1 7 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული ვითარება უარესდება

  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების საფრთხის წინააღმდეგ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარკვეული შეზღუდვები მართალია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც გამოაცხადეს. შეზღუდვები ოკუპირებულ რეგიონებში 28 მარტიდან შევიდა ძალაში და აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.

 „ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში აიკრძალა ტრანსპორტის მოძრაობა. ნებადართულია მხოლოდ შიდა საქალაქო გადაადგილება. დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მოქალაქეები, რომლებსაც საბანკო კრედიტი აქვთ აღებული, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეღავათებით ისარგებლებენ. რეგიონის მაცხოვრებლებს მოუწოდეს, ხალხმრავალი საზეიმო და სამგლოვიარო ღონისძიებების ჩატარებისაგან თავი შეიკავონ. საგანგებო მდგომარეობის დროს საზოგადოებრივი სერვისებისა და ორგანიზაციების თანამშრომლებს უფლება არ აქვთ, დატოვონ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორია. რეგიონიდან გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების ან მივლინების შემთხვევაში [1].

ცხინვალისგან განსხვავებით, არსებულ შეზღუდვებს გალში 28 მარტს კომენდანტის საათის გამოცხადება დაემატა. აფხაზეთის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებულებით, კომენდანტის საათის დაწესების უფლება რაიონების ხელმძღვანელებს მიენიჭათ. აღნიშნული რეგულაცია 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს და საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, 20 აპრილამდე გაგრძელდება [2].

DRI-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, შეზღუდვების ძალაში შესვლის და სეზონური რესპირატორული ინფექციისგან გამოწვეული გაზრდილი მომართვიანობის შედეგად, გალის რაიონულ კლინიკებში გართულებულია დიაგნოზის დადგენისა და მასზე რეაგირების პროცესი. დეფიციტშია როგორც სამედიცინო ინვენტარი, ასევე პირველადი დახმარების აღმოსაჩენად საჭირო მედიკამენტები, რაც აფერხებს ხარისხიან სამედიცინო დახმარებას. პაციენტების ზუგდიდში გადაყვანა კი რიგ წინააღმდეგობებთანაა დაკავშირებული.

მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მიმართულებით არ გაატარა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ქალთან ერთად მყოფი მეორე პაციენტი და ის სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს [3].

ბოლო ინფორმაციით ოკუპირებულ რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 30 მარტს გამოვლინდა, თვითიზოლაციაშია რამდენიმე ათეული პირი. ე.წ. სამხრეთ ოსეთში კარანტინში 77 პირი იმყოფება, მათგან ცხრა პაციენტი ცხინვალის, სამი კი ახალგორის საავადმყოფოშია მოთავსებული, დანარჩენი 66 ადამიანი სახლის პირობებში განაგრძობს თვითიზოლაციას [4]. აღსანიშნავია, რომ თვითიზოლაციაში მყოფ პირებზე მეთვალყურეობა არ მიმდინარეობს და ხშირ შემთხვევაში იზოლაციის დარღვევის ფაქტებს ადგილობრივი მოსახლეობა ავლენს.

როგორც ორგანიზაციისთვის გახდა ცნობილი, ახალგორში განთავსებულ სამ პაციენტს სიცხე აღენიშნებათ, მაგრამ მათ ამ დრომდე გამოკვლევა არ ჩატარებიათ.

შეზღუდვების ძალაში შესვლის მიუხედავად, DRI-ის ინფორმაციით, ახალგორის რაიონში კვლავ ძალიან დაბალია პანდემიასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობა. „წითელმა ჯვარმა“ რაიონში რუსულ ენაზე მომზადებული რამოდენიმე საინფორმაციო პლაკატი გააკრა, თუმცა მოსახლეობა ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს და ბევრი არც კი კითხულობს, რაც ხშირ შემთხვევაში რუსული ენის არცოდნითაა განპირობებული.

სინაგურისა და მოსაბრუნის გამშვები პუნქტების ჩაკეტვა ყველაზე უფრო მძიმედ იმ 400-მდე პენსიონერზე აისახება, რომელებიც თებერვლის შემდეგ კუთვნილი პენსიის მისაღებად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვეღარ ახერხებს. მათთვის გზა საოკუპაციო რეჟიმმა 7 თებერვალს 2 თვის ვადით ჩაკეტა.

დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან დაწესებული შეზღუდვების გარდა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ზეგავლენას რუსეთიდან დაწესებული შეზღუდვები მოახდენს. გაურკვეველია, როგორ მოხდება სამხრეთ ოსეთის პროდუქტით მომარაგება, რასაც ხშირ შემთხვევაში კერძო პირები ახორციელებდნენ. დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რესსის“ ცნობით, შეზღუდვებმა შესაძლოა პურის ფქვილის მიწოდებაზე მოახდინოს ზეგავლენა [5]. აღნიშნული ასევე გამოიწვევს მედიკამენტებსა და საკვები პროდუქტების ფასების ზრდას, რაც მძიმედ აისახება იზოლაციაში მყოფი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საკონტაქტო პირებმა მიაწოდეს“ -ნათქვამია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" - ის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები