0 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რეპორტაჟი იოსებ ბესარიონის ძე სტალინის სახლმუზეუმიდან

ჩამოტვირთვა

სტალინის გარდაცვალებიდან 50 წელი გავიდა მაგრამ ისტორიის ქარს მისი მოღვაწეობა ჯერ არ გაუფანტავს. საბჭოთა ბელადის პიროვნებითა და მისი ცხოვრების დეტალებით თანამედროვე მსოფლიოში ინტერესი ჯერ არ განელებულა - ამაზე მეტყველებს იოსებ ჟუღაშვილის სახლმუზეუმის დამთვალიერებელთა რიცხვიც. როგორც მუზეუმის თანამშრომლები აღნიშნავენ ტურისტების უმეტესობა ბელადისადმი აგრესიულადაა განწყობილი, რასაც ნაწილი მუზეუმის თანამშრომლებთან ურთიერთობაშიც გამოხატავს. სტალინის სახლმუზეუმს ხშირად სტუმრობს მისი შვილთაშვილი იაკობ ჯუღაშვილი, რომელიც სტალინის ბიოგრაფიითა და საბჭოთა ისტორიის კვლევით აქტიურადაა დაკავებული. იაკობ ჟუღაშვილის განცხადებით თანამედროვე საზოგადოებამ მისი დიდ პაპის შესახებ მხოლოდ მითები იცის, რეალური ფაქტები კი ბურუსითაა მოცული. იოსებ სტალინის სახლმუზეუმი 1937 წელს დაარსდა, საბოლოო სახე კი 1957 წელს მიიღო. აქ დიდი ბელადის პირადი ნივთები, ხელნაწერები, ფოტოარქივი და სხვადასხვა სუვენირები ინახება. მუზეუმის ეზოში საბჭოთა ბელადის პირადი სამგზავრო ვაგონიც დგას. 6 ღერძიანი, ჯავშნიანი ვაგონი წითელი ხითა და ვენეციური სარკეებითაა მოპირკეთებული. მისმა დამამზადებლებმა მფლობელის ვინაობა კარგად გაითვალისწინეს და ბელადისთვის ისეთი ვაგონი შექმნეს რომელსაც რელსებიდან ვერანაირი ზეწოლა ვერ გადააგდებდა. ბელადის ვაგონი, რამდენიმე კუპეს, სამზარეულოს, სააბაზანოსა და სათათბირო ოთახს მოიცავს. ამ ვაგონით სტალინთან ერთად მისი 5 თანმხლები პირი მგზავრობდა. მუზეუმის ეზოში დგას იოსებ ჯუღაშვილის მშობლიური სახლიც, სადაც სტალინი დაიბადა და გაიზარდა. ბელადის მამა ბესარიონ ჯუღაშვილი მეწაღე იყო და დიდი სურვილი ჰქონდა, მისი ვაჟიც ამ პროფესიას გაყოლოდა. თუმცა მის გადაწყვეტილებას შვილი და მეუღლე არ იზიარებდნენ. იოსების დაბადებამდე მის მშობლებს 2 ვაჟი დაეღუპათ, ამიტომ სტალინის დედამ ეკატერინემ ღმერთს შეჰფიცა, რომ თუკი მისი მესამე შვილი სიკვდილს გადაურჩებოდა, ის აუცილებლად სასულიერო პირი გახდებოდა. სწორედ ამიტომ იოსებ ჯუღაშვილმა განათლება სასულიერო სემინარიაში მიიღო. არსებობს გადმოცემა, იმის შესახებ რომ სტალინის დედა შვილის საქმიანობასა და შესაძლებლობებზე ინფორმაციას სრულად არასოდეს ფლობდა. ამას მოწმობს განცხადება, რომელიც მოხუცებულმა ეკატერინემ თბილისის ერთ–ერთ სახელმწიფო უწყებაში დაწერა და მისი შვილის თბილისში სამუშაოდ გადმოყვანა ითხოვა. ისტორიული წყაროების თანახმად, საბჭოთა ბელადი პოეტური ნიჭითაც იყო დაჯილდოვებული. ჩვენამდე სტალინის მხოლოდ 10-მდე ლექსმა მოაღწია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მას ბევრად მეტი ლექსი ჰქონდა დაწერილი. ამბობენ იმასაც, რომ სკოლის ასაკში პატარა იოსებმა საკუთარი ლექსები ივერიის რედაქციაში ილია ჭავჭავაძესაც მიუტანა და მისი მოწონებაც კი დაიმსახურა. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ სტალინი ილიას იდეების დიდი თაყვანისმცემელი იყო. არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც თათბირს რომელზეც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული იოსებ სტალინიც ესწრებოდა. სტალინის გარშემო ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები და მოსაზრებები დღემდე ბევრია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება - საბჭოთა ხელისუფლებამ ძალაუფლება არაერთი სასტიკი ქმედების განხორციელების შემდეგ მოიპოვა. კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ სტალინის სახლმუზეუმში ოკუპაციის კუთხე არსებობს, სადაც 2008 წლის შემდეგ რუსული აგრესიის ბოლო მაგალითის აგვისტოს ომის ამსახველ ფოტომასალასაც იხილავთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები