0 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტიციან ტაბიძის „თამუნია“

ჩამოტვირთვა

ტიციან ტაბიძის პოეზიას ლეგენდასვით შემორჩა თამუნია წერეთელის საოცარი სილამაზის ანარეკლი. XX საუკუნის დასაწყისის თბილისი, თითქოს, ეს ქალაქი სწორუპოვარი მშვენიერებით სუნთქავდა, თითქოს ძველი საქართველოს ტაძრის ფრესკა კედლიდან გადმოსულიყო და მნახველიც მონუსხული ჩერდებოდა. იგი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. იყო არაერთი პოეტისა და მწერლის შთაგონება, მაგრამ მის სილამაზეს ხელთუქმნელი ძეგლი მაინც ტიციანმა აუგო. ყველაფერი კი ასე დაიწყო.... საჩხერელი თავადის, აკაკის, უახლოესი მეგობრის, ბეჟან წერეთილის, ქალიშვილს ცუდი დრო დაუდგა. ახლობლებიდან ზოგი დაუხვრიტეს, ზოგმაც გაქცევით უშველა თავს. ის კი დედასთან - ნიცა ბაგრატიონ დავითაშვილთან, ერთად მარტო დარჩა. დედა-შვილს სიკვდილი ელოდა, რომ არა ერთი ბედნიერი შემთხვევა, ცნობილმა მეწარმემ რუსთაველზე მინერალური წყლების მაღაზია გახსნა და სამი ულამაზესი ქალიშვილი მიიწვია სამუშაოდ, მათ შორის იყო თამუნია წერეთელიც. 1925 წლის ზაფხული იყო... ერთ დღეს, ამ მაღაზიაში ტიციანი თავის მეგობრებთან ერთად შევიდა. დაინახა თამუნია და ეს ქალი მისი პოეზიიის მუზად გადაიქცა. თამუნიას იმ დროს ყველა ეტრფოდა, მაგრამ ტიციანი მისი პირველი მეხოტბე იყო. წერეთლის ასულს საკუთარ შედევრებს უძღვნიდნენ: გიორგი ლეონიძე, კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე. გამსახურდია თავის ,,დიონისეს ღიმილს'' მიართმევს თამუნიას და ზედ წააწერს: ,,ძველი საქართველოს ცოცხალ ფრესკას, თამარ წერეთელს''. ტიციანი ყოველდღე დადიოდა მაღაზიაში, უყურებდა და ტკბებოდა მისი სილამაზით, შინ დაბრუნებული კი შთამბეჭდავ სტრიქონებს ქმნიდა. ბედნიერი ვარ, როგორც არასდროს, თვითონ არვიცი, რა მიხარია, არმინდა გული, ცეცხლმა დაღადროს თუ ცეცხლი ლექსად მე მაფარია. თამუნია გათხოვდა და ცოლად გაყვა იურისტ ნიკოლოზ კახიძეს. შეეძინათ ქალიშვილი და, 15 დღის შემდეგ, სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, თამუნიას ფეხი მოკვეთეს. ეს განსაკუთრებით განიცადა ტიციამ ტაბიძემ. პოეტმა თამუნია წერეთელი მოინახულა. რამდენიმე თვის შემდეგ ტიციანი თავის მუზას შთამბეჭდავ სტრიქონებს მიუძღვნის. რა დამავიწყებს ამ შავ გაზაფხულს, ბედი უბედურს სხვას რაღას უზამს, ვსტირი სიცოცხლით კუბოს დამარხულს, გაუხარებელ დაფლეთილ მუზას. ცნობილია, რომ როდესაც თამუნიამ ფეხი დაკარგა და უწინდელივით ლამაზი აღარ იყო, ტიციანი მისი ერთგული დარჩა და პოეტმა, თამუნიას შთაგონებით, ქართული პოეზიის ფასდაუდებელი შედევრი შექმნა, "ანანურთან". არც კი გიცნობდი, არც კი მენახე, ისე გხატავდი თამარს ვრუბელი. ხარ დანგრეული შენ “მოდი-ნახე”, ფეხმოტეხილი შენ ხარ ღრუბელი. ტიციანმა ლექსების მთელი ციკლი შექმნა, რომელიც თამუნიას მიუძღვნა. შემდეგ იყო ყავარჯნებზე დაყრდნობილი ქალის უმძიმესი ცხოვრება. მეუღლის რამდენჯერმე დაპატიმრება და გადასახლება. პატარა გოგონასთან ერთად, პატიმართა ბანაკებში გატარებული დღეები. თამუნია წერეთელმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი სარეცელზე მიჯაჭვულმა გაატარა და ნაწამები 1968 წელს გარდაიცვალა. ასე დასრულდა თამუნია წერეთელის ცხოვრება. დასრულდა ეპოქა, რომელსაც პოეტური მადლით მირონცხებული თამუნია წერეთელი აცისკროვნებდა. ქალი, რომელმაც ქართველ მწერლებს შემოქმედების უმშვენიერესი წუთები განაცდევინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები