1 3 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"აღარ გვინდა, 21-ე საუკუნეში საქართველოს სიმბოლო ”ტაბურეტკიანი” მღვდელი იყოს" - მშვენიერაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი, გიორგი მშვენიერაძე, "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით გამოთქმულ მუქარებს ეხმაურება. მშვენიერაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ადამიანების ქუჩაში დევნა, ცემა და ნებისმიერი სახით მათზე ძალადობა ველურობაა. 

“ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი არის განსხვავებული და ინდივიდუალური. გადახედეთ თქვენს დებს და ძმებს, შვილებს და მშობლებს, კარგად დააკვირდით მათ და ცხადად დაინახავთ, რომ შემოქმედმა არ ისურვა ორი ერთნაირი ადამიანის არსებობა. ჩემს წარმოდგენაში ჯოჯოხეთი მეტად არაფერი იქნება თუ არა ადგილი, სადაც ყველა ადამიანი ერთნაირია, ერთნაირად ლაპარაკობს, ერთნაირად აზროვნებს, ერთნაირად ცხოვრობს.

ჩვენ, ამ ქვეყნის განსხვავებულ მოქალაქეებს გვაქვს ბევრი საერთოც. ამ საერთოს ვპულობთ ოჯახებში, მეგობრებში, სოფლებსა და ქალაქებში. ამ საერთოს ვპოულობთ ენაში ან ჩვენს საერთო წარსულში.

მაგრამ გაცილებით დიდი საერთო გვაქვს მომავლის გეგმებში, გეგმებში თუ როგორი სახელმწიფოს აშენება გვინდა. პროგრესულის, ძლიერის, მდიდრის, მოწინავეს თუ მაჩანჩალა და ღარიბის, გაუნათლებელი ხალხით, შავბნელი იდეებით გაჟღენთილი და გაბოროტებული, მოძალადე საზოგადოებით.

ჩვენ, ყველამ ერთად გამოვიარეთ დამოუკიდებლობის ურთულესი 28 წელი და მინდა კარგად გაიხსენოთ, ვინ ან რა იყო ჩვენი მთვარი მტერი. ჩემო მართლმადიდებელო თანამოქალაქეებო თქვენი მტერი დამოუკიდებლობიდან დღემდე სიღარიბე იყო თუ თქვენი მუსლიმი მეზობელი? ჩემო აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილო თანამოქალაქებო, თქვენი მტერი რუსეთი იყო თუ თქვენი მეზობელი ლესბოსელი ქალი? ჩემო პენსიონრებო, თქვენი სიბერის მტერი პატარა პენსიაა თუ ღირსების მარშის მონაწილე გეი მამაკაცი? ჩემო უმუშევარო თანამოქალაქეებო, თქვენი მტერი უმუშევრობაა თუ ასევე უმშევრად დარჩენილი იეჰოვას მოწმე? სტუდენტებო თქვენი მტერი ქვეყანაში კარგი უნივერსიტეტების დეფიციტია თუ თქვენი ინდოელი თანაკურსელი?

ჩვენ დღეს ძალიან მოგვწონს გერმანული პენსია, დასავლური ჯანდაცვის სისტემა, ინგლისის სასამართლო და ისრაელის თავდაცვა, აიფონიც მოგვწონს და სხვა ხარისხიანი ტექნიკაც, მაგრამ უნდა ისიც გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი მისით არ შექმნილა. სწორედ დასავლური ყაიდის მმართველობამ და საზოგადოებრივმა წესწყობილებამ, დემოკრატიამ და ადამიანის უფლებების პატივისცემამ მოიტანა ეს სიკეთეები. ჩვენ მაშინ ვიქნებით წარმატებულები, როცა ამ ყველაფრის შექმნას აქ შევძლებთ. და ეს ყველაფერი შესაძლებელია სწორედ დასავლური ყაიდის საზოგადოებრივი წესწყობილების ჩამოყალიბებით, სადაც ადამიანები ვაღიარებთ ერთმანეთის განსხვავებულობას, ვთანხმდებით იმაზე, რომ უკეთესი ქვეყნის ასაშენებლად არ არის აუცილებელი ყველაფერზე შევთანხმდეთ, პირიქით, აუცილებელიცაა ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, თუმცა მივცეთ ჩვენს გვერდით მყოფებ სხვა ადამიანებს თავისუფალი განვითარების საშუალება. შევინარჩუნოთ ის ტრადიციები, რომელიც გამოგვარჩევს და უნიკალურს გვხდის და ამავდროულად უარვყოთ და დავივიწყოთ ის, რაც დრომოჭმული და თანამედროვეობისთვის შეუფერებელია. 21-ე საუკუნეში არ შეიძლება ქართველი მოქალაქის ტრადიცია იყოს სიძულვილი და ძალადობა.

როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ, ამ ქვეყნის მოსახლეობას, ბევრი საერთო გვაქვს. მათ შორის განვლილი ისტორია, ენა, კულტურა და სახელმწიფო და დღეს, ჩვენი ერთმანეთთან მთავარი მაკავშირებელი არის ჩვენს შორის არსებული შეთანხმება, რომელსაც სამართლის ენაზე კონსტიტუცია ქვია.

ალბათ ხშირად გაიგებთ ხოლმე, რომ კონსტიტუცია უზენაესი კანონიაო. მისი უზენაესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ სახელმწიფოს შენებისას ან ფუნქციონირებისას ყველა, მოქალაქეც და ჩვენს მიერ დაქირავებული ხელისუფალიც, მას უნდა ემორჩილებოდეს და არა რელიგიურ დოგმებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ცივილიზებულმა სამყარომ დიდი ხანია წარსულში მოიტოვა თეოკრატიული სახელმწიფოები, სადაც ქვეყნები რელიგიური კანონებით იმართებოდნენ, რადგანაც მთელი სიმძაფრით გამოსცადა მისი სისასტკე. ამიტომ დღეს ჩვენ საერო სახელმწიფოს ვაშენებთ.

ჩვენ, კონსტიტუციით ერთმანეთს შევპირდით, რომ გვექნებოდა დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფო, გვექნებოდა ჩვენი აზრის გამოთქმის უფლება, მათ შორის არაძალადობრივი შეკრებითა და მანიფესტაციის ჩატარებით.

ახლა საკითხი დგას ასე, ვართ თუ არა მზად, პატივი ვცეთ ჩვენს საერთო, მშენებარე სახელმწიფოს, პატივი ვცეთ ჩვენს ერთმანეთისთვის მიცემულ სიტყვას, ანუ ჩვენს კონსტიტუციას და ვთქვათ, რომ დიახ, მე შესაძლოა ვიღაც ან რაღაც არ მომწონდეს, მაგრამ ამის გამო ჩემი თანამოქალაქეების უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია! ღიად და არაორაზროვნად ვთქვათ, რომ ადამიანების ქუჩაში დევნა, ცემა და ნებისმიერი სახით მათზე ძალადობა არის ველურობა და ჩვენ, ამ ქვეყნის შვილებს, ილიას, ვაჟას, ნიკოლაძის, მესხის, ჯორჯაძის ჯავახიშვილის და სხვათა მემკვიდრეებს, არ გვეკადრება მსგავსი რამ. ვთქვათ, რომ აღარ გვინდა 21-ე საუკუნეში საქართველოს სიმბოლო ტაბურეტკიანი მღვდელი იყოს”,-წერს გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები