0 8 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"თქვენ მოჰკალით ძერა?"

ჩამოტვირთვა

„დავბერდი! არ გჯერათ? ისევ კარგად ვთამაშობ? ახლა მე მკითხეთ... ავად ვარ, ჯანი არ მაქვს. ფეხები მტკივა, გულიც მაწუხებს. მძიმე ოპერაცია გავიკეთე, ნაწლავის კიბო მქონდა... ეს პრაღაში ექიმმა მომახალა. არ შემშინებია... ისღა ვთხოვე, გარეთ ცოლი დგას და არ გაუმხილოთ, უთხარით, რომ ოპერაცია მჭირდება-მეთქი... ეტყობა, ექიმმა ვერ გაიგო და ნატაშამ რომ შემოიხედა, მასაც უთხრა... მას მერე დიდი დრო გავიდა, დიდი იმ ადამიანისთვის, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა და, რომელსაც უდიდესი სიყვარულის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი არ უნელდება... „წავიდა რამაზი ნატაშასთან! 50 დღე თხოვდა წაყვანას და წავიდა თავის ბოლო და მუდმივ პაემანზე!! ღმერთო გაანათლე მათი სულები“„გენიალური რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა! ჩვენი რამაზი! დამთავრდა ეპოქა! დამთავრდა!...წერდა რამდენიმე თვის წინ რეჟისორი ქეთი დოლიძე facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. ასამდე კინოფილმი, კიდევ უფრო ბევრი თეატრალური წარმოდგენა და ვარსკვლავი რუსთაველის თეატრის წინ ... რამაზ ჩხიკვაძე 1928 წლის 28 თებერვალს, თბილისში, დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში . მას შემდეგ, გენიალურ მსახიობს, არც კინოსა და არც თეატრში, სადაც მან განუმეორებელი სახეები შექმნა, როლები არ მოკლებია. პირველი კინოროლი „ჭრიჭინაში“ ითამაშა, შემდეგ იყო: "ნატვრის ხე", "ვერის უბნის მელოდიები, "დიუმა კავკასიაში", "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", "გაქცევა განთიადისას", "სანტა ესპერანსა", "დონ კიხოტი", "ქალაქი ანარა", "აშიკ-ქერიბი", "მზის ჩასვლა", "შეცდომების კომედია" და "ნერგები"... ნიჭიერებასთან ერთად რამაზ ჩხიკვაძეს წილად ხვდა ბედნიერება ემუშავა უდიდეს რეჟისორებთან - მიხეილ თუმანიშვილთან და რობერტ სტურუასთან. 1973 წელს, მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის - ეს იყო ფილმი "ნერგები"... 1974 წელს - საქართველოს სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიები - ყვარყვარეს როლის შესრულებისათვის, 1978 წელს - საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია აზდაკის როლის შესრულებისათვის "კავკასიური ცარცის წრიდან". 1981 წელს - საქართველოს სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები რიჩარდის როლის შესრულებისათვის. 1981 წელს - საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტისა და სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიენიჭა. ბოლოს კი - თბილისის საპატიო მოქალაქე... ერთი სიტყვით, რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედებამ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აღაფრთოვანა, იგი შექსპირული რეპერტუარის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს, დიდ ბრიტანეთში კი ქართველ ოლივიედ მონათლეს. ხვალ, გენიალურ მსახიობს რამაზ ჩხიკვაძეს დაბადებიდან 84 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ ამ იუბილეს მიეძღვნება შოთა რუსთაველის თეატრის ფოიეში დიზაინერ ნატალია ჩხიკვაძის მიერ შექმნილი კოსტუმების ჩვენება. ნატალია ჩხიკვაძე პირველ პერსონალურ ჩვენებას ბაბუის, რამაზ ჩხიკვაძის ხსოვნასა და იუბილეს მიუძღვნის. ფოიეში გამოფენილი იქნება რამაზის ნახატებიც. ჩვენების შემდეგ, თეატრის დიდ დარბაზში მსახიობის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართება. ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები რამაზ ჩხიკვაძის ცნობილი სპეკტაკლებიდან და ფილმებიდან. სცენაზე მყოფი მსახიობები მოგვითხრობენ დიდი არტისტის ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალების შესახებ, გაიხსენებენ მსახიობთან დაკავშირებულა საინტერესო ამბებს, აგრეთვე გაგვაცნობენ სახელგანთქმულ კრიტიკოსთა გამონათქვამებს რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედების შესახებ. „ყველაფერი ძველდება მზისქვეშეთში, ცვდება, იფიტება, მტვრად და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წიაღს"... სამარადისოდ რჩება სიყვარული და ხელოვნება - ორი უკვდავი ცნება, რომლითაც სავსე იყო დიდი ქართველი მსახიობის ცხოვრება და მოღვაწეობა...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები