1 7 : 3 9
 | 

მსოფლიო

116 წლის ეთერ ბედოშვილი შიმშილით სიკვდილს ებრძვის

ჩამოტვირთვა

ეს მოხუცი ეთერ ბედოშვილია, ვიდეოკამერა ვერ აფიქსირებს იმ სიცივეს, რაც ამ ოთახშია, კადრებით შეუძლებელია იმ სიღატაკის გადმოცემა, რომელშიც 116 წლის ქალბატონი ცხოვრობს. ყოველდღიური საკვები პურსა და ჩაის შეადგენს; ამბობს, რომ მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა, დღეს კი სვამს კითხვას – რით დაიმსახურა შიმშილით სიკვდილი? მოხუცი დუშეთის რაიონის სოფელ ნიკორნაში ცხოვრობდა. წლებთან ერთად მარტოობაც მძიმდებოდა. ერთ წელზე მეტია, რაც საცხოვრებლად რუსთავში, შვილთან გადავიდა. მას შემდეგ მოხუცს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს. მისი შვილი, ვარდო კი რუსთავის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ყოფილი შენობის პატარა ოთახში ცხოვრობს. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ოჯახს სოციალური დახმარება არ გააჩნია. აქ არც ბუნებრივი აირი შეუყვანიათ და ვერც სახურავი იცავს აქაურობას წვიმისა და თოვლისგან. ფანჯრებს, როგორც კადრებიდანაც ჩანს მინების ნაცვლად მუყაოს ქაღალდები აქვს აკრული. აქ მხოლოდ უკიდურესად მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები ცხოვრობენ. 116 წლის ქალბატონის გაუსაძლისი ცხოვრებით აქაურებიც შეძრწუნებულნი არიან, თუმცა ამ რეალობის შეცვლა მათ შესაძლებლობებს აღემატება. მოხუცს ყველა კიდური აწუხებს. ამბობს, რომ სიცივე მის ტკივილებს კიდევ უფრო აძლიერებს. ეთერ ბედოშვილის ქალიშვილმა რუსთავის მერიას შეშით დახმარების თხოვნით მიმართა. რუსთავის მერიაში მისულ „აიტივის“ უწყების თანამშრომლებმა პირობა მისცეს, რომ ოჯახს უახლოეს მომავალში აუცილებლად დაეხმარებიან. აი ტივი იმედს იტოვებს, რომ ამ რეალისტური სურათის ხილვის შემდეგ ბედოშვილების არაერთი გულშემატკივარი გამოჩნდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები