2 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გამარჯვებული პედაგოგი ასწავლის ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა, პიტერის მოსწავლეების 95 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს

ჩამოტვირთვა

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული და ერთი მილიონი დოლარის მფლობელი კენიელი მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა. მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი დუბაიში, საზეიმო დასკვნით ღონისძიებაზე რამდენიმე წუთის წინ მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

კენიელი პედაგოგი პიტერ ტაბიჩი – ასწავლის სოფელ პვანის სკოლაში, კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში, სადაც გვალვა და შიმშილობა ჩვეული მოვლენაა. პიტერის მოსწავლეების 95 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს. ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები ამ რეგიონში ხშირად ხდება. მოსწავლეებმა, სკოლამდე რომ მიაღწიონ, 7 კილომეტრი უნდა გაიარონ ფეხით გზაზე, რომელიც წვიმის სეზონზე გაუვალი ხდება.

პიტერი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 პროცენტს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს.

პიტერმა სკოლაში შექმნა სამეცნიერო კლუბები, ეხმარებოდა მოსწავლეებს კვლევითი პროექტების შექმნაში. კენიის სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზრობაზე პიტერის მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც სმენა და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ გაზომონ საგნები. პეტერის მოსწავლეებმა მიიღეს ჯილდო ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოებიდან, მას შემდეგ, რაც გამოიყენეს ადგილობრივი მცენარე ელექტროენერგიის მისაღებად. პიტერი და მისი კოლეგები დასვენების დღეებში ინდივიდუალურ გაკვეთილებს უტარებენ ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან. სამი წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა, დისციპლინის დარღვევის შემთხვევები კვირაში 30-დან სამამდე შემცირდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები