0 3 : 4 0
 | 

პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრს, ვოლოდიმირ გროისმანს უმასპინძლა.

"მოხარული ვარ, ვუმასპინძლო საქართველოს გამორჩეული მეგობარი ქვეყნის, უკრაინის პრემიერ-მინისტრს, ჩემს მეგობარს, ვოლოდიმირ გროისმანს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება.

აქვე, მსურს, მივესალმო უკრაინის მრავალრიცხოვან დელეგაციას, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმში.

განსაკუთრებით აღვნიშნავ ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც გარდა მჭიდრო, მეტად მეგობრული ხალხთაშორისი ურთიერთობებისა, დაფუძნებულია ჩვენს საერთო ინტერესებზე და სწრაფვაზე, ვიყოთ თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი.

მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წელი საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაციით გამოირჩევა, რაც გამოიხატა როგორც არაერთი მაღალი დონის ვიზიტითა და ღონისძიებით, ისე სექტორულ და საპარლამენტო დონეებზე აქტიური ურთიერთმოქმედებით. აქვე, მსურს, გავიხსენო საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პირველი, მეტად წარმატებული სახელმწიფო ვიზიტი.

კმაყოფილებით უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ნაყოფიერი პოლიტიკური ურთიერთობებისა, აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.

უკრაინა წლების განმავლობაში რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად. მისასალმებელია, რომ მიმდინარე წელს სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზრდა 19%-ით და შეადგინა თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი. ამასთან, უკრაინა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-5 პოზიციაზეა. თუმცა, ეს ციფრები არ ასახავს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სრულ პოტენციალს, ჩვენ უნდა დავისახოთ ამბიციური მიზნები და საერთო ძალისხმევით უზრუნველვყოთ სავაჭრო ბრუნვის მაქსიმალური ზრდა ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.

სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში, მივესალმებით საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ორი მემორანდუმის ხელმოწერას, რომლებიც ეხება მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარებისა და წამლების ხარისხის კონტროლის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყნებს აქვთ მსგავსი პრობლემები და გამოწვევები. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; მკაცრად ვგმობთ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციასა და ანექსიას ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში.

უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებები წარმოადგენს საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებას, რასაც 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი და რომლის შედეგადაც, ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონები.

აქვე, ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუხდი უკრაინის მხარეს მადლობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერისათვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ერთმანეთის ძლიერი მხარდაჭერა და ერთობლივი ქმედებები საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა საქართველოსა და უკრაინის ინტერესები, გამოწვევები და პრობლემები მუდმივად იყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

სულ რაღაც სამიოდე დღის წინ, ჩვენმა ქვეყნებმა მონაწილეობა მიიღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად მივიღეთ მომავალზე და ამავდროულად პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული დეკლარაცია, რათა თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ ევროკავშირთან დაახლოების პროცესისგან კონკრეტული სარგებელი მიიღოს.

ჩვენს ქვეყნებს ერთი მიზანი აერთიანებს, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრები. საქართველო მზად არის გადადგას შემდგომი, გაცილებით უფრო აქტიური ნაბიჯები - მზად ვართ განვახორციელოთ ძალიან კომპლექსური და ამბიციური რეფორმების გეგმა, რაც საბოლოოდ ჩვენს მიზანთან მიგვიყვანს.

დასასრულს, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, დავძლიოთ საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევები და უზრუნველვყოთ ორი მეგობარი ერის მშვიდობიანი განვითარება და კეთილდღეობა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოში სტუმრობისთვის!"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრის დღოს კომენტარი გააკეთა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა:

"პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო,
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მოწვევისთვის. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი მეგობრულ ქვეყანაში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას. მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ, ბატონო პრემიერ-მინისტრო და ქართველ ხალხს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის უპირობო მხარდაჭერისთვის. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ ძალისხმევის კოორდინაციას საერთაშორისო არენაზე. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინა არის და იქნება საიმედო სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც უკრაინაზეა დამოკიდებული, რათა გავაძლიეროთ ეს მხარდაჭერა. გავმართეთ ძალიან ეფექტური და ხარისხიანი მოლაპარაკებები ბატონ პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან. ჩვენ აღვნიშნეთ რამდენიმე მთავარი მიმართულება. კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი ჩვენს ხალხებს შორის არსებულ თბილ და მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ავაშენოთ სხვადასხვა სფეროში აბსოლუტურად ხარისხიანი პოლიტიკა.

გვაქვს საკმაოდ კარგი ტენდენცია ორმხრივი ვაჭრობის ზრდასთან დაკავშირებით, რაც ეხება საქონლით და მომსახურებით ვაჭრობას. მიმაჩნია, რომ შეიძლება გვქონდეს უფრო ამბიციური მიზანი და 500-მილიონიანი სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ 1 მილიარდამდე. ეს იქნება ჩვენი თანამშრომლობის ამოცანა. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია, გავაღრმავოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში - აგრარულ სფეროში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და მოხარული ვიქნებით ქართულ ბიზნესთან თანამშრომლობით.

ასევე ვისაუბრეთ ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობაზე.

ჩემი პროგრამის ერთ-ერთი პუნქტია „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობა, რომელიც თბილისში ხვალ გაიმართება. მინდა, ბატონ პრემიერ-მინისტრს მოწვევისთვის მადლობა გადავუხადო. შევთანხმდით, დავსახოთ ერთობლივი მოქმედების მკაფიო გეგმა, რომ ავაშენოთ ერთიანი გზა ჩვენი საქონლის გადაადგილებისთვის და უზრუნველვყოთ ხარისხიანი ლოგისტიკა სხვა პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი გადაზიდვების სფეროში ევროპიდან აზიის მიმართულებით.

ჩვენ ასევე უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს.

მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ დღეს უკრაინული ბიზნესი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრებით და პირიქით. ამ მიმართულებით თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის, რომ ვეწვიე თბილისს. მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მთელი ჩვენი სამთავრობო გუნდი მზად არის, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებას."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები