1 6 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას სანიტარიულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით უზრუნველყოფს

საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფის  31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას სანიტარიულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში.

სწორედ აღნიშნული უფლების რეალიზების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები.

დოკუმენტი იმ ძირითად ნორმებს განსაზღვრავს, რომელთა დაცვითაც უნდა მიიღონ აღნიშნული ჯგუფის ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ისე არჩევნებში ჩართულმა მხარეებმა.

ცესკომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში უკვე შექმნა დღეის მდგომარეობით 127 სპეციალური საარჩევნო უბანი  და გამოაცხადა კონკურსი სპეციალური უბნების დაკომპლექტების მიზნით.

სწორედ სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, აქვთ შესაძლებლობა ზეპირი განცხადებით მომართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს  24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის 22:00 საათის ჩათვლით.

ნიშანდობლივია, რომ როგორც სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, ისე საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ: ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სადეზინფექციო საშუალებებით.

ამასთან, სპეციალური ჯგუფის წევრების მიერ ამომრჩევლისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიისა და საარჩევნო ბიულეტენის  გადაცემა მოხდება ამომრჩევლებთან ახლო კონტაქტის გარეშე, არანაკლებ ერთნახევარი მეტრის დისტანციის დაცვით.

რეგისტრირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, აკრედიტებულ მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა დააკვირდნენ კენჭისყრის დღის მიმდინარეობასა და ხმების დათვლის პროცესს. ისინი, ასევე შეძლებენ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა სპეციალური სიის საშუალებით და გამოიყენონ მათი აქტიური საარჩევნო უფლება.

როგორც რეგისტრირებულმა ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, ისე აკრედიტებულმა მედიამ და საარჩევნო სუბიექტებმა საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით უნდა მომართონ 26 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით და წარმოადგინონ აღნიშნულ სპეციალურ ჯგუფებში მათი წარმომადგენლები.

სპეციალური საარჩევნო უბნები გაიხსნება დილის 07:00 საათზე და გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება დილის 08:00 საათიდან, რომელიც გასტანს 20:00 საათამდე. გადასატანი საარჩევნო ყუთი სპეციალურ საარჩევნო უბანზე დაბრუნდება 21:00 საათამდე. ამის შემდეგ, სპეციალური საარჩევნო უბნები, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, არჩევნებში ჩართული მხარეების საარჩევნო პროცესში მონაწილეობით, განახორციელებენ ხმების დათვლის პროცედურებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, ასევე არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, შესაბამისი ვადების გათვალისწინებით, დროულად მომართონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რაც უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას და ჩართულობას საარჩევნო პროცესებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები