1 8 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნეკრესი - ქვაში გაცოცხლებული ქართული ლეგენდა

ჩამოტვირთვა

შემთხვევითი არაა, რომ საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ, IV საუკუნეში, მეფე თრდატმა სწორედ აქ, ამ მთაზე, ააგო ეკლესია, რომელიც დღეს ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ნეკრესის მონასტერი ამ ვაკეზე გაშენებულ ძველთაძველ ნაქალაქარს გვირგვინივით თავს ედგა და ქრისტიანობის წარმართობაზე მძლავრების სიმბოლოს წარმოადგენდა. ეს ტრიალი მინდორი, რომელიც კახეთში ყვარლის რაიონის სოფელ შილდასთან ახლოსაა გადაშლილი, უდიდეს ისტორიას იტევს. აქ ერთ დროს ძლიერი და მდიდარი ქალაქი ნეკრესი იყო გაშენებული. მთის ამ ფერდობზე დასახლებული პუნქტი ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეშე მეფე ფარნაჯომს დაუარსებია. სპარსეთის ვასალობის დროს ნეკრესი პოლიტიკურთან ერთად ცეცხლთაყვანისმცემლობის კერაც იყო. ამაზე მეტყველებს უძველესი წარმართული ტაძრის საძირკვლის კარგად შემონახული ნაშთები. მე-6 საუკუნეში ქრისტიანობის განსამტკიცებლად საქართველოში 13 ასურელი მამა ჩამოვიდა. საქართველო ახალი გაქრისტიანებულია, ამიტომ ცეცხლთაყვანისმცემლობა ჯერ კიდევ ფართოდაა გავრცელებული. მაზდეიანობა სპარსეთის სახელმწიფო რელიგია იყო. ირანის ვასალ ქართლ-კახეთში ქრიასტიანობის გავრცელებას სპარსი დამპყრობლები აქტიურად ებრძვიან. ერთ-ერთ ასურელ მამა აბიბოს ნეკრესის ეპარქია ჩააბრეს და მანაც ბინა სწორედ აქ, ამ უძველეს ადგილას, დაიდო. მისი სიცოცხლე ცეცხლთაყვანისმცემლობასთან ბრძოლას შეეწირა. მეოთხე საუკუნეში აგებული ბერთა საძვალე შემონახულ ძეგლებს შორის უძველესია. მეტიც, ეს ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ტაძარია საქართველოში. სამლოცველოს ბოლოს რესტავრაცია 5 საუკუნის წინ კახეთის მეფეებმა ჩაუტარეს. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკა VI-VII საუკუნეებით თარიღდება. კახეთის მეფეებმა აშენებიდან დაახლოებით ერთ ათასწლეულის შემდეგ ტაძარი ბერძენ და ქართველ ფერმწერებს მოახატვინეს. სამონასტრო კომპლექსის შესასვლელში ღია ცის ქვეშ V-VI საუკუნეებით დათარიღებულ მარანს შეხვდებით. 10-მდე ქვევრი რამდენიმე კვადრატულ მეტრ ფართობზე სიმეტრიულადაა ჩაწყობილი. აქვეა უძველესი საწნახელიც. ეს სამეთვალყურეო კოშკი კახეთის მეფებმა სწორედ მაშინ ააგეს, როცა აქაურობა მტრებს ვერ იტევდა. კოშკში მუდმივად იყო ადამიანი, რომელიც სიგნალს სხვა კოშკურებიდან იღებდა. მტრის მოახლოვებისას მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა მონასტერს აფარებდა თავს. რთულად მისადგომი ნეკრესი საუკეთესო სამალავი იყო. კოშკიდან მთელი სამონასტრო კომპლექსის ულამაზესი ხედები იშლება. ეს მცირე ზომის ეკლესიაც კახეთის მეფეებს იმავე პერიოდში აუშენებიათ. რესტავრაცია მასაც გასულ წელს ჩაუტარდა. პოლონელ ტურისტთა ჯგუფი საქართველოში პირველადაა. მათ კახეთის სიწმინდეების დათვალიერება სწორედ აქ დაიწყეს და ვერც აღფრთოვანებს მალავენ. არაერთი ლეგენდა არსებობს იმაზე, თუ როგორ დააღწია თავი ნეკრესმა სრულ განადგურებას. სწორედ ამ ლეგენდებს უკავშირდება ისიც, რომ სამღვდელოების წარმომადგენლები მრევლს მონასტრის შესასვლელში საკლავის შეწირვის ნებას რთავენ... XVII-XIX საუკუნეებში ნეკრესი კულტურულ-საგანმანათლებლო კერად იქცა. ნეკრესელი მღვდელმთავრები დოსითეოს ჩერქეზიშვილი და ზაქარია მიქაძე სასულიეროსთან ერთად სამწერლო მოღვაწეობასაც ეწეოდნენ. დღეს თითქმის მთლიანად რესტავრირებულ ლავრაში რამდენიმე ბერი ცხოვრობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები