სპორტი
თბილისი წყალბურთში მასშტაბური ტურნირისთვის ემზადება
2011-09-20 16:58:21
ჩამოტვირთვა
წყალბურთში ევროპის თასების გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდი 2011 წლის კლუბებს შორის თბილისში ჩატარდება. კლუბებს შორის ევროპის ჩემპიონატი 22 სექტემბერს დაიწყება და 24 სექტემბრამდე გასტანს. დედაქალაქი ამ მასშტაბური ღონისძიებისთვის ემზადება. ტურნირში საქართველოს სახელით ქვეყნის წლევანდელი ჩემპიონი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წყალბურთის გუნდი „ლიგამუსი“, იასპარეზებს.
ალექსანდრე ბითაძე, საქართველოს წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: „ ტურნირში ექვსი გუნდი მონაწილეობს. იმედი მაქვს, რომ პირველ ეტაპს დავძლევთ. ეს გათამაშება ხელს შეუწყობს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების მომზადებას.“
საკვალიფიკაციო რაუნდი საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკში“ ჩატარდება. ქართველმა წყალბურთელებმა დიდი შეჯიბრისთვის მზადება უკვე დაიწყეს. კლუბ „ლიგამუსის“ დირექტორი, გიორგი ლილუაშვილი, დარწმუნებულია, რომ ქართველი სპორტსმენების ასპარეზობა წარმატებული იქნება.
გიორგი ლილუაშვილი, წყალბურთელთა გუნდ „ლიგამუსის“ დირექტორი: „ძალიან ძლიერი გუნდები ჩამოდიან, იმედი მაქვს, რომ შარშანდელისაგან განსხვავებით მერვედფინალამდე მივალთ.“
გია გალდავა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე: „ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წინ უძღვის, 1 ოქტომბერს, რუმინეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების დაგეგმილ თამაშს. იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება“
საქართველოს ჩემპიონი გუნდის, „ლიგამუსის“, კონკურენტები იქნებიან ისეთი ცნობილი კლუბები, როგორებიცაა: უნგრეთის „ჰონვედი“, საფრანგეთის „ოლიმპიკი“, რუსეთის „სანკტ–პეტერბურგი“, ჰოლანდიის „დე ჟილ ლეიდენი“ და ხორვატიის „მედვესჩაკი“. რაუნდი „ჰონვენდ გრუპამა ბუდაპეშტისა“ და „სანკტ–პეტერბურგის“ თამაშით გაიხსნება, იმავე დღეს, 18:30 წუთზე საქართველოს „ლიგამუსი“ ჰოლანდიის „დე ჟილ ლეიდენს“ შეხვდება.
კომენტარები