0 9 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

შუშაკი, პისკოვეცი, უჰრინი, ბოსკამპი, კარნევალე - უცხოელ მწვრთნელთა სადებიუტო მატჩები...

ჩამოტვირთვა

ივო შუშაკი, ანატოლი პისკოვეცი, დუშან უჰრინი, იოჰან ბოსკამპი და ჯანი კარნევალე - ამ ადამიანებს ერთი რამ აერთიანებთ, ისინი საქართველოში სხვადასხვა დროს მომუშავე უცხოელ მწვრთნელთა სადებიუტო მატჩების ავტორები არიან. ტიტულების თვალსაზრისით, "ერთპიროვნული ლიდერი" ხორვატი ივო შუშაკი გახლავთ. მისი ხელმძღვანელობით, "დინამო" საქართველოს ჩემპიონი გახდა, თასიც მოიპოვა და, ამ ყველაფრის შემდეგ, დსთ-ს თასსაც დაეუფლა! საქართველოს ჩემპიონობა კიდევ ერთმა ლეგიონერმა მწვრთნელმა, ჩეხმა დუშან უჰრინმაც, მოიპოვა და 2008 წლის ტრიუმფის შემდეგ, "დინამო" კვლავაც ოქროს მედლებს აზიარა. შუშაკის გარდა, საქართველოს თასი კიდევ ერთ ლეგიონერ მწვრთნელსაც აქვს მოგებული. "გაგრამ" მართლაც სენსაცია მოახდინა და ამ ტიტულს დაეუფლა, რაშიც, ფეხბურთელებთან ერთად, უდიდესი წვლილი გუნდის უკრაინელ თავკაცს, ანატოლი პისკოვეცს, მიუძღვოდა. საქართველოში პირველი ლეგიონერი მწვრთნელი ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი გახლდათ, ვისი ხელმძღვანელობითაც "დინამომ" 1998-99 წლების სეზონის ბოლო ხუთი ტური ჩაატარა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა. 1999-2000 წლების სეზონში კიდევ ერთი ლეგიონერი მწვრთნელი გამოჩნდა საქართველოს ჩემპიონატში - იტალიელი ჯანი კარნევალეს ხელმძღვანელობით, ბათუმის "დინამომ" მეოთხე ადგილი დაიკავა. სხვათაშორის, კარნევალე ლეგიონერ მწვრთნელთა შორის ერთპიროვნული ლიდერია - უცხოელ სპეციალისტთა შორის, ქართული გუნდებისთვის ყველაზე ხშირად მას უხელმძღვანელია. სეზონის დასრულების შემდეგ, კარნევალე სამშობლოში გაემგზავრა, მაგრამ უკვე მომდევნო ჩემპიონატში ისევ საქართველოში დაბრუნდა; ოღონდ, ამჯერად, "ვიტ ჯორჯია" ჩაიბარა და სეზონის ბოლომდე დარჩენილ ცხრა ტურში "ვეტერინარები" მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. ქვეყნის მომავალ ჩემპიონს ქუთაისის "ტორპედოს" ლევან მელქაძის ჰეთ-თრიქით 3:0 მოუგო! სხვათაშორის, იმ სეზონში "ვიტ ჯორჯია" ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც "ტორპედომ" ვერც ერთი მატჩი რომ ვერ მოუგო. 2001-2002 წლების სეზონიც კარნევალემ "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო, თუმცა შემდეგ წამოსვლამ მოუწია; არადა, სხვაგვარად რომ ყოფილიყო, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველად ვნახავდით უცხოელ მწვრთნელთა დაპირისპირებას - იმავე სეზონის მეორე ეტაპიდან, თბილისის "დინამოში" მთავარ მწვრთნელად ხორვატი სპეციალისტი ივო შუშაკი დაინიშნა! შუშაკმა "დინამო" მართლაც რთულ პერიოდში ჩაიბარა; ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა პირველი ეტაპი VI ადგილზე დაამთავრა! შუშაკის ხელმძღვანელობით, "დინამომ" სადებიუტო მატჩიც მოიგო და საერთოდაც, გუნდს, მართლაც, ფანტასტიკური სერია ჰქონდა: 13 მატჩში 11 მოგება, 2 ფრე და არცერთი წაგება! აღარაფერს ვამბობთ ბურთების სხვაობაზე: ამ 13 შეხვედრაში დინამოელებმა მეტოქეთა კარში 28 გოლი გაიტანეს და საკუთარში მხოლოდ ერთი გაუშვეს. ასეთმა შთამბეჭდავმა სერიამ კი ის "მოიტანა", რომ სეზონის ბოლოს, ჩემპიონატში სიტუაცია არნახულად დაიძაბა: უკანასკნელ ტურში ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოს" მასპინძლობდა და ამ მატჩში გამარჯვებული ოქროს მედლებს ეუფლებოდა. არანაკლებ უცნაური იყო ის ფაქტიც, რომ ამ შეხვედრის ფრედ დამთავრების შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონი "ლოკომოტივი" ხდებოდა, რომელსაც ბოლო ტურში უმოტივაციო ბათუმის "დინამოს" ძლევა არ უნდა გაჭირვებოდა. ასეც მოხდა: სერგო კოტრიკაძისა და გია ჯიშკარიანის "ტანდემის" ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ლოკომოტივმა" მეტოქე დიდი ანგარიშით (5:1) დაამარცხა; მაგრამ ქუთაისში მართლაც დრამატულ და, რბილად რომ ვთქვათ, სკანდალურ "საჩემპიონო მატჩში" მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს და ზედიზედ მესამედ დაეუფლნენ ოქროს მედლებს. აღსანიშნავია, რომ ეს "ოქროს გოლი" ქუთაისელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა, 20 წლის მალხაზ ასათიანმა გაიტანა... შუშაკის სადებიუტო სეზონი წარუმატებელი გამოდგა: "დინამო" ზედიზედ მესამედ დარჩა ოქროს მედლების გარეშე და ამას გარდა, საქართველოს თასის ნახევარფინალში თბილისის "ლოკომოტივთან" დამარცხდა... და აი, ერთი წლის შემდეგ ივო შუშაკი ნამდვილი ტრიუმფატორი გახლდათ: "დინამომ" ჩემპიონის ტიტულიც დაიბრუნა და საქართველოს თასსაც დაეუფლა! ამ ადამიანებმა, თავიანთი მოგებული მატჩებით, მართლაც, რომ ბევრი გააკეთეს და თავაიანთი წარუშლელი კვალი დატოვესქართული ფეხბურთის ისტორიაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები