0 8 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

”ანას მთელი ორგანიზმი განადგურებული, ძვლებიც კი დაზიანებული და შეჭმული ჰქონია” – ანა ლაშხელი-ონიანის სიცოცხლე და სიკვდილი

”ჯერ არც დამიძინია და გაღვიძებაზე ვფიქრობ… ავდგები დილას და ყველაფერი იგივე იქნება. იგივე ოთახი, ადამიანები, გარემო, სამუშაო, მუსიკა, მანქანა, ლოგინი, ფარდა, დილის ფინჯანი ყავა, ჭურჭლის დარეცხვა, ზარი მშობლებთან, წუწუნი დაქალთან, იგივე ისტორიები აფსუ სამყაროდან.

და უცებ წარმოვიდგინე, როგორ მიყვარს ეს ერთფეროვნებაც. წარმოვიდგინე, რომ ერთ დღეს ჩემს ოთახში ვერ გავიღვიძო. რომ ჩემი ლოგინი არსად იყოს. რომ ვერ ავადუღო ყავა და მთელი დღე მისი სურნელი მელანდებოდეს. რომ ვერ დავურეკო დედას და არ მპასუხობდეს მამაც. რომ აღმოვაჩინო, რომ ისინი უბრალოდ ვერასოდეს გიპასუხებენ. რომ გავიდე აივანზე და ვერსად დავინახო ჩემი სახლი. რომ უსახლო აივანზე ვდგავარ… წარმოვიდგინე, ერთ დღესაც რომ ვერ გავიღვიძო.

სანამ დავიძინებ… მინდა გითხრა, შენ უფალო, ყველაფერი მჭირდება ხვალისთვის. ყველაფერი მინდა იგივე, თუნდაც სიზმრების გზაზე დავარდნილი გამხმარი ყვავილი”, – ეს სიტყვები 32 წლის მწერალმა და პოეტმა, ანა ლაშხელმა-ონიანმა სოციალურ ქსელში 2018 წლის 9 სექტემბერს გამოაქვეყნა. 8 ოქტომბერს კი ის აღარსად იყო…

ახალგაზრდა ქალი სიმსივნით გარდაიცვალა.

ანა ლაშხელი-ონიანი სამი წიგნის ავტორია. განსაკუთრებით პოპულარული გახდა მისი ნოველები “აკვანი” და “მეეზოვე”. ლიტერატურული საქმიანობის გარდა ქველმოქმედებითაც იყო დაკავებული. მან დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია “თბილი სამყარო”, რომლის ფარგლებში ეხმარებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ღარიბ ოჯახებს. ორი მცირეწლოვანი შვილის დედამ ოცნებად ბავშვთა სახლის დაარსება გაიყოლა იმქვეყნად.

სიკვდილამდე ორი კვირით ადრე “ფეისბუქში” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც თავის დიაგნოზზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ დაწერდა წიგნს “მე დავამარცხე კიბო”. ამ დღეს ვერ მოესწრო, მაგრამ ანა ლაშხელი-ონიანის “მე დავამარცხე კიბო” აუცილებლად დაიბეჭდება. ანას მეგობარი, გამომცემელ-რედაქტორი, თამარ გელოვანი, ამის პირობას საჯაროდ დებს.

“ეს წიგნი გამოვა, ანა, ამ წიგნს მე გამოვცემ, სახელწოდებაც უცვლელი ექნება – “მე დავამარცხე კიბო”. ავტორიც შენ იქნები – ანა ლაშხელი-ონიანი, მაგრამ ამ წიგნის ყველა ფურცელი ცარიელი იქნება”, – ამბობს თამარ გელოვანი, რომელმაც მეგობარზე “სარკესთან” ისაუბრა.

თამარ გელოვანი:

– ქველმოქმედებაში ვხედავ უფრო ჩემს სულს და ადგილს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთი პაწაწინა ბავშვთა სახლი დარჩეს ჩემ მერე ჩემს სახელზე, რომელსაც ობოლ ბავშვთა სახლი კი არა, უბრალოდ იმედის სახლი ერქმევა. ეს იქნება ჩემი მიზანი. წერით სხვამ წეროს, მე უბრალოდ ჩემს სევდასთან ვსაუბრობ ხოლმე”, – ეს წერილი მომწერა ანამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.

ანას საქველმოქმედო ფონდი ჰქონდა და ავადმყოფ ბავშვებს ეხმარებოდა. ჩემი შვილი ბერია და არაერთხელ უთქვამს ამა თუ იმ ბავშვზე, ლოცვაში მოიხსენიოსო. თავიდან, გაჭირვებულს რომ ნახავდა, “ფეისბუქზე” წერდა, იქ მივდივარ და ვის გაქვთ სურვილი, რომ დამეხმაროთო. იყიდდა ტანსაცმელს, პროდუქტს და გაჭირვებულებთან მიჰქონდა. მერე იფიქრა, ამ ყველაფერს უსიამოვნო განწყობა არ მოჰყვესო და საქველმოქმედო ფონდი შექმნა.

ბოლო პერიოდში მამა ჰყავდა ცუდად, მის ავადმყოფობაზე ვდარდობდი და რას წარმოვიდგენდი, თუ მას ეს ელოდა?! გამხდარი გოგო იყო და მეგონა, ჩვეულებრივი ვირუსი მოერია, რომლისგანაც თავს დაიძვრენდა.

– მოულოდნელად გაიგეთ მისი დაავადების შესახებ?

– დიახ. ვიცოდი, რომ ფილტვების ანთება და მაღალი სიცხე ჰქონდა, საშინელება ყოფილა ეს ანთებაო, მეუბნებოდა. ფილტვების ანთება ზაფხულის მერე დაემართა. ზაფხულში თავისი შვილები სვანეთში გაუშვა და მერე დიდი აუზი გაუგზავნა. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარული აჩუქა იქაურ ბავშვებს. დიღომში რომ ბიჭმა (დიმიტრი ტატიშვილი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, რედ.შენ.) დადგა აუზი, დაახლოებით იმხელა იყო ის აუზი. რა ცუდად დავცადეთ ბავშვებისთვის აუზის დადგმა, ის ბიჭიც ხომ უეცრად გარდაიცვალა…

მერე თვითონაც წავიდა სვანეთში და იქიდან რომ ჩამოვიდა, მითხრა, გავცივდი და ფილტვების ანთება მაქვსო. საავადმყოფოში დააწვინეს. იქ და უვლიდა. საავადმყოფოდან გამოსულმა კი ის ცნობილი პოსტი დაწერა, სადაც ყვებოდა თავის დაავადებაზე და იმაზე, რომ დაწერდა წიგნს. მაშინვე მივწერე, მე ვიქნები ამ წიგნის რედაქტორი და პრეზენტაციას ერთად გავაკეთებთ-მეთქი. მომწერა, თბილოო.

თურქეთში რომ წავიდა და ქიმიოთერაპია დაუწყეს, მეორე დღეს მომწერა, გუშინ ცუდად ვიყავი, მაგრამ დღეს ისე კარგად ვარ, მთელი მოლი მოვიარე, აუცილებლად კარგად ვიქნებიო. მეორე დილას კი დაიწერა, გარდაიცვალაო. ეს მეხის დაცემას ჰგავდა.

იმ წიგნს აუცილებლად დავუბეჭდავ. როგორ შეიძლება ანა ცარიელი ფურცელი იყოს, მაგრამ იქ არ შეიძლება სხვა რამის დაწერა. ისე უნდოდა, კარგად დასრულებულიყო ყველაფერი… ამბობდა, მე აუცილებლად დავანახებ ხალხს, რომ ამ გამხდარი გოგოს უკან ძლიერი ქალი დგასო. არ გაუმართლა… გამომცემლობას, რედაქტორს, ავტორს დავაწერ, მაგრამ შიგნით ვერაფერს დავწერ. იქნებ წინასიტყვაობის დაწერა შევძლო…

წლების წინ ჩემთან მოვიდა წიგნის დასაბეჭდად. შემოვიდა და ისეთი თვალები შემოიტანა და იმ თვალებს ისეთი სული მოაყოლა, ვეღარც მოვცილდი. მაშინ უნდოდა, წიგნის გარეკანის ნახევარი შავი ყოფილიყო და ნახევარი – თეთრი. რაღაც შეცდომა გაიპარა და სტამბაში არასწორად წავიდა – ცოტა ჩვენს დიზაინერს შეეშალა, ცოტა მას და გარეკანი გამოვიდა კუბოკრული.

წიგნი რომ გამზადდა და უკვე უნდა მოეტანათ, დავურეკეთ, მოდიო. წიგნი და ანა ერთდროულად მოვიდნენ. ადრე რომ გვენახა წიგნი, არ დავურეკავდით, შევცვლიდით. რომ დაინახა ტაქსის ლოგოსავით კუბოკრული ფონი, ბევრი იცინა. მერე თქვა, მაინც ხომ შავი და თეთრი ფერებია და მერე რა მოხდაო. მოკიდა ხელი და წაიღო. სხვა ალბათ ერთ ამბავს ატეხდა, მაგრამ ანას საყვედური როგორ დასცდებოდა?! ეს წარმოუდგენელი იყო.

არასდროს უთვალთმაქცია, უი, როგორ გამომრჩა სასვენი ნიშანიო. გულწრფელად მეუბნებოდა, არასდროს ვაქცევდი ყურადღებას და სკოლაშიც სულ მეშლებდაო. გადმომიგზავნიდა და ვუსწორებდი. ერიდებოდა, მე კი მიხაროდა, რომ მაკითხებდა. იმდენად სტიქიურად და გულწრფელად წერდა, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, სასვენ ნიშანს სწორად დასვამდა თუ არა. ესეც იმაზე მეტყველებდა, რომ არ უნდოდა, ყალბად ვიღაცისთვის მოეწონებინა თავი და ძალიან ჭკვიანი გამოჩენილიყო.

ანას ნაწარმოებების კითხვა ბედნიერება იყო, რადგან ყველაფერში დიდი სულიერება იდო. პირველად იმ ლექსებით გავიცანი, ჩემთან რომ მოიტანა. შეუძლებელი იყო, ანას ლექსები წაგეკითხა და თვითონ ანა – ვერა. ის თვითონ იყო დაბეჭდილი წიგნი, რომელშიც ვერაფერს შეცვლიდი. ახლა ხომ იმქვეყნად სახლობს, მაინც ჩემთანაა.

12 წლით უმცროსი ძმა ჰყავს. მეუბნებოდა, ჯერ ის გავზარდე და მერე ჩემი შვილებიო. გვირილები საოცრად უყვარდა. თავისი პატარა ბიჭი ეზოდან დათხვრილი ამოსულა. ანას ჩხუბი დაუწყია, რას ჰგავხარ, რატომ მალავ ხელებსო. გამოუწევია ბავშვს ხელები და გვირილები სჭერია ხელში… ამბობდა, ცუდი დედა ვარ, ბავშვი ამ დღეში რომ ჩავაგდეო. მალე ზევიდან დამიწყებენ ყურებასო, წერს თავისი შვილების ერთ-ერთ ფოტოზე სოციალურ ქსელში. ვერ მოესწრო…

არ მეგულება ვინმე, ანაზე ცუდის თქმა რომ შეეძლოს. ალბათ ბევრჯერ სტკენია გული, მაგრამ ამას სხვას როგორ აგრძნობინებდა, სულ მომღიმარი დადიოდა… უბრალო კენჭში შეეძლო დაენახა დიდი ბედნიერება. უამრავ რამეს აკეთებდა. გიდადაც მუშაობდა და თავისი ქვეყანა უყვარდა. მხოლოდ სიყვარული და სითბო იყო ანა. სვანეთიდან იყო ჩამოსული. მისი ოჯახი, დედა, მამა, ძმა სვანეთში ცხოვრობენ.

“ილაპარაკეთ ადამიანებზე კარგი, მოუყევით ერთმანეთს სხვის კარგ თვისებებზე, წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერი ხართ, როცა თქვენს თავზე კარგი გესმით, მიანიჭეთ სხვასაც ეს სიამოვნება. ცუდი ამბები ხომ ორმაგად მიაქვთ ადამიანებს ადამიანებამდე, ერთი პატარა ცუდი ამბავი ათ კარგ ამბავს გადაჩრდილავს”, – წერდა ანა ლაშხელი-ონიანი, რომელზეც ყველა ნაცნობი თუ ახლობელი მის სიცოცხლეშიც მხოლოდ კარგს ლაპარაკობდა, ახლა კი მისი გახსენებისას ცრემლები ახრჩობთ.

პოეტი საშა გველესიანი, ანას მეგობარი:

– ანა საოცრად თბილი და ტკბილი გოგო იყო. ყველაზე დიდი ჰუმანისტიც კი ვერ აღწერდა ანას ბუნებას ამომწურავად. საოცრად ჰუმანური და ყველას მოყვარული იყო. სიკეთეს ასხივებდა. ისეთი თვალები ჰქონდა, გურამ დოჩანაშვილის არ იყოს, უცბად გაგხდიდა იმაზე უკეთესს, ვიდრე ხარ.

ანემია ჰქონდა, მაგრამ მაინც დადიოდა და ბავშვებისთვის სისხლს აბარებდა. ერთხელ სისხლის გადასხმის ინსტიტუტიდან ჩვენს მეგობარს, გაგა გომართელს, დაურეკა, ვეღარ მოვდივარ და მიშველეთ, წამიყვანეთო.

– ანუ დიდი ხანი ავადმყოფობდა?

– ანემია რომ ჰქონდა, ვიცოდით. ხან ჩახუტება მომინდებოდა, ხან ხელის გადახვევა და რომ შევეხებოდი, სტკიოდა. იტყოდა ხოლმე, სულ მტკივა ყველაფერიო. მერე კი უცებ აღმოჩნდა, რომ მთელი ორგანიზმი განადგურებული, ძვლებიც კი დაზიანებული და შეჭმული ჰქონდა. იმიტომ ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა და პირველივე ქიმიამ შეიწირა.

პირველ დღეს, ქიმია რომ გაიკეთა, დაწერა, კარგად ვარო, მაგრამ მეორე დღეს მისი გარდაცვალების ამბავი გავრცელდა. დიაგნოზის გაგებიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ მისი სიცოცხლე დამთავრდა. თურქეთში გარდაიცვალა, იქიდან ჩამოასვენეს.

არასოდეს არავის მოახვევდა საკუთარ პრობლემას. პირიქით, სულ მზად იყო სხვების დასახმარებლად. შეეძლო წასულიყო, დიდი ფული ესესხა ვიღაცისგან და პურის ფულიც არ დაეტოვებინა თავისთვის, ისე მიეცა გაჭირვებულისთვის. ანა მუდმივად გაღიმებული დამამახსოვრდება. სხვისი ბედნიერებით რომ ბედნიერი გახდე, ეს ძალიან გამორჩეული ადამიანის თვისებაა. ვისაც კი ვიცნობ, ყველაზე იდეალური ადამიანი ანა იყო.

ხომ იცით, როგორი ეპოქაა – ნიჭიერმა ადამიანებმა უკმეხი წერა დაიწყეს, მძიმე განცდებს გადმოსცემენ, რადგან გარემოა ასეთი. აგრესიისკენაა გადახრილი ჩვენი აზროვნება, ანას კი ეს არ ეხებოდა. მხოლოდ სიკეთის ნაპირზე დადიოდა, სხვაგან ფეხი არ გადაუდგამს. ხორცს არ ჭამდა და ამის გამო სულ ვეჩხუბებოდი. სიტყვას არასოდეს შემოგიბრუნებდა. თავისი საოცარი ღიმილით დაგამშვიდებდა. გაბმული, მთლიანი სიკეთე იყო ჩვენი ანა…

“თუ ნივთებივით გავყიდით სინდისს

თუ სული სხეულს ვერ გადაურჩა,

ყველა ქუჩა თუ უფალთან მიდის,

რა საჭიროა ამდენი ქუჩა?

თუ იქ ვმთავრდებით, სადაც ვიწყებით,

ვერ დავუსხლტებით სევდის გისოსებს,

თუ ზეცას უდრის ჩვენი სიკვდილი,

რისი ტოლია მაშინ სიცოცხლე?” – წერდა ანა ლაშხელი-ონიანი…

 სარკე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები