0 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კონსტიტუციის დაცვა ყველას მოვალეობაა, ღმერთმა შეგვაძლებინოს ვალის აღსრულება! – ილია II

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის დიდად მნიშვნელოვან სამართლებრივ დოკუმენტს წარმოადგენს.

“მიუხედავად იმისა, რომ მისი დამტკიცებიდან სულ რამოდენიმე დღეში მოხდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, საქართველოს კონსტიტუციამ მაინც შეასრულა ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეის ფუნქცია, რაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული თვითმყოფადობისთვის ბრძოლა ეკლესიის წიაღშიც მწიფდებოდა; ამიტომაც იგი იმპერიული ძალებისათვის განსაკუთრებული დევნისა და შევიწროვების სამიზნეს წარმოადგენდა, თუმცა ამ პროცესში ჩვენი რწმენაც და თვითშეგნებაც უფრო ძლიერდებოდა.

შემთხვევითი არ არის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის მიღებამდე ერთი წლით ადრე, ანუ 1917 წელს, სწორედ საქართველოს ეკლესიამ შეძლო ავტოკეფალიის აღდგენა და სერიოზული ბიძგი მისცა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის რეალური ნაბიჯების გადადგმას”,– წერია პატრიარქის მიმართვაში.

მისივე თქმით, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 1991 წლის 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელმეორედ გამოცხადებას ისევ ერთი წლით წინ უსწრებდა საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ.

“საქართველოს ეკლესია როგორც XX საუკუნეში, ისე თავისი არსებობის მანძილზე, ყოველთვის მხარში ედგა ქვეყანას და მის სახელმწიფოებრიობას. ამიტომაც საქართველოს მთელმა საზოგადობამ მხარი დაუჭირა საქართველოს ისტორიაში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას და საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის სუბიექტად მის გახდომას, რის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფომ, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ, 2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს ეკლესიასთან დადო კონსტიტუციური შეთანხმება.

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მსგავსი იურიდიული ძალის მქონე სხვადასხვა ხელშეკრულება ევროპის არაერთ ქვეყანაშია გაფორმებული, თუმცა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის საქართველო ამ მხრივ არის გამორჩეული და ეს ჩვენი საკონსტიტუციო სივრცისათვის დამახასიათებელ ფაქტს წარმოადგენს”,– აცხადებს ილია II.

პატრიარქისვე თქმით, საქართველოს ეკლესიამ გარკვეული წვლილი შეიტანა საქართველოში სიკვდილით დასჯის სასჯელის გაუქმების საქმეში, რითაც ხელი შეუწყო სიცოცხლის განსაკუთრებულ მნიშვნელობასთან მიმართებაში ქრისტიანული აზროვნების დამკვიდრებას.

“ჩვენი კონსტიტუციაც, რომელიც ცივილიზებული სამყაროს სამართლებივ დოქტრინებს ეყრდნობა და იცავს თანასწორობის, შემწყნარებლობის, არჩევანის თავისუფლების, მოყვასის სიყვარულის ღირებულებებს, ამ თვალსაზრისით სათავეს, ძირითად, ქრისტიანობიდან იღებს.

ქართული სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, ხოლო საკონსტიტუციო სუბიექტებს: საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს და, ასევე, ეკლესიას მართებთ ჩვენი მოქალაქეების სულიერი და მატერიალური კეთილდღეობისათვის ისეთივე ზრუნვა, როგორც ამას იჩენდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლას შეწირული ჩვენი ერის ღირსეული მამულიშვილები.

ღმერთმა შეგვაძლებინოს ჩვენი ვალის აღსრულება!

ღმერთმა დალოცოს საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ერი!”,– წერია პატრიარქის მიმართვაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები