2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წყლის პირას, მურყნის ჭალაში

მარტივად და მოკლედ,რომ გითხრათ ეს არის ნაწარმოები, რომელიც უემოციოდ არავის დატოვებს... როგორც კი "ლიტ.გეზე" "წეროს“  კონკურსანტების ნამუშევრები დაიდო მაშინვე გადავიკითხე."წყლის პირას მურყნის ჭალაში" ზუსტად ის იყო, რაღაც ღრმა და განსხვავებული. გეტყვით იმასაც, რომ მივხვდი მსგავსი სახით ისტორიის გადმოცემა მხოლოდ ლიას შეეძლო და მართალიც აღმოვჩნდი. დღეს ლიტერატურული კონკურსის "წეროს“ გამარჯვებული ლია ლიქოკელი გახდა. არ ვაპირებ თავი  ამაზე მეტად შეგაწყინოთ,თქვენ ამისთვის არ გცალიათ,რადგან  წინ ყველაზე სევდიანი,მაგრამ დადებითად განწყობილი მოთხრობა გელით, მაშ ასე გამარჯვებულ მოთხრობას "წყლის პირას, მურყნის ჭალაში" უცვლელად გთავაზობთ:

არაფერზეც არ არის ეს ამბავი. თუმცა შეიძლება იმ ფუტკრებზეა, დაუკითხავად რომ გადადიან სხვის ეზოში. ან იმაზე, სკოლაში წასვლის წინ თმას რომ ჩამოიწნავ და გაიფიქრებ, რომ მამაშენი უკვე მთელი ცხოვრებაა, იმ ერთ გაზეთს კითხულობს.

ჩემი კლასელები წელს უფრო დაბლები მოვიდნენ სკოლაში. მე ჩემს ადგილზე დავჯექი, ბოლო მერხთან, ცისფრად რომ არის შეღებილი. კაბა მუხლებზე ჩამოვისწორე, ჩანთიდან წიგნები ამოვალაგე და მასწავლებელი რომ შემოვიდა, ფეხზე ავდექი.

პირველი დღე იყო და თეთრი წინდები მეცვა.

მასწავლებელმა ხელით მანიშნა, დაჯექიო. ხმა არ ამოუღია.

მთელი პირველი გაკვეთილი რიგრიგობით ტრიალდებოდნენ ჩემკენ და მიყურებდნენ. მეორე გაკვეთილზეც. მესამეზეც. ჩემ გვერდით სკამზე არავინ იჯდა. ვხედავდი იმათ ზურგებს და ვფიქრობდი, მალე მიეჩვევიან-მეთქი. მერე წიგნები ჩანთაში ჩავალაგე და სახლისკენ წამოვედი. ახლა უკან მომყვებოდნენ, ზურგზე მოეგდოთ ჩანთები და ვაშლის მოსაპარად მიდიოდნენ.

ჩვენს ეზოში ვერ შემოძვრებიან, მამაჩემისა ეშინიათ. არადა როგორ წითლად ღაღანებენ ის ვაშლები. წელსაც თუ ისე მოვიდა თოვლი, ჩამოკრეფა ვერ მოვასწარით, ცუდი იქნება.

მამაჩემი სახლში არ დამხვდა. მაგიდაზე იდგა თაფლიანი წყლით სავსე ჭიქა, დილას რომ დავუტოვე. ისევ არ დაულევია. არადა რა სასარგებლოა მაგისთვის თაფლიანი წყალი. კუჭს იტკიებს, გულიც აწუხებს. ნახირშიც ამიტომ ვეღარ დადის.

დედაჩემი ხომ აღარ არის და სახლში ყველაფერი ჩემი საკეთებელია. სულ ბევრი საქმე მაქვს. ზოგჯერ დავჯდები, ჩამოვყრი ხელებს და მეტირება, რომელი ერთი უნდა მოვასწრო. მამაჩემმა არ უნდა დაინახოს ჩემი ტირილი, მაგისთვის კიდევ უფრო ძნელია.

ცეცხლი შევანთე, ცომის მოსაზელად წყალს გავაცხელებ-მეთქი. მამა მალე დაბრუნდება, თბილ პურს დავახვედრებ, ახალ ყველსაც ჩამოვჭრი.

ვარცლში ფქვილი ჩავყარე და წავიღიღინე. სიმღერა მიყვარს. განა ხმამაღლა, ჩემთვის. ერთი მაშინ თუ გავბედავ ხმას ავუწიო, დილაობით ხბოები რომ გამყავს მინდორში. სულ იმ მინდორში დამყავს, ფიჭვებიც რომ დგას კანტიკუნტად. ასე დავდიოდით ყოველ დილას, მთელი ზაფხული, მე ვმღეროდი, ისინი ბალახობდნენ. ახლა სკოლა დაიწყო, ვეღარ მოვასწრებ. ადრე კი ვდგები, მაგრამ თან ამდენი სხვა საქმე სახლში, თან - თმადაუწნავი ხომ არ წავალ სკოლაში. კაბებსაც დაუთოება უნდა.

ის იყო, წყალი შეთბა, ზუზუნი გავიგონე. ისევ გადმოვიდნენ-მეთქი ეს ოხრები, ისევ ჩემს ეზოში გადმოვიდნენ. გავვარდი. დავრბოდი, ფქვილიან ხელებს ვიქნევდი და ვყვიროდი. ვიცანი, იმათები იყვნენ. ჩემს ყვავილებს ესეოდნენ, ზუზუნებდნენ. აყეფდა ძაღლი და გადმოდგა ის ქალი აივანზე, თვითონ იქნებ სახლში არ იყო. რომც ყოფილიყო, არ გამოვიდოდა, ცოლს ეტყოდა, აბა გახედეო. ყველამ თავის ფუტკრებს მიხედოს-მეთქი, ვკიოდი მე და ყეფდა იმათი ძაღლი, ჯაჭვს აჩხრიალებდა.

მთელი ზაფხული ამ დღეში ვარ, სკა სკაზე ჩაამატეს. კარგია ჩვენი ეზო, ისე ვუვლი ამ ყვავილებს, ისე დავტრიალებ, გადმოვლენ და დაესევიან. შხამად გექცეთ-მეთქი ეგ თაფლი, გავსისინებ ხოლმე იმათი სახლისკენ, ჩემი ყვავილების თაფლი.

ჩუმად ვსისინებ, მამაჩემმა არ გაიგონოს.

...

მთელი ზაფხული ერთად დავდიოდით სათიბში. პატარა ხარო, მებრალებიო, გამომხედავდა მამაჩემი. მარტოს როგორ გავუშვებდი, ისედაც სუსტად არის. მერე მეზობლის კაცები დავიხმარეთ, როგორც ყოველ წელს. იმ კაცის გარდა. მოვიდნენ ჩუმად, ჩამწკრივდნენ, ასისინეს ცელები. ორი ძროხა გვყავს და ორიც ხბო, ბევრი თივა კი არ გვინდა, მაგრამ შარშანდელივით გრძელი ზამთარი რომ დადგეს, ისევ ხეების ჩამოკაფვა მოგვიწევს. თოვლში რომ დავდიოდით შარშან, როგორები დავდიოდით იმ სიცივეში, წინ მამაჩემი, უკან მე, დავკაფავდით წვრილ ტოტებს, ზურგით მოვათრევდით და ვაჭმევდით ძროხებს.

მივაბინავებ საღამოს, დედასავით მეკრობიან ხბოები. დავკოცნი, დაიძინეთ-მეთქი. მე ბევრი სამეცადინო მაქვს, გვიანობამდე მიწევს ჯდომა. ცუდად კი ვხედავ ბოლო დროს, ბევრი რომ მაქვს სასწავლი, მაგის ბრალი იქნება. მამაჩემის სათვალეს ავიღებ ხოლმე, როცა ჩაეძინება. კითხვა უყვარს ძილის წინ, ოღონდ სულ ერთ გაზეთს კითხულობს. ახალი გაზეთები ჩვენამდე ისე გვიან მოდის, შეიძლება იჯდე და ის ერთი იკითხო წლიდან წლამდე.

ჰოდა უკვე რამდენი ხანია, იმ გაზეთს კითხულობს მამაჩემი.

...

წვიმა მაინც მიყვარდეს. წვიმაში არ გამოდიან ფუტკრები გარეთ. მაგრამ არ მიყვარს წვიმა.

...

წვიმა გათენდა. ვიტირე: ასეთ ამინდში სასიარულო ფეხსაცმელი არ მაქვს. არ მინდოდა მამაჩემის ბოტების ჩაცმა, დამცინებენ-მეთქი ჩემი კლასელები.

ბოლოს მაინც ჩავიცვი, სკოლას ხომ ვერ გავაცდენდი. ძალიან დიდებიც არ ყოფილა, ალბათ ამ ზაფხულს კიდევ გამეზარდა ფეხები.

იმდენი დავალებები მოგვცეს, იმდენი. ზოგი ვერ გავიგე, ცოტა გამიჭირდა მოსმენა - მთელი დღე ფეხებზე ვიყურებოდი. თან ვფიქრობდი, ვინ იცის, მამაჩემი დადის და თავის ბოტებს ეძებს-მეთქი.

...

კარის მეზობლები მაინც არ ვიყოთ. ეს ერთი ღობე მაინც არ გვქონდეს შუაში. ის კაკლის ხე მაინც არ იდგეს პირდაპირ ღობესთან, ნახევარი ტოტები იმათ ეზოში რომ აქვს გადაკიდებული. ოქტომბერი რომ დგება, სულ უთენია მიწევს ადგომა. სანამ ისინი გაიღვიძებენ, ჩამოყრილი კაკლის აკრეფა უნდა მოვასწრო. გამოერევა შემოდგომის ქარი ხეებს, მიჩეჩ-მოჩეჩავს და პანტაპუნტით ცვივა კაკალი. ცალი თვალი ღობისკენ მიჭირავს, თან კაკალს ვკრეფ, თან ყვავები დამჩხავიან თავზე.

როგორც კი კვამლი ამოვა იმათი სახლიდან, გამოვიქცევი ხოლმე.

მალე დაიწყება კაკლის კრეფა.

...

სანამ გზები ჩაიკეტება, კიდევ რა გვიჭირს. მოვა თოვლი და ამოავსებს ყველაფერს. არც გზა, არც არაფერი, ის ერთი ავტობუსიც აღარ დადის. დათვის ბუნაგს ემსგავსება სოფელი. სადღა იქნება ასეთი სკოლა, სახურავი მაინც შეეკეთებინათ. წვიმაა და ყველა კუთხეში ჩამოდის წყალი.

დღეს ამოვიდნენ, ტანსაცმელი ამოიტანეს, წიგნები, რვეულები. კიდევ რაღაც საჩუქრები. სულ ოცდახუთი ბავშვი თუ ვართ სკოლაში, ყველას გაგვინაწილებენ ალბათ. რომ მოვიდნენ, მასწავლებელმა იმ ოთახში შემიყვანა, დამტვრეული სკამები და ძველი წიგნები რომ ყრია. აქ იჯექიო, მითხრა, გარეთ არ გამოხვიდეო. ფანჯრიდან ვუყურებდი, ყუთები რომ გადმოჰქონდათ მანქანიდან. ესეოდნენ ბავშვები, ჩემი კლასელებიც. იმ კაცის ხმა მესმოდა, უნდა მივხედოთ ჩვენს სოფლებსო, ამბობდა. უნდა მივხედოთ თქვენს სკოლასო. ახალი მერხებიც უნდა ამოგიტანოთო. გული შემიქანდა, ჩემი ცისფერი მერხი არ გადამიგდონ-მეთქი.

მომინდა, გავსულიყავი და მეთქვა, სულ ტყუილად ლაპარაკობთ-მეთქი. ეგრე იცით თქვენ, მოდიხართ, დაყრით სიტყვებს, ჩვენ კიდევ, ზამთარი რომ მოვა, გაყინულ თოვლში ვთხრით შეშას შიშველი ხელებით, ჩვენი ხელით შეგვაქვს კლასში, ღუმელზე ვაწყობთ ჯერ გამოსაშრობად, ისე ცეცხლი არ ეკიდება. სკოლის დარაჯი ჩეხავს შეშას და ღია ცის ქვეშ ყრია მერე, ერთი ფარდული რა გახდა, ერთი გადაფარებული, პირდაპირ ზედ რომ არ ათოვდეს.

როგორ მინდოდა, გავსულიყავი, გუშინ თქვეს, ამოსვლას აპირებენო და დილას წითელი ბერეტიც კი დავიხურე. ჩემი თმისგან მსხვილი ნაწნავები აღარ გამოდის, მაგრამ მაინც გადავიყოფ ხოლმე შუაზე, ორად ჩამოვიწნავ.

ილაპარაკეს იმათ, მერე სამასწავლებლოში შეიყვანეს, საჭმელად. დილასვე გამზადებული ჰქონდათ სუფრა, ხაჭაპურის სუნი იდგა მთელ სკოლაში.

ისე ლამაზად ჩანს წითელი ბერეტიდან ჩამოწვრილებული ჩემი თეთრი ნაწნავები. მინდოდა გავსულიყავი, მაგრამ მასწავლებელმა მითხრა, აქ იყავი შენო. ვიდექი ფანჯარასთან და ვიყურებოდი.

...

თვალებზე ვიცანი - ისევ იმათი ფუტკარი იყო. ეგდო თაფლიანი წყლით სავსე ჭიქაში და ფართხალებდა. ხომ დაგიჭირე-მეთქი, აჰა. კოვზით ამოვიყვანე, მაგიდაზე დავსვი. გაცოცდა. დავაჭირე კოვზი და გავჭყლიტე.

ფანჯრიდან გადავაგდე, ამობუჩქულ ქრისტესისხლებში ჩავარდა.

სულ ჰყავდათ ფუტკრები, განა მაშინ არ ჰყავდათ. მაგრამ მაშინ ამ დღეში კი არ იყვნენ. სულ ფუტკრის ბზუილი მიდგას ყურებში. ხან მგონია, ერთ დღესაც დავყრუვდები და მარტო მაგ ბზუილსღა გავიგონებ. ხშირხშირად დავიხედავ ხოლმე კაბაზე, მეჩვენება, ფუტკარი მყავს შემოცოცებული. სულ ხელების ქნევით დავდივარ. ქათმებიც კი გავათავეთ - იმათ ეზოში გადადიოდნენ და იქ დებდნენ კვერცხებს. აბა რად გვინდოდა ეგეთი ქათმები.

იმ კაცს თვითონაც ეგეთი თვალები აქვს, გეგონება ფუტკრები ესხდნენ. ისე დაბერდა მაგისი ცოლი, ერთხელაც არ დაუნახავს ეგ ფუტკრები.

ესე მგონია, არ დაუნახავს.

...

თივის მოტანაში ისევ სოფელი დაგვეხმარა, როგორც ყოველ წელს. მოვლენ ჩუმად მეზობლის კაცები, იმ კაცის გარდა, მოვლენ ცხენებშებმული მარხილებით და ჩვენს თივას ეზიდებიან. მამაჩემი დასტრიალებს, მე ყველიან კვერებს ვუცხობ. საღამოს თითო ჭიქა არაყს დალევენ, შეხედავენ მამაჩემს - ხსოვნა იყოსო, და წავლენ.

კარგია სოფელი. თუ გაგიჭირდა, მოვა, გვერდში დაგიდგება. დაბერდები, მოგივლის. მოკვდები, დაგმარხავს.

...

ზოგჯერ ისე მინდა, დაფასთან გამიძახონ. ყოველთვის ვიცი გაკვეთილი, მაგრამ ხელის აწევა არ მიყვარს. ზოგი მასწავლებელი რვეულებსაც არ მიმოწმებს. კი იციან, დაწერილი მექნება. მე სულ ჩუმად ვზივარ გაკვეთილებზე, ყველაფერი მოწესრიგებული მაქვს.

ზარი რომ დაირეკება, მაშინვე გარეთ გაცვივდებიან ხოლმე ჩემი კლასელები. არ არიან ცუდი ბავშვები, განა არ მელაპარაკებიან. შემომეხვევიან ხოლმე, იცინიან, მეც ვიცინი. ხან, ბურთს რომ თამაშობენ, შენც მოდიო, მეტყვიან. განა გოგოები არ თამაშობენ, მაგრამ მე არ ვერევი ეგეთ ამბებში, სათამაშოდ ხომ არ დავდივარ სკოლაში.

გეოგრაფია მიყვარს, ყველა ქვეყნის დედაქალაქი ვიცი.

...

მთელი ღამე ღავღავებდა ის ძაღლი. არ დამაძინა. ერთხელაც აიწყვეტს, ან რა ჯაჭვი უძლებს აქამდე, მგელია, ძაღლი კი არა. სულ მაგათ უნდა დამტანჯონ, მთელი ცხოვრება. მეზობელიც ეგეთი უნდა. ჯერ ის როგორი იყო, სანამ მაგათი ბალღები წამოიზრდებოდნენ და ქალაქისკენ გაიკრიფებოდნენ, ქვებს რომ უშენდნენ ჩვენი სახლის სახურავს. დაგვაყრიდნენ ქვებს, ჩამოდიოდა მერე წყალი - ძველი კრამიტით არის სახლი გადახურული. ძლივს ავდიოდი, რამე დამეფარებინა. ზამთარშიც როგორ მიჭირს, მაგრამ უნდა ავიდე და გადმოვთოვლო. მიჭირავს იმხელა ნიჩაბი, ვეჯაჯგურები. სუსტი ვარ, გალეული, ამომხედავს მამაჩემი ქვევიდან და ნაზამთრ ჩხიკვს ჰგავხარო, მეუბნება. თვითონ ვერ ამოდის მაღლა, არ ვუშვებ - გული აწუხებს და მეშინია, დასუსტებულს ფეხი არ დაუცურდეს.

...

გული აწუხებს მამაჩემს და ნახირშიც ვეღარ დადის. ეს ახალი მენახირე კი ძალიან სწრაფად ბერდება. რა ბიჭი იყო და როგორ უცებ ჩამობერდა. თუმცა მაგათ სხვანაირი დარდი იციან, მენახირეებმა.

დილას რომ გავაყოლებ ძროხებს, საღამოს მუცელდაბერილები ბრუნდებიან. მდინარის პირას აძოვებს, ჭალებში. მთელი დღე მურყნებს შორის დადიან. ჯერ კიდევ არის ბალახი, სანამ დაზამთრდება. სქლად ადევს ჭირხლი დილაობით შემოდგომის ბალახს.

ის კაცი გამახსენდა, გული რომ გაუსკდა მურყნის ჭალაში. ისიც მენახირე იყო. ადრე მოხდა ეგ ამბავი. მე კი არ მინახავს, როგორ მოასვენეს, მერე ლაპარაკობდნენ ქალები, გაშავებული ყოფილა. გულმა იცის თურმე, გული რომ გაუსკდება კაცს, გაშავდება. მეორე დღეს იპოვეს, დილას. ჭირხლი დასდებოდა სახეზე. გადაწმინდეს და შავი იყო სულ. მთლად შავი ჰქონდა თურმე სახე.

...

ეს მეზობელი ქალები კიდევ, ჩამოდგებიან და მთელი დღე ყბას არ გააჩერებენ. ჭორიკანები. იმის ცოლიც კარგად ჩამოეყუდება ხოლმე. ქალი დაბერდა და მეტი საქმე არა აქვს. გავივლი, გაჩუმდებიან, ცერად გამომხედავენ. ამხელა ქალებს მეტი საქმე როგორ არა აქვთ-მეთქი, ვფიქრობ. აბა ჩემსავით ობლები იყვნენ.

...

მასწავლებელს ვუთხარი, ხვალ სკოლიდან დამითხოვეთ-მეთქი, მე და მამაჩემმა კარტოფილი უნდა ამოვთხაროთ.

კარგიო. თავი დამიქნია.

დილას წავედით, ტომრები წავიღეთ, წერაქვები. მძიმე სათხრელია შემოდგომის მიწა. თან წვიმებიც გადაება.

უცებ მომეჩვენა, რომ დედაჩემიც აქ არის: ვიღაც კრეფდა მიწიდან კარტოფილს, კალთაში იგროვებდა და ტომარაში ყრიდა. ორი თეთრი ნაწნავი უჩანდა თავსაფრიდან. როდის დაბერდა-მეთქი ასე დედაჩემი, მიკვირდა. ან რა მახსოვს, იქნებ თავიდანვე ბებერი იყო, არ მახსოვს დედაჩემი. ძუძუზე ვეკიდე რომ მოკვდა.

გავხედავდი მამაჩემს და არაფერს ამბობდა. ჩუმად იქნევდა წერაქვს.

კარგი მოსავალი იყო წელს. კარგი კარტოფილი მოგვივიდა. მიწა კი იყო მძიმე, მთელი ტანი ამტკივდა, მხრები, მკლავები. მუხლები ხომ ისედაც მტკივა. კიდევ კარგი, ანწლი დავკრიფეთ აგვისტოში და ცოტა არაყი გამოვხადეთ, არყით ვიზელ ძილის წინ მუხლებს. ზოგჯერ ერთ ჭიქასაც დავლევ, ჩუმად. მამაჩემს არ უყვარს რომ ვსვამ, მეტირება მერე. სწრაფად ჩავწვები ხოლმე, საბანს თავზე გადავიფარებ, კედლისკენ გადავბრუნდები და ისე ვტირი.

ალბათ მიცივდება მუხლები. შალის სამუხლეები უნდა მოვიქსოვო.

ზამთარიც განა შორს არის. ვიცი, ახლოს არის. ისეთი გრძნობა მაქვს, რაღაცა უნდა მოხდეს. ზამთრის წინ იცის ასე.

...

შევხედე და როგორს შევხედე: იწვა ის ჩემი ნაბოლარა ხბო, ჩემი თეთრშუბლიანი, იწვა ღობის ძირში და სისხლიანი ფეხები გამოეშვირა. მირბოდა და ჯაჭვს მიაჩხრიალებდა იმათი მგელძაღლი.

მამა-მეთქი, მამა, გამოგვხედე-მეთქი, ვიკივლე. იმ წუთში მოვედი სკოლიდან, ტანსაცმელიც არ მქონდა გამოცვლილი.

ორივე უკანა ფეხი გამოეგლიჯა. მუცელიც. იწვა, თვალები ებლიტებოდა. ხელში ავიყვანე, გულზე მოკრული მომყავდა და ვტიროდი.

მამაჩემს არაფერი უთქვამს. სულ მარტომ შევუხვიე ჭრილობები. მერე ჩემს ლოგინში ჩავაწვინე.

ვტიროდი. ვერც ტანსაცმელი გამოვიცვალე. ვიჯექი ეგრე, სისხლიანი. ხომ ვამბობდი, ვერ გაუძლებს-მეთქი ის ჯაჭვი. ხომ ვიცოდი, ვერ გაუძლებდა.

არაფერს ამბობდა მამაჩემი. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს: დაკლავს-მეთქი, მეშინოდა. მაინც კვდებაო, იფიქრებდა და დაკლავდა.

...

ჯერ ვიფიქრე, ღამე მივალ-მეთქი, ჩუმად, სანამ სოფელს სძინავს. მერე გადავიფიქრე.

ვიჯექი შალშემოხვეული, ხბო მძიმედ სუნთქავდა ჩემი საბნის ქვეშ. ვიჯექი და პირველ მამლის ყივილს ველოდებოდი.

ცა შეტყდა და აყივლდნენ მამლები. გავედი, ძროხები წამოვყარე, სწრაფად ჩამოვწველე და გზაზე გავყარე, ნახირი რომ ჩამოივლის, თავისით გაყვებიან-მეთქი, მე მაგათთვის აღარ მეცლება.

ერთი ჭიქა რძე დავლიე. თაფლიანი წყალიც დავაყენე.

ის კაბა ჩავიცვი, რომ მეგონა, დამიპატარავდა და გამდიდებია კიდეც. გახუნებულია, მაგრამ მიხდება. ფეხსაცმელებიც კარგად გავწმინდე.

თმა ორ ნაწნავად ჩამოვიწანი. სარკეში არ ვიხედები ხოლმე, ისედაც ვიცი, როგორი ვარ.

მერე ფარდულში შევედი. ერთი სავსე ვედრო მეგულებოდა. ჯერ ვიფიქრე, ბოთლში გადმოვასხამ-მეთქი, მაგრამ რას მეყოფოდა ერთი ბოთლი ნავთი.

ავიღე ვედრო. ფრთხილად მომქონდა, ახალგაწმენდილ ფეხსაცმელზე რომ არ გადმომქცეოდა.

მეორე ხელში ჩანთა მეჭირა, სკოლას ხომ არ გავაცდენდი.

ჯერ ვედრო გადავდგი ღობის იქით, მერე გადავძვერი. ძაღლი გუშინვე დააბეს. სახლის მეორე მხარეს აბია, ვერ დამინახავდა.

მწკრივად უდგას სკები. გამოვხედავ ხოლმე, როგორ დასტრიალებს. ისე უყვარს თავისი ფუტკრები.

ჩამოვუარე. ერთი-ორი დაბზუოდა გარეთ, - შემოდგომაა, მზე გვიან ამოდის, სანამ მზე არ გამოვა, არც მაგათ უყვართ გარეთ ყოფნა.

ჩამოვუარე და ყველა სკას სათითაოდ მივასხი ნავთი.

მერე ასანთი ამოვიღე ჩანთიდან. წავუკიდე.

ვერ დავინახე, როდის გამოვიდა სახლიდან. ვერ დავინახე, როგორ გამოიქცა. ვფიქრობდი, ერთს მაინც დაიყვირებს-მეთქი, ერთხელ სახელს მაინც დამიძახებს-მეთქი.

ვიდექი და ცას სწვდებოდა ცეცხლის ალი. თავში მედგა იმათი ბზუილი და მეზობელი სახლებიდან მშვიდი, ჩუმი კვამლი ამოდიოდა. იქნება მკბენდნენ კიდეც, არაფერი გამიგია, ვუყურებდი, როგორ დარბოდა წინ და უკან და ხელებს ისე უღონოდ იქნევდა.

ამოვბუგე-მეთქი შენი ფუტკრები, - ყელიდან სიტყვა ამომივიდა.

გაჩერდა. ყელგადაჭრილ რეზინის ჩექმებში ჩაეყო პირდაპირ შიშველი ფეხები.

ვხედავდი, როგორ გამოდიოდნენ სახლებიდან, როგორ იდგნენ და გვიყურებდნენ, ჩუმად.

წლები გადის, წლები გადის-მეთქი, ბიჭო, და სოფელი ლაპარაკობს, რომ შენ ბერდები და მე გაკვეთილებს ვსწავლობ. ლაპარაკობენ, რომ ცოლ-შვილიც ჩამოგიბერდა და მე დილდილობით ხბოებს ვუმღერი, შენ რომ ქალაქში დაზრდილი შვილიშვილები გენატრებიან.

ერთად რომ მივდიოდით სკოლაში და ცისფერ მერხთან ის სკამი ცარიელი არ იყო ჩემ გვერდით, მაშინაც ლაპარაკობდა სოფელი.

ერთად რომ ვბრუნდებოდით სკოლიდან და გზაზე გადმოყრილ ვაშლებს ვკბეჩდით, მაშინაც ლაპარაკობდა სოფელი.

რომ წამოვიზარდეთ და ჩემი მუხლებისკენ გაგირბოდა თვალები, მაშინაც ხომ ლაპარაკობდა სოფელი.

ისეთი სიჩუმე იყო, მარტო ცეცხლის ტკაცუნი იდგა. იდგნენ ღობეებს მოყუდებულები, ჩუმად იდგნენ.

ეს რომ მკოცნიდა და კაბას მხდიდა იმ მინდორში, ფიჭვებს შორის, მაშინ ხომ ლაპარაკობდა სოფელი. მე რომ მაშინ მკლავები არ გამეშალა, ისე ადვილად ხომ ვერ გამხდიდა. მე რომ მაშინ არაფერი მეთქვა, ხომ არავინ ილაპარაკებდა. მამაჩემი რომ მენახირე არ ყოფილიყო, ყველა გზაზე და ყველა ბილიკზე ხომ არ დახვდებოდა გველის ენასავით გალესილი სიტყვა. გულს ხელით არ დაიჭერდა და მურყნებში არ ჩაწვებოდა, მე რომ ვიჯექი და ველოდებოდი ჩამოკაწრულ მუხლებზე მკლავებშემოხვეული, შავ თმაში ფიჭვის წიწვებდაჩრილი.

ხომ არ ვიდგებოდი ეხლა ამდენი წლის ობოლი, ძვლებზე კანგადამჭკნარ ხელებს იმისი მხრებისკენ არ გავიწვდიდი კივილით, ჩემ ყვავილებთან დადიან-მეთქი შენი ფუტკრები, ბიჭო.

თვალებდახუჭული იდგა და ისე მიყურებდა, იმისი თეთრი თმიდან და თეთრი წვერიდან ამოდიოდა თითქოს შემოდგომის ნისლი.

იდგა ესე, არაფერს ამბობდა.

წამოვედი.

ჩავიარე მთელი სოფელი სკოლამდე. მივიქნევდი ჩანთას და მომდევდა თაფლის სუნი.

თვალდახუჭულები იდგნენ და მიყურებდნენ. ქალები იყვნენ თუ კაცები იყვნენ, პირაკრულები იდგნენ, ჩუმად იდგნენ და მაინც ლაპარაკობდნენ.

კარგია სოფელი, ლაპარაკობს. კარგია სოფელი, - თუ არ დაბერდები, დაგაბერებს. დაგადნობს, საფლავს გაგიმზადებს, და თუ არ მოკვდები, ცოცხალს დაგმარხავს.

რომ შევედი, დავალებას იბარებდა მასწავლებელი. თხზულება გვქონდა დასაწერი სოფლის ცხოვრებაზე.

ხელი ავწიე, მეც დავწერე-მეთქი თხზულება. დაფასთან ვერ გავიდოდი, ფრჩხილები მქონდა ჭუჭყიანი და არ მინდოდა, ჩემ კლასელებს დაენახათ. აქედანვე წავიკითხავ-მეთქი, ჩემი ადგილიდან.

კარგიო.

წავიკითხე.

ჩემი თხზულება ერთი სოფლის ცხოვრებაზე იყო. იმ სოფელში გოგო ცხოვრობდა. გოგოს დედა ადრე მოუკვდა. მერე მამამისიც მოკვდა და მარტო დარჩა. მარტო დარჩა, ადამიანები აღარ ელაპარაკებოდნენ და ამბობდნენ, რომ ის იყო ყველაფერში დამნაშავე, რადგან მოკლე კაბების ჩაცმა უყვარდა. გადიოდა წლები და ისევ არ ელაპარაკებოდნენ და გოგო ფიქრობდა, რომ კარგად უნდა ისწავლოს, ძალიან კარგად უნდა ისწავლოს, რომ ყველაფერი უნდა ისწავლოს, მთელი ცხოვრებაც რომ დასჭირდეს, და როცა ყველაფერს ისწავლის და სკოლას დაამთავრებს, ისეთ ქვეყანაში წავა, სადაც ადამიანები დაელაპარაკებიან.

დავჯექი. ხელები მერხის ქვეშ შევმალე და გავიფიქრე:

იქნებ მართლა გავიდა ამდენი წელი.

იქნებ მართლა მოკვდა მამაჩემი.

მამაჩემი რომ არ მომკვდარიყო, იმის ფუტკრები ჩემს ეზოში ვერ გადმოვიდოდნენ.

მამაჩემი რომ არ მომკვდარიყო, დღეს საღამოს გაკვეთილები აღარ მექნებოდა სასწავლი.

მამაჩემი რომ არ მომკვდარიყო წყლის პირას, მურყნის ჭალაში.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...