1 9 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ირაკლი კობახიძე: „პოლიტიკის და ფინანსების კავშირი დემოკრატიული პროცესების შინაარსს განსაზღვრავს“


  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური პარტიების მონიტორინგისა და ანტიკორუფციული სამსახურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური ფინანსების სფეროში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, თბილისში რეგიონული კონფერენცია „ფული პოლიტიკაში“ ტარდება. ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა და დემოკრატიულ პროცესებში პოლიტიკის და ფინანსებს შორის კავშირის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„თემა არის ძალიან აქტუალური. საქმე ეხება პოლიტიკის და ფინანსების კავშირს და ეს კავშირი, საბოლოო ჯამში, დემოკრატიის შინაარსს, დემოკრატიული პროცესების შინაარსს განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და მოხარული ვართ, რომ ძალიან ფართო წარმომადგენლობით, მაღალკვალიფიციური და ძალიან ფართო გამოცდილების მქონე ადამიანების მონაწილეობით, დღეს გაიმართება ძალიან სერიოზული დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოსთვის პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობა არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. 


მე პირადად, ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ გახლდით მმართველი პარტიის სააარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის მოადგილე და მაქვს ძალიან ზუსტი წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ როგორ იხარჯება თანხები საარჩევნო პროცესსში, პოლიტიკაში ზოგადად და შემიძლია გითხრათ, რომ გამოწვევები არის საკმაოდ სერიოზული. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრაქტიკა არის თვისებრივად, რადიკალურად გაუმჯობესებული ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, ამის მიუხედავად, გამოწვევები რჩება. კვლავ არის პრობლემა პოლიტიკური სახსრების გაუმჭვირვალე ხარჯვა და შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი ოპონენტები რეალურად, ბევრად მეტს ხარჯავდნენ, ბევრად მეტი შემოსავალი და ხარჯი ჰქონდათ ამ არჩევნებში, ვიდრე ისინი ამის დეკლარირებას ახდენდნენ. 


აქ არის მარტივი დილემა - ხისტი რეპრესიული ზომების გამოყენების გარეშე, პრობლემა რჩება პრობლემად და ეს დილემა არის ის, რასაც აუცილებლად უნდა მოვეკიდოთ მთელი სერიოზულობით და რაც უნდა გავაანალიზოთ. ჩვენ გვახსოვს, სადამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პოლიტიკური პროცესები ხისტი რეპრესიული პრაქტიკის გამოყენებამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან და ეს რა თქმა უნდა, არ უნდა განმეორდეს..

პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის დონეზე საკანონმდებლო ბაზის დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.

„დღეს კონსტიტუციაში ეს პრინციპი, როგორც ასეთი, ასახული არ არის და სპეციალური ახალი რეგულაცია ჩნდება ქვეყნის ძირითად კანონში. ასევე, მთელი რიგი რეგულაციები შედის კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებაზე და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე აისახება. ამ კუთხითაც გვაქვს ჩვენ სერიოზული გამოწვევები, მათ შორის, ერთ-ერთი გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ ბლოკის ინსტიტუტის გამოყენებით პარტიები მარტივად ახერხებენ მანიპულირებას და დამატებითი სახელმწიფო სახსრების მიზიდვას თავისკენ და ესეც არის პრობლემა. საუბარი იყო იმაზე, რომ გარკვეული ფორმით განიხილებოდა პოლიტიკური პარტიების ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის გატანის საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური დღეს არის საუკეთესო ორგანო, რომელიც ამ ფუნქციას უნდა ახორციელებდეს. დამატებით შეგვიძლია, ჩვენ ამ თემაზე ვიმსჯელოთ, თუმცა, მე ამ სფეროში ცვლილებას არ მივესალმებოდი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები