0 3 : 3 6
 | 

პოლიტიკა

"არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება" - მარგველაშვილის პირველი კომენტარი სპეცოპერაციაზე

"შეაფასეთ რეალობა და შეხედეთ რეალობას, არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება", - ასე ეხმაურება პრეზიდენტი მარგველაშვილი თბილისში ორი დღის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციას. 

"ოპერაციასთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს მე არ გავაკეთებ, უფრო პოლიტიკური შინაარსი აქვს ამ ყველაფერს. დასრულდა ოპერაცია, მაგრამ ყველა ასეთი შემთხვევის შემდეგ ჯანმრთელია პოლიტიკური სისტემა, რომელიც შესაბამის დასკვნებს აკეთებს. 

ჩვენ ვხედავთ ვითარებას, რომ არის მიამიტური განცდა, თითქოს საქართველო არის რეალობაში, სადაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაც კრიზისი გადაიზარდოს უფრო რთულ ვითარებაში და საქართველოს არ სჭირდება კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება ასეთ ვითარებაში. 

რომ არ არის საჭირო უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომელიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომელიც ყოველთვის არის ასეთ ვითარებაში. ალბათ მიამიტურ განცდებს, რომელსაც არ ვიცი რა საფუძველი გააჩნია, ძალიან ნათელი პასუხი გაეცა", - განაცხადა მარგველაშვილმა. 

ეს პრეზიდენტის პირველი კომენტარი იყო თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც მან დღეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გააკეთა, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 21-22 ნოემბერს მიმდინარე სპეცოპერაციის დაკავებულ პირს, რომელიც გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა, ბრალი პროკურატურამ გუშინ წაუყენა.

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები