზოგადოებამ დაინახოს ქართული ოცნების ანტისახელმწიფოებრივი ზრახვები, მათი რეალური, ცბიერი სახე. ეს ბრძოლა გამარჯვებამდე მიდის - სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს", - ნათქვამია ახალაიას განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები