1 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

300 მიკროავტობუსი დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით 15 ივლისს გამოცხადებული ტენდერი დასრულდა, 18 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან და 300 ერთეული მიკროავტობუსი ეტაპობრივად შემოვა დედაქალაქში.

„15 ივლისს გამოცხადდა ტენდერი შესყიდვებთან დაკავშირებით, რომ ნაწილი, 300 ერთეული მიკროავტობუსი შეგვესყიდა, რათა ეტაპობრივად დავიწყოთ მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მგზავრებისთვის. გვინდა, მთლიანად განვაახლოთ, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ავტობუსების ნაწილში. ამ მიმართულებით ტენდერი დასრულდა, 18 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, გვყავს გამარჯვებული კომპანია, „ფორდის“ მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსი ეტაპობრივად შემოვა დედაქალაქში. ოქტომბერში გარკვეული ნაწილი უკვე ადგილზე იქნება და დანარჩენიც 180 კალენდარული დღის განმავლობაში შემოვა, რათა მთლიანად ჩავანაცვლოთ მიკროავტობუსი“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, 300 ერთეული არ იქნება საკმარისი და საჭირო გახდება დამატებითი შესყიდვების განხორციელება.

„თბილისში დაახლოებით 3 000-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა პირველი წლების განმავლობაში, თუმცა რეფორმით, რომელიც წამოვიწყეთ, ავტობუსების, მიკროავტობუსების რაოდენობა დაახლოებით 1 200-მდე შემცირდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ მთლიან მოდერნიზებას ვაკეთებთ საავტობუსე ქსელის, მარშრუტების, რათა ძირითად რაიონებში, უბნებში ივლის 12-მეტრიანი, 10-მეტრიანი, 8-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო თბილისის რელიეფიდან გამომდინარე, არსებული ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე რა თქმა უნდა, საჭიროა მიკროავტობუსები. ეს ყველაფერი ინტეგრირებული იქნება, ისე დალაგდება, რომ კომფორტული იყოს მიკროავტობუსით, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობა. ეს ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. მიკროავტობუსებთან დაკავშირებით კონკრეტული ტელევიზია ავრცელებდა სიბინძურეს და ხვალ, ხუთშაბათს, 10:00 საათზე შესაბამისი პასუხი გაეცემა ყველა ცრუ ბრალდებას და სიბინძურეს, რომელიც მოისმინა საზოგადოებამ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები