0 0 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,დიმუ ალაგებს, მიუთოვებს, მირეცხავს, მიმზადებს.. დედაჩემი თავს მაინცდამაინც არ იგიჟებს შვილების მოვლა-პატრონობით"- თინა მახარაძე

მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"დედაჩემი ტიპია, თავს მაინცდამაინც არ იგიჟებს შვილებისა და მითუმეტეს ვინმეს მოვლა-პატრონობით ( მარტო მამაჩემს ჰყვებოდა ზედ ).
მე, ჩემის მხრივ, მშობლების ზრუნვას დიდად არასდროს ვსაჭიროებდი და თან რაღაცნაირად ვუკადრისობდი ბავშვობიდან. მერე 19 წლიდან მარტო გადავედი.
ვიცხოვრე ამდენი წელი ჩემთვის, სხვების დაუხმარებლად და გადასარევად - თუ საჭმელი არ იყო, გარეთ ვჭამდი, ან არ ვჭამდი, გაუთოვების მიზანშეწონილობა არც ერთხელ გამიცნობიერებია, თუ საფერფლე ახლოს არ იყო, სიგარეტის კოლოფში ვაფერფლებდი, მერე - იატაკზე, წიგნების ყდები მეგონა, რომ სავალდებულო მტვრით გამოდიოდა სტამბიდან და ა.შ.
ბოლო ორი წელია, რაც დიმუსთან ერთად ვცხოვრობ, დიმუა დედაც, მამაც, ფრეკენ ბოკიც და გუვერნანტიც. დიმუ ალაგებს, დიმუ მიუთოვებს, დიმუ მირეცხავს, დიმუ მიმზადებს და როგორც თვითონ ამბობს ხოლმე პატივმოყვარედ - სახლში დიასახლისი არის Dimu.
ხოდა გახდა ეს დიმუ უცებ ცუდად. მე კი გამოვიძახე სასწრაფო, დავუკოცნე თვალები და ნემსებსაც ვუკეთებ, მაგრამ შინ სწრაფად აყვავილდა შუაზე გაჭრილი, დაობებული კომბოსტო და მაცივარსაც შეახმა მწნილის წითელი წვენი. ატიკუსის გამოუხვეტავი ბეწვი დასართავი მატყლივით მოედო პარკეტს და სწრაფი კვების კონტეინერ-პაკეტებმა გადაავსო აივნები. დამხმარე ქალბატონი წინასააღდგომოდ გადატვირთული აღმოჩნდა და დავრჩით უპატრონოები.
დედაჩემი ტიპია, რომელიც თავს დიდად არავისზე ზრუნვით იგიჟებს, მაგრამ ასეთი უცნაური თვისება აქვს - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უიმედოდ ხარ და კვდები, პირიდან დუჟი გადმოგდის და კარის ზღურბლზე ფართხალებ, მაშინ, ვინც არ უნდა იყო, რამენაირად უნდა იმარჯვო და მოახერხო ვიკას ნომრის აკრეფა. ვიკა გეუბნება - მაცადე! - და გითიშავს. ორ წამში გირეკავს უკან და გისვამს რამდენიმე კითხვას, სრულიად არაადეკვატურს. მაგალითად: "თმა დაივარცხნე?" ან " წარბებს ვისთან იკეთებ ამ ბოლო დროს?", მერე ისევ გითიშავს. და ნახევარ საათში შენთან არის: მუდმივად გადაწეულ - გადატკეცილი თმით, სწორი, ვიწრო შარვლით, ვარდისფერი პალტოთი და ათასი ჯურის ქუსლიანი ფეხსაცმლით ( Spoiler alert: ნებისმიერი ისტორიის ბოლოს სააქაოს დარჩენილი ამ ქუსლებს კოცნი ).
დღეს ვიკას ქუსლების შეუვალი კაკუნი ამაღლების ბოლო აღმართზე ამაღლების დასაწყისიდან გაისმა.
ხუთჯერ აკაკუნებს კარზე. ამის მერე იწყება ბრძანებები: "მუსიკას ჩაუწიე, ძაღლი მომაშორე, გარეთ მოწიე, ნუ სუნთქავ, ცოტა ხანი სხვაგან იარსებე.. აბა, ეცადე, არ იარსებო". და აქედან ერთ საათში სახლი კრიალებს, ატიკუსი ფარდაგზე წევს და ფშვინავს, გაზქურაზე დგას სამი სავსე ქვაბი - ერთში მჟაუნის არაამქვეყნიური ბორში, მეორეში ვაშლის დაშაქრული კამპოტი, მესამეში ვაშლის დაუშაქრავი კამპოტი - ჩემთვის. მაგიდაზე ლამაზ ჯამებში - რა გინდა რა - ხილ-ბოსტნეული. ონკანი აღარ წვეთავს, გადამწვარი ნათურა ბრდღვიალებს, აბაზანაში წყალი დაუბრკოლებლად გადის, დღენიადაგ ტარზანივით ტიტველ დიმუს აცვია მატყლის წინდები, თბილი ჟაკეტი, შუბლზე ადევს კომბოსტოს ფურცლები, გვერდით უდგას სამი სახეობის ცხელი ჩაი ( ვალდებულია, სამივე დალიოს მიყოლებით) და სახლში ანგელოზთა გუნდი გალობს ვიკას დირიჟორობით. 
მერე კიდევ რამდენიმე ბრძანებას იძლევა და მიდის. რომ გეგონა, მოკვდებოდი, ექიმს ურეკავ და ეუბნები, რომ ბანძ დიაგნოზებს სვამს. ღმერთს ეუბნები, რომ მაგას თავი ვინ ჰგონია. დიმუ იძახის, რომ ყოველთვის Better call Vika "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები