1 4 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„თბილისში, სკოლაში დამცინოდნენ ჩემი სახელის, მეგრული კილოსა და ჭარბი წონის გამო..“

სამოდელო სააგენტოს მფლობელი, ლიკა ყაზბეგი სოციალურ ქსელში წერს, გოგონაზე, რომელიც წლების წინ საზოგადოების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი საკუთარი სახელის, წონისა და კილოს გამო გახდა. 

ლიკა ყაზბეგი პოსტში იმ გოგონას წერილსაც აქვეყნებს, რომლის შესახებაც უნდოდა რომ საზოგადოებას გაეგო და გაეცნო .. 

გოგონა ,რომლის წერილსაც გთავაზობთ, არასტანდარტული ფორმების მქონე მოდელი, ლედი  მიქელაძეა

„ბევრი ვიფიქრე, მე დამეწერა თუ სხვისთვის მიმენდო ჩემი ამბის მოყოლა საზოგადოებისთვის, ძნელი და მტკივნეული თემები რომლების ძალიან ადრეული ასაკიდან ჩემი ცხოვრების თანმხლები იყო, დღესაც მძიმე გასახსენებელია. მაგრამ მგონია რომ ბევრ ადამიანს სჭირდება ჩემგან ამის მოსმენა რადგან მსგავსი პრობლემის წინაშე დგას.

9 წლის ასაკში დაიწყო ეს ყველაფერი, როდესაც სამეგრელოდან, კერძოდ, ქ. ზუგდიდიდან თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად და ერთ-ერთ სკოლაში ჩავირიცხე, სადაც დამცირებას, შეურაცხყოფას, სიძულვილს ვგრძნობდი როგორც სკოლის მასწავლებლებისგან, ასევე მოსწავლეებისგან. „პრობლემა” იყო ჩემი სახელი, მეგრული კილო და ჭარბი წონა. ლედი თურმე ძაღლის სახელი ყოფილა. რას არ მეძახდნენ, როგორ არ მომმართავდნენ: მახინჯ ღორს, სპილოს, ბაყაყს, „ბოჭკას“ და ა.შ. მეუბნებოდნენ რომ ჩემი სიმახინჯის გამო არასდროს არავის ვეყვარებოდი და რომ არასდროს არავინ დამიმეგობრდებოდა, გამრიყეს, პიროვნულად გამანადგურეს, გადამთელეს, ყველაფერი უკადრებელი მაკადრეს, ყველაფერ საზიზღრობას მე მაბრალებდნენ, რომ დავესაჯე, რადგან “დაბალი ღობე” მნახეს სოფლიდან “ჩამოთრეული”.

მალევე გამოვიცვალე სკოლა, გადავედი იქ, სადაც ჩემი ოჯახის ახლობელი მუშაობდა, იმის იმედით, რომ ის ამარიდებდა ყველა ამ ტკივილს, დარდს და ღამე თავის მოკლაზე ფიქრს, მაგრამ ამაოდ, ეს სიძულვილი და ბოროტება უფრო მეტად გაიზარდა. კლასელი მყავდა, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება თავისი აგრესიით და ცინიზმით ჩემ მიმართ. აქაც თავს ვხრიდი, რადგან უკვე იმ ეტაპამდე მივედი ცხოვრებაში, რომ ვთვლიდი თავს მახინჯ, გამოუსადეგარ პიროვნებად, მეგონა, მართლა არავის ვუყვარდი. ოჯახის წევრებთანაც გამიფუჭდა ურთიერთობა და ფაქტობრივად, ჩემს დარდს ვერავის ვუზიარებდი, თან მრცხვენოდა ამ თემებზე საუბარი და ჩავიკეტე ჩემს თავში, შემიძლია ვთქვა, გავბოროტდი კიდეც, ვგრძნობდი როგორ კვდებოდა ჩემში ის პატარა, კეთილი და საყვარელი ლედი, მაგრამ არ ვიცოდი რა მექნა თავის გადასარჩენად, არც ის ვიცოდი, მინდოდა თუ არა გადარჩენა.

კლასის დაწვა დამაბრალეს, A-ს ნათესავია, მაინც არაფერს ეტყვიანო. ამ ყველაფერს ემატებოდა ჩემი ცალმხრივი სიყვარულის ისტორიები, რომ ვიხსენებ ახლა, სულ ცალმხრივი სიყვარული მტანჯავდა. რომ გაიგებდნენ, დამცინოდნენ და აბუჩად მიგდებდნენ, ვინც მიყვარდა და მათი მეგობრებიც. იცით, რამდენჯერ მიფიქრია თავის მოკვლაზე? მაგრამ არასდროს მყოფნიდა გამბედაობ,ა რადგან მიუხედავად ამ ყველა სირთულისა, ჩემში სიცოცხლის სურვილი უდიდესი მოტივი და იმედი იყო უკეთესი ხვალინდელი დღის, ნათელი და ლამაზი მომავლის.

გადიოდა დღეები, თვეებ, წლები მაგრამ არასდროს არაფერი იცვლებოდა. უფრო და უფრო მტკიოდა გული. თან ვხვდებოდი ჩემი სიკვდილით ეს პრობლემა მაინც არ მოგვარდებოდა. საბოლოოდ, ისე ვიქცეოდი, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. ვისწავლე ჩემი გრძნობების დამალვა და მეშინოდა ვინმეს გაეგო, რადგან მეგონა, ჩემი ბრალი იყო ყველაფერი და მე ვიყავი ცუდი.

2012 წელს დავამთავრე სკოლა და დავტოვე ქვეყანა, ოჯახთან ერთად წავედი პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში. ჩამოვშორდი ამ შხამიან ადამიანებს და საკუთარ თავზე დავიწყე მუშაობა. გავიცანი ჩემი საუკეთესო მეგობარი დარიუსი, რომელმაც ხელი შემიწყო ენის სწავლაში, უნივერსიტეტის სირთულეების გადალახვაში, ჩემი მომღერლის და სამოდელო კარიერის შექმნაში. ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ბულინგის მსხვერპლი მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით თუ ვყოფილვარ. რომელსაც უკვე აღარ ვაქცევდი ყურადღებას. ზოგადად, ნეგატიურ ადამიანებზე გამომიმუშავდა იმუნიტეტი და დღეს უკვე 1 წამში შემიძლია დავბლოკო როგორც სოციალურ ქსელში, ისევე რელურ ცხოვრებაშიც. დავიწყე საკუთარი თავის შესწავლა, ჩამოვყალიბდი ადამიანად, რომელსაც აქვს მიზნები და ამბიციები, ოცნებები, გალამაზდა და გაფერადდა ჩემი ცხოვრება. უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას, თუ რას იტყვიან ან რას ფიქრობენ ჩემზე. ძალიან ბევრმა ადამიანმა მატკინა გული, მომაყენა ისეთი ტრავმა, რაც არასდროს დამავიწყდება და რომელსაც ჩემს დღევანდელ ცხოვრებაზე უდიდესი ზეგავლენა აქვს. თავს ვიკავებ ახალი მეგობრების შეძენისგან, ყველა პოტენციური მოღალატე მგონია. მაგრამ არ ვკარგავ იმედს, რომ ისევ დამიბრუნდება ადამიანების მიმართ სიმპათიები და მივიღებ ახალ გამოწვევებს.

დღეს მე მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მაწყენინა, მატირა, გამამწარა. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან პატარა ასაკში გავიარე ეს ყველაფერი და დღეს ვიცი როგორ დავიცვა თავი ღვარძლისა და ბოროტებისგან. რომ არა ისინი, მე დღეს არ ვიქნებოდი ის ვინც ვარ, ის ვისითაც ვამაყობ მე, ჩემი ოჯახი და მეგობრები. მე მომწონს ჩემი შინაგანი სამყარო, სახელი, ფორმები, თმა, ხმა და ყველაფერი ის რაც ჩემს ინდივიდუალურობას და ადამიანობას ხაზს უსმევს. მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის იმისთვის, რომ ხელი შემიწყვეს და ყოველთვის გვერდში მიდგანან ყველა სიტუაციაში. სჯერათ ჩემი და ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ.

თუ შენ დღეს ბულინგის მსხვერპლი ხარ, თუ გეუბნებიან, რომ უვარგისი ხარ და შენს ცხოვრებას აზრი არ აქვს, გეუბნებიან, რომ მახინჯი ხარ და არავის არასდროს შეუყვარდები, ძირს გაგდებენ და ცდილობენ, ზედ შეგაწმინდონ ფეხები; წამოდექი! გაძლიერდი! და ანახე მათ, რომ იმაზე მეტი ხარ, ვიდრე გონიათ. დაუმტკიცე პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე ყველა სხვას, რომ არ ხარ სუსტი რგოლი, რომელსაც გადაუვლიან. ნუ გაუყადრებ თავს ნურავის და ნუ აფიქრებინებ, რომ შენზე უკეთესები არიან!

თქვენი ლედი“.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები