1 6 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სემეკი ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზსა და წყალმომარაგებაზე სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 2021 წლის დეკემბერის ინფლაციის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ცალკეული ნაწილის, ზოგიერთ მედიასაშუალებაში განმარტების გარეშე გავრცელებამ, საზოგადოებაში ტარიფებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გააჩინა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იქიდან გამომდინარე, რომ სამომხმარებლო ტარიფების დადგენის საკითხი ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზსა და წყალმომარაგებაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) კომპეტენციას განეკუთვნება, ვალდებულად მივიჩნიეთ, საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

სემეკი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ისეთი სენსიტიური საკითხებზე მსჯელობისას, როგორიც ტარიფებია, სემეკი ყოველთვის მაქსიმალურ დონეზე უზრუნველყოფს მათი განხილვების გამჭვირვალობას. ტარიფების გაანგარიშებისას ითვალისწინებს მხოლოდ აუცილებელ ხარჯებს მომხმარებლების უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მომარაგებისთვის.

მათივე განცხადებით, კომისია ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს როგორც მედიასაშუალებებთან, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თუ პირებთან, რათა საზოგადოებას მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია როგორც ტარიფებზე, ასევე მათთვის სხვა საინტერესო საკითხებზე.

„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფის ზრდა ბოლოს 2020 წლის დეკემბერში მოხდა. ეს იყო პირველი შემთხვევა 2017 წლის შემდეგ, როდესაც ტარიფი გაიზარდა, რაც განპირობებული იყო ელექტროენერგიის საიმედოობისათვის აუცილებელი საინვესტიციო პროექტების განხორციელებით და პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებით. ტარიფის დადგენისას სემეკმა გაითვალისწინა მხოლოდ ის ძირითადი და კომპანიების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯები, რომელთა გათვალისწინების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა. სემეკის მიერ გამჭვირვალე სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე დათვლილი ტარიფი ასახავდა მხოლოდ იმ აუცილებელ ხარჯებს, რომლიც უზრუნველყოფდა მომხმარებლების ელექტროენერგიით უწყვეტ და საიმედო მომარაგებას.

რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, საქართველოს უმეტეს ნაწილში 2017 წლიდან დღემდე 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. 2021 წელს, გაზის ტარიფი თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის, „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის დაახლოებით იგივე დონეზე (53.9 თეთრი / კუბ.მ.) დადგინდა, რაც დანარჩენ საქართველოში აქამდე მოქმედებდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფი საქართველოში სტაბილურია. ბუნებრივი გაზის ფასი საბაზროზე ნაკლებია, მის ფორმირებაში მონაწილეობს ე.წ. შაჰდენიზის იაფი გაზი, რომლის მოცულობაც დაახლოებით 1 მლრდ კუბურ მეტრამდეა, მაგრამ საქართველოში გაზის სოციალური მოხმარება, რომელიც მოიცავს როგორც მოსახლეობას, ასევე თბოელექტროსადგურებს, ამ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მეტია და მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია, რომ სოციალური გაზის ფასი საბაზროზე გაცილებით ნაკლებია. ამასთანავე, საპრივატიზაციო პოლიტიკის შედეგად, გაზის სამომხმარებლო ტარიფში არ აისახა ახალი გაზგანამაწილებელი ინფრასტრუქტურის ღირებულება.

2021 წელს საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარება 2,8 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, რაც დამატებითი გამოწვევაა ქვეყნისთვის იმის ფონზე, რომ ევროპაში გაზის ფასი დაახლოებით 800 - 1000 აშშ დოლარის ფარგლებშია 1000 კუბურ მეტრზე. მიუხედავად ამისა, საქართველოში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება.

რაც შეეხება წყალმომარაგების ტარიფებს, სემეკმა წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის ტარიფები დაადგინა 2020 წლის დეკემბერში. ტარიფების მატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პანდემიის ფონზე არასაყოფაცხოვრებო სექტორში მოხმარების შემცირებამ, ასევე საინვესტიციო გეგმებმა. თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის 166 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება დაიგეგმა. აქაც, სემეკმა გაითვალისწინა მხოლოდ ის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სექტორის ფუნქციონირებისა და მოქალაქეების სასმელი წყლით მომარაგებისათვის. საინვესტიციო პროექტების ფარგლებში დღესაც ხორციელდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ტარდება სამუშაოები სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების შემცირების მიზნით, გრძელდება გამრიცხველიანების პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები