0 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“სიკვდილი ხომ საშინელებაა, მაგრამ სიცოცხლეც არანაკლები ყოფილა”

ჩამოტვირთვა

ვინსენტ ვან გოგივით, ამადეო მოდელიანივით და ნიკო ფიროსმანივით, თითქოსდა შორეული სამყაროდან ლტოლვილი პოეტი, კოსმიურის, მიწიერის და იმქვეყნიური განცდების შემოქმედებითი სინთეზი გახლდათ; მისი შემოქმედებითი სული დედამიწას შემთხვევით, თუ უფლის მეოხებით ჩაქროლებული სრულიად უცხო ფენომენია, რომელმაც ისედაც ტრაგიკული ადამიანის ტანჯულ და გვემულ სხეულში საშინელი ტყვეობა და მწარე ტკივილი განიცადა. დიახ, ეს მელანქოლიური პოეზიის მეფე ტერენტი გრანელია.......... მისი ღრმად სევდიანი და უცხო ჰარმონიად ქცეული გლოვა და კაცური მოთქმა პლანეტათა შორის ირეალური ფერებით გაჯერებული დიდ ხელოვნებად დაიბადა, მერე მგოსნის შეწირული და ეული სული უდროოდ განეშორა ხორციელ ტყვეობას და კოსმიური მარადიულობის სივრცეს შეერწყა. „არა სიკვდილი, არა სიცოცხლე, არამედ რაღაც სხვა,“ .........მხოლოდ იმ რაღაც სხვისა და უცხოს ძიებაში, აზრთა განცდებში და მის მოლოდინში განდეგილსა და მარტოხელა პოეტს არ დაჰკლებია გამანადგურებელი მტრობა და შური, განსაკუთრებით წითელმა პოლიტიკოსებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს იადონივით მგალობელი მგოსანი და წამების ეკლიან ბოძს გააკრეს… ტერენტი გრანელი, წალენჯიხაში, სამეგრელოს ამ უმშვენიერეს კუთხეში 1898 წლის 3 ივნისს დაიბადა , აქ იხილა პირველად მზე, თეთრად მოსილი კავკასიონი, ცაცხვზე წამომჯდარი მთვლემარე ყვავი_ყოფნასა და არყოფნაზე ღრმად ჩაფიქრებული, მაცხოვრის ტაძარში_წმინდა გიორგი, შუბაპყრობილი გველეშაპს რომ ებრძვის. სიყმაწვილიდანვე მძიმე ხვედრი არგუნა ბედმა: დედის უდროო სიკვდილი და ობლობა, მამის ხეიბრობა, სახლის დაწვა და სიღარიბე, დღე-მამის სახარაზოში თავაუღებელი შრომა, ღამით -გურამიშვილი, ბარათაშვილი, ვაჟა, ილია…მერე დედასავით ტკბილი დედინაცვალისა და მამის სიკვდილი…სიკვდილი მთელი ცხოვრება, რომელიც სულ თან სდევდა და აწამებდა. 1918 წელს მიატოვა სოფელი. დებს_მაშოს და ზოზიას დაკარგულ ძმაზე ცრემლიანი ოცნება დაუტოვა და თბილისს_თავის საყვარელსა და მტანჯველ თბილისს მიანდო ბედი… რკინიგზაზე მუშადყოფნა, შიკრიკობა ,,სახალხო საქმის,, რედაქციაში…ფარული შიში…ეჭვი…უცხოობა… და პირველი ლექსი ,,ახალ ნაკადში,, 1919 წელს… თავისუფალი საქართველო…სიხარული, ბედნიერება… მერე საბედისწერო რიცხვები_1921, 1924…სისხლი, კვლავ სიკვდილი და ,,მემენტო მორი,,… პოეზიის ზემგრძნობიარე ძალა ასულდგმულებდა მხოლოდ, პოეზია მიაფრენდა ზეცისკენ, მოუხილავ მესამე გზისკენ და ოდნავადაც არ ადარდებდა მიწიერი უსახლკარობა. მგოსნის ძლიერი, მძაფრი და მოუსვენარი სულიდან ამოვარდნილი ყოველი ლექსი უძირო მოთქმაა ამქვეყნიური ჟამისფერი სიცოცხლისა. გრანელმა, თავისი მგოსნური და ფილოსოფიური წრიული აზროვნებით _ აფეთქებული განცდით და ნაღდი პოეტური ხედვით უახლოეს საუკუნეებს, კოსმიური სიჩქარით გაუსწრო და მომავალი ათასწლეულის პოეტად მოგვევლინა. იგი სიკვდილ-სიცოცხლის მარადიულსა და ურღვევ შეუცნობად კავშირს, სამყაროს მთლიანობაში აღიქვამდა… “სიკვდილი ხომ საშინელებაა, მაგრამ სიცოცხლეც არა ნაკლები ყოფილაო”, ნაღვლიანად აღმოხდებოდა თურმე თანამედროვეებისაგან უკიდურესად შევიწროებულ პოეტს. მხოლოდ ნაღდ მიწიერ სიცოცხლეს, მის უსაზღვრო სითბოს და საოცარ სილამაზეს მიჰყავდა ტერენტი იმედის, ვიწრო და რთული ხელოვნების ბილიკებით, ოპტიმიზმის მარადიულ კვარცხლბეკამდე და უშუალოდ დგამდა იქ უკვდავებად ქცეულ ცოცხალ ლექსს, გამჭვირვალე მარმარილოს ქანდაკებად… შუმი......... მძიმე იყო და ეკლიანი მისი ცხოვრება, ხოლო პოეზია და კაცობა_მისი დევნილი. მარტოსულ და ველურ ყიჟინიდან განდგომილ პოეტს 1930 წელს თბილისიდან სურამში გადასახლება მიუსაჯეს_ სულით სნეულთა სახლში… ოთხი წლის კატორღა აგემეს უსათუთესი სულის პოეტს და ბოლოს_ თბილისს გაქცევა სურამიდან და არამიანცისეულ საავადმყოფოში მძიმე სენით სიკვდილი 1934 წლის 10 ოქტომბერს… არც ნეკროლოგი, არც უბრალო ცნობა სადმე გაზეთში… მცირე პროცესია ფარულად მიასვენებდა პოეტის ცხედარს პეტრე-პავლეს სააფლაოსკენ… კოსმოსის შორეული უწყვეტი ხმებივით და მოცარტის საოცრება რექვიემივით ალალ მართალი და ჭეშმარიტების ბეჭედია ტერენტი გრანელის პოეზია. უცხო ტალღად სტიქიასავით მოვარდნილი ლექსის ურთულესი სტილი და მხატვრული ფორმა არამიწიერი ემოციებით, აზროვნებით და განცდების მოწოლით, თანამედროვეთაგან დამსჯელური ღალატით დაღლილ-დაქანცული მგოსანი უდროოდ განაშორეს მიწიერ სიცოცხლეს და პოეტის უკიდურესად გახელებული და განაწყენებული სული სისხლისფერ ხაზად სამყაროს ვარსკვლავეთში გაიჭრა და საშინელ შორეულში მიიკარგა… დადგება ზამთარი… მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მე ყოველთვის მწვავდა. ასე გათავდება სინათლე და გაქრებიან მოგონების წამები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები