1 3 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

დავით მურაჩაშვილი- გრძნობებით შექმნილი ნახატები- ორი ნიჭით შეზავებული ხელოვნება

ხატვა გრძნობების, აღქმულისა და აღსაქმელის, გარესამყაროს საკუთარი ფანტაზიით გადმოცემის საშუალებაა, ნიჭია, რომელიც ყველას არ აქვს. მხატვარ დავით მურაჩაშვილის შემოქმედების ხილვისას ერთი აზრი გებადება- თითოეული ნახატი იმ ფუნჯითაა შექმნილი, რომელსაც მხატვრის გულის სიღრმიდან ამომავალი გრძნობები ამოძრავებს. ზოგიერთ ნახატში მხატვრის სულის სარკეც კი ჩანს.

დავით მურაჩაშვილი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში გამორჩეული მხატვარია - დასამახსოვრებელი შინაარსი, ფერები, განწყობა - ეს მისი შემოქმედების ლეიტმოტივია. დავით მურაჩაშვილს ბავშვობიდან დაჰყვა ნიჭიერება - ხატვისა და სიმღერისადმი სიყვარული ადრეული ასაკიდან იმდენად აშკარა იყო, რომ მშობლებმა მშობლიურ ქალაქ გორიდან საცხოვრებლად თბილისში ჩამოიყვანეს, რათა ნიჭის განვითარებაში ხელი შეეწყოთ.

მხატვარი განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს ანზორ ერქომაიშვილთან ურთიერთობის წლებს- სწორედ მან უბიძგა დავითსა და მის ძმას ყველა ბავშვისთვის საოცნებო მუსიკალური მწვერვალი დაეპყროთ და ურთულესი ქართული ხალხური სიმღერა "ბერიკაცის" შესრულებისთვის მათი ხმა მე-20 საუკუნის ოქროს ფონდში დაცულიყო. ის პერიოდიც დადგა, როცა დავითი არჩევანის წინაშე დადგა - ხატვა თუ სიმღერა! "მართვესა" და "ერისიონში" გატარებული წლები არ ეთმობოდა მხატვარს, მუსიკალური სასწავლებელიც წარმატებით დამთავრა, თუმცა სამხატვრო აკადემიაში სწავლა გადაწყვიტა და მხატვრის კარიერა აირჩია.

მიუხედავად წარმატებული სამხატვრო კარიერისა, სიმღერა მისი განუყოფელი ნაწილია და ორივეგან წარმატებით მოღვაწეობს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დავით მურაჩაშვილის ნახატების ერთი თვითმყოფადი ხასიათი - აქ ფორმა და შინაარსი ადვილად აღსაქმელია, დამთვალიერებელი არ იღლება, თვალი და გონება ძალდაუტანებლად ტკბება აღქმულით, რადგან გამოსახულებები შინაარსის შესაბამისია. ფერები სამყაროსეული, მშვიდი და თბილია.

მხატვარი მუდმივად ცდილობს ნახატები ხელსაყრელ ფასად გაიყიდოს, რათა მეტმა ადგილობრივმა შეძლოს შეძენა და ნაკლებად გავიდეს უცხოეთში. უნდა აღინიშნოს, რომ დავითის ნამუშევრები საზღვარგარეთის კერძო კოლექციებშია დაცული - ამერიკაში, იტალიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, ბრაზილიაში, ავსტრიაში, დუბაისა და კანადაში. წარმატებულ ქართველებს შორის კი ეს ულამაზესი ნახატები ნანი ბრეგვაძისა და მერაბ სეფაშვილის კოლექციას ამშვენებს. დავით მურაჩაშვილი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს - უკვე მეორე წელია მისი კონკურსი ხატვაში თბილისის საკრებულოს თამარ- მეფის დარბაზში იმართება და მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს აძლევს თავის წარმოჩენის საშუალებას.

კონკურსი დიპლომირებული და აღიარებულია. ის მომავალ წელსაც გაიმართება. ყველა ხელოვანი ცდილობს პროფესიულ წარმატებას საზღვარგარეთაც მიაღწიოს. დავით მურაჩაშვილს დღემდე სთავაზობენ სამსახურს დუბაის საემიროებში - თუმცა, ჯერ-ჯერობით, ამ საკითხს გულდასმით განიხილავს. უახლოეს მომავალში ამერიკაში ვიზიტს გეგმავს და მისი შემოქმედების ახალი ეტაპიც იქ დაიწყება. უმოკლეს ხანში დავითი საკუთარ სამხატვრო სტუდიას გახსნის, რომელიც ხატვის მსურველებისთვის ნამდვილი ხელოვნების კერა გახდება. გამოფენები, ფესტივალები, კონკურსები, უახლესი ტექნიკითა და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით დატვირთული სასწავლო გარემო ელოდება მომავალ მხატვრებს.

დავით მურაჩაშვილი საზოგადოებრივი და შემოქმედებითი აქტიურობის გამო დაჯილდოებულია დიპლომებით, სერტიფიკატებითა და მადლობის სიგელებით. ეს კი მეტ სტიმულს სძენს წარმატებით გააგრძელოს ხატვა - ანუ, ხელოვნების ის დარგი, რომელიც მშვენიერების უძლიერესი ამსახველია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები