1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანა ნაცვლიშვილი - ვრცელდება ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებები, რომლებიც დღეს კონტრაქციას აორგანიზებენ

ვრცელდება ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებები, რომლებიც კონტრაქციას აორგანიზებენ - სასწრაფოდ, მოვუწოდებ შს მინისტრს, აღკვეთოს უმძიმესი რისკები და მოვუწოდებ პროკურატურას, ნუ სძინავს, აწარმოოს გამოძიება, - ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს პარლამენტთან ძალადობის გასაპროტესტებლად დაანონსებული აქციის პარალელურად მიმდინარეობს ძალადობრივი კონტრაქციის დაორგანიზება. ანა ნაცვლიშვილი შს მინისტრს მოუწოდებს რისკები დროულად აღკვეთოს. რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს, ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მათზე გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს, „რადგან შს სამინისტრო გუშინ მომხდარი დანაშაულების თანამონაწილეა“.

„დღეს მოქალაქეები აანონსებენ მშვიდობიან აქციას პარლამენტთან, 20:00 საათზე, იმ უმსგავსობის და დანაშაულის გასაპროტესტებლად მშვიდობიანად, მდუმარედ, რაც გუშინ ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ამის პარალელურად, სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებები, რომლებიც პარალელურად აორგანიზებენ კონტრაქციას. მოვუწოდებ შს მინისტრს, ეს ძალადობრივი მოწოდებები, რომლებიც ღიად, დღისით, მზისით ვრცელდება სოციალურ ქსელში და ხდება ორგანიზებული ძალადობისთვის კიდევ ერთხელ მომზადება, იქნას სასწრაფოდ აღკვეთილი. ასევე, მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას, ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, არ არის შს სამინისტროს გამოსაძიებელი, დღეს ვითომ ყალბი განცხადებები კეთდება ძალადობის მიუღებლობის შესახებ "ოცნების" ლიდერების მხრიდან, მეორე მხრივ კი სამართალდამცავი ორგანოები ფარცხავენ უკვე მომხდარ დანაშაულებს.

ამას არ უნდა იძიებდეს შს სამინისტრო, რომელიც თანამონაწილეა მომხდარ დანაშაულებში, ამას უნდა იძიებდეს პროკურატურა და ამ დროისთვის უკვე გამოკითხული უნდა იყოს შს მინისტრი იმასთან დაკავშირებით, რა ბრძანებები გასცა მან, რომ თბილისის ქუჩებში თარეში აღეკვეთა და რას აკეთებდა საათების განმავლობაში, როცა ჟურნალისტებზე მიმდინარეობდა დევნის ოპერაცია, ეს ყველაფერი არ ხდება. მხოლოდ ადმინისტრაციული წესით შეუფარდეს და ჯარიმით გამოუშვეს ერთ- ერთი მოძალადე, რომლის ძალადობის კადრები ნახა მთელმა საქართველომ. სასწრაფოდ, მოვუწოდებ შს მინისტრს, რომ აღკვეთოს დღევანდელი უმძიმესი რისკები, რომელიც უკვე ფიქსირდება და მოვუწოდებ პროკურატურას, ნუ სძინავს, წამოიღოს და აწარმოოს გამოძიება სწორი კვალიფიკაციით. არც ერთი დარღვევა, რაც გუშინ ვნახეთ, არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ეს არის უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულები“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ოპოზიციური პარტიების და საზოგადოების წარმომადგენლები დღეს პარლამენტთან შეიკრიბებიან. შეკრება 20:00 საათზეა დაგეგმილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები