1 4 : 1 4
 | 

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: ანსამბლი „რუსთავი“და სტუდია „მართვე“ საანგარიშო კონცერეტებისთვის ემზადებიან

მართვეს დაარსებიდან 40 წელი გავიდა. ანსამბლში და მის მოსამზადებელ სტუდიებში უკვე  ბიჭუნათა ხუთმა თაობამ გაიარა, ათწლეულების განმავლობაში ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით, ათასობით ბავშვმა შეისწავლა ხალხური სიმღერა და გალობა. მართვე თავისი საკონცერტო მოღვაწეობით, სატელევიზიო გამოსვლებით, რადიოჩანაწერებით და მოღვაწეობის სხვა ფორმებით წლების მანძილზე პოპულარიზაციას უწევდა ქართულ ხალხურ სიმღერას, რითაც მოზარდი თაობის დიდი ინტერესი გამოიწვია. თუ დღეს საქართველოში ასე მომრავლდა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები. მართვეში აღზრდილი თაობები უკვე თავიანთ შვილებს ასწავლიან ხალხურ სიმღერებს. ტრადიცია დღესაც გრძელდება და თაობებს გადაეცემა. ანსამბლმა თავისი არსებობის განმავლობაში 1500-ზე მეტი კონცერტი გამართა. მონაწილეობა მიიღო ბევრ ტელე და რადიოგადაცემაში.

2018 წლის გაზაფხულზე კი, სტუდია „მართვე“, როგორც სტრუქტურული ერთეული ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს "რუსთავს“ შეუერთდა. სწორედ, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მარტიდან დაიწყო სტუდიის  ძირეული რეორგანიზავია.

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა  ანსამბლმა „რუსთავმა“ იაპონიის 100  ათასზე მეტი მაყურებელი გააოცა. აი, რას წერს 8 წლის ჰირომასა ტაგაკი, რომელიც ჰიროსიმაში ცხოვრობს და ქართულმა ფოლკლორმა აღფრთოვანებული დატოვა:დიდი მადლობა იმისთვის, რომ შესანიშნავი სიმღერები და ცეკვები გვაჩვენეთ. მე აღფრთოვანებული ვარ!! კიდე ერთხელ მობრძანდით ნაგასაკიში. ღვინისა და წეროს ორიგამს (ქაღალდის სათამაშოს) გაჩუქებთ”.

ანსაბლის შემოქმედებითი ჯგუფი ახლახანს დაბრუნდა ამომავალი მზის ქვეყნიდან.   აღნიშნულ და სხვა სიახლეებთან დაკავშირებით გვესაუბრება ანსამბლ "რუსთავისა“ და სტუდია „მართვეს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გაბუნია:

-          მართლაც,  მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. 2018 წლის გაზაფხულზე, სტუდია „მართვე“, როგორც სტრუქტურული ერთეული ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს "რუსთავს“ შეუერთდა. სწორედ, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მარტიდან დაიწყო სტუდიაში  ძირეული რეორგანიზაცია. პროექტი "მართვეს ახალი სიცოცხლე”, ანსამბლის ორგანიზაციულ ფორმირებას, ახალი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, სწავლების ხარისხის ამაღლებას, განახლებული ძალითა და ენერგიით სტუდიის საქმიაობას გაფართოებას გულისხმობს. მართვეს სამხატვრო ხელმძღვანელად მოწვეულია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი და ანსამბლ „ბასიანის“  სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე.  ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბ-ნი გიორგი არის ჩვენს თაობაში ყველაზე გამორჩეული და წარმატებული ლოტბარი. დარწმუნებული ვარ, რომ  მისი მოსვლით აქაური შემოქმედებითი პროცესები ძალიან გაჯანსაღდება.

 

გარდა ამისა, განახლდა სასწავლო პროგრამა და დაემატა ახალი  სასწავლო დისციპლინები, რაც მიზნად ისახავს სწავლის ხარისხის ამაღლებას და პროფესიონალი მომღერალ -მგალობელის აღზრდას.

 

შეიქმნა სამეურვეო საბჭო, რომელშიც შედიან ცნობილი მუსიკოსები, ამ სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლები, მათ შორის, ანსამბლი „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი  ანზორ ერქომაიშვილი,  მთავარი ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე, თამაზ ანდღულაძე, ჯანსურ კახიძის მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი  ვახტანგ კახიძე, ასევე ფონდი „ქართული გალობა“ აღმასრულებელი დირექტორი ნანა გოთუა და  საქართველოს  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე. სწორედ, ეს საბჭო წარმართავს ამ დიდი ორგანიზაციის პრიორიტეტებს და იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. 

მნიშვნელოვანია, რომ სტუდიაში შეისწავლება ქართული ხალხური სიმღერა და ტრადიციული გალობა, ქართული ხალხური საკრავები, ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება, მხატვრული კითხვა და მეტყველება. 40 წლის განმავლობაში „მართვეში“ თაობები აღიზარდა, რამაც უდიდესი გავლენა იქონია ქართული ტრადიციული კულტურის პოპულარიზაციის და მომავალი თაობებისთვის ფოლკლორის  გადაცემის საქმეში.  ცალკე მიმართულებად გამოიყო  ქართული  ტრადიციული გალობა, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ის კომპლექსური ცვლილებები, რაც ფოლკლორის მიმართულებით  ბოლო პერიოდში განხორციელდა დიდ შედეგებს მოიტანს მომავალში. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ რეგიონებში სალოტბარო სკოლების გახსნით საკმაოდ, მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ, სადაც ასეულობით ახალგაზრდა უკვე ეუფლება ქართულ ტრადიციულ ხელოვნებას,  თბილისშიც უპრეცედენტოდ გაზრდილია ახალგაზრდობის ინტერესი და საბოლოო ჯამში, ეს აუცილებლად გამოიწვევს დიდ ინტელექტულურ აფეთქებას, რაც ასე ძალიან გვჭირდება.  ბედნიერი ვარ, რომ ვხედავ როგორი საუკეთესო და ნიჭიერი ბავშვები მოდიან. 

სტუდია „მართვე“ ასევე ემზადება სოლო კონცერტისთვის. ვფიქრობ, ეს იქნება ახალი განაცხადი  და ღირსეულად წარვსდგებით მაყურებლის წინაშე. ასევე გვემატება ახალი პროგრამა ქორეოგრაფიული მიმართულებით. სტუდიაში  ბიჭებთან ერთად  დავიწყეთ გოგონების მიღებაც,  რადგან გოგონათა რეპერტუარიც საკმაოდ, მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანია. ველოდებით,  რომ კიდევ უფრო, გაიზრდება ამ მიმართულებით ინტერესი. 

სულ ახლახანს, ანსამბლი „რუსთავი“  იპონიიდან დაბრუნდა, როგორც იქაური მედია იუწყებოდა, ამომავალი მზის ქვეყნის მაყურებელი გააოცა....

-  ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ სრული შემადგენლობა იაპონიაში თვე ნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც 50 წლის საიუბილეო ტურნე გამართეს. ტურნე, რომელიც ქალაქ  იჩიკავადან (ჩიბა) დაიწყო იაპონიის 21 ქალაქს მოიცავდა და 21 ნოემბერს, ქალაქ ოსაკაში დასკვნითი კონცერტით დასრულდა. ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა ქართული კულტურის ისტორიაში. საქართველოდან ვინმეს   ტურნეზე  ასეთი  რაოდენობის და მასშტაბის კონცერტები  გაემართოს იაპონიაში  ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. კონცერტებმა წარმატებით ჩაიარა. ამას იაპონური პრესაც იუწყებოდა. იპონელები საკმაოდ, კონსერვატიულები არიან, ისტორიასა და ტრადიციებს სცემენ საკმაოდ, დიდ პატივს. არც ისე იოლი იყო იაპონელი მაყურებლის მოხიბვლა, თუმცა ანსამბლმა „რუსთავმა“ ეს შეძლო.

-  როგორც ირკვევა, 2018 საკმაოდმ ნაყოფიერი წელი აღმოჩნდა ანსამბლისთის...

- წელს,  ანსამბლი რუსთავი იუბილარია და  შეუსრულდა 50 წელი. ის 1968 წელს დააარსა ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 7000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში. ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს  ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები და გამორჩეულია საკუთარი ინდივიდუალური და შემოქმედებითი  ხელწერით.

წელს „რუსთავმა“ გამართა კონცერტები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, შვეიცარიაში, სერბეთში, გერმიანიაში, ევროპის გარდა ასევე სამხრეთ კორეაში, სადაც უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ზოგადად,  სამხრეთ კორეაში ქართული ანსამბლები არ მართავენ კონცერტებს, რთულია ტურნეს დაგეგმვა, ანსამბლმა „რუსთავმა“ ეს მოახერხა და მისმა შემოქმედებამ დიდი მოწონებაც დაიმსახურა. 

მინდა ვთქვა, რომ ანსამბლის მოღვაწეობის  ნახევარი საუკუნე სავსე იყო შემოქმედებითი ცხოვრებით, კონცერტებით, ჩაწერებით, უამრავი უნიკალური მრავალხიამონობის ნიმუშების გაცოცხლებით რამაც დიდი პოპულარობა მოუტანა ქართულ ხალხურ სიმრერას მტელს მსოფლიოში,  იყო ძალიან დიდი წარმატებაც და  გულისტკენაც  რაც გამოწვეული იყო  ანსამბლის დამსახურებული  წევრების გარდაცვალებით, თუმცა ანსამბლი განაგრძობს მოღვაწეობას და საკმაოდ წარმატებულადაც.

ანსამბლი „რუსთავის“ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა წიგნი - „რუსთავი 400“, მოგივყევით მის შესახებაც?

- ანსამბლის დამაარსებლისა და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელის, ანზორ ერქომაიშვილის მიერ გამოიცა მნიშვნელოვანი ალბომი  - „რუსთავი 400“.  გამოცემას თან ახლავს  ანსამბლის მიერ შესრულებული  უნიკალური 400 ქართული ხალხური სიმღერის და საეკლესიო საგალობლის აუდიო ჩანაწერი 16 კომპაქტ დისკით.  ეს არის  ფასდაუდებელი შრომა, ბ-ნი  ანზორის ხელმძღვანელობით. შეკრებილ იქნა ანსამბლ რუსთავის 400 საუკეთესო ჩანაწერი. რომელიც მან თავისი მოღვაწეობის განმავლობაში შექმნა „რუსთავთან“ ერთად. მინდა ხაზი გავუსვა ერთ ფაქტს,  მეც ისევე როგორც ჩემი თაობა ამ ჩანაწერებზე აღვიზარდეთ და ეს ანსამბლი იყო მეტრი და საზომი ჩვენი მომავალი შემოქმედების. ანზორ ერქომაიშვილმა ასევე  საინტერესოდ შეკრა ანსამბლ „რუსთავისადმი“ მიძღვნილი, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ცნობილი მოღვაწეების, მათ შორის, მუსიკოსების, ხელოვნების სხვადასხვა დარგის გამოჩენილი ადამიანების, პოლიტიკოსების აღფრთოვანებული წერილები, მსოფლიო პრესის გამოხმაურებები, უმდიდრესი ფოტომასალა. წიგნი სრულყოფილად  და რეტროსპექტიულად ასახავს „რუსთავის“ მიერ 50 წლის განმავლობაში წარმატებით განვლილ გზას და შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებს. ტირაჟის სიმცირის გამო, სამწუხაროდ,  ჯერ არ იყიდება, მხოლოდ  სასაჩუქრედ შეიქმნა და  ახლო მომავალში  ვგეგმავთ პრეზენტაციასაც.

2018 მნიშვნელოვანი წელია სტუდია „მართვესთვისაც“, მას 40 წელი შეუსრულდა, იუბილესთან დაკავშირებით, რა სიახლეს გვთავაზობთ?

- სტუდია „მართვე“ არის 40 წლის. 2018 ფაქტობრივად, იყო დაგეგმვის წელი. დაგვხდა ბევრი პრობლემა, რომელიც საჭროებს გადაჭრას. მომავალ წელს „მართვეს“ ექნება კონკრეტული შედეგი, რაც გამოიხატება სოლო პროგრამის განახლებაში, ახალი რეპერტურიას შექმნაში,  ამიტომ ვფიქრობთ, გაზაფხულზე სოლო კონცერტის გამართვას. აღნიშნულ პროცესს ჩვენ დავარქვით „მართვეს ახალი სიცოცხლე“ და რეალურად ეს იქნება ახალი საწყისი სტუდიის ისტორიაში.

ამბიციური გეგმები გაქვთ 2019 წელსაც, იგეგმება არტოს ბაღში არსებული ძველი თეატრის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, როგორც მახსოვს ერთხელ სარემონტო სამუშაოები უკვე განხორციელდა...

- ანსამბლი რუსთავისა და სტუდია მართვეს ადმინსიტრაციული შენობა მდებარეობს აღმშენებლის 103 ნომერში, ე.წ. არტოს ბაღში, წლების განმავლობაში აქ ახალგაზრდობა სწავლობდა ქართულ ტრადიციულ შემოქმედებას. რამდენიმე წლის წინ მოხდა შენობის განახლება. პროცესები განხორციელდა ნაჩქარევად და უხარისხოდ, რამაც გამოიწვია მისი ავარიული მდგომარეობა. კულტურის  სამინისტროს დახმარებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ისტორიული შენობის რეაბილიტაცია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. არტოს ბაღში არსებული ძველი თეატრის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რომელიც მიზნად ისახავს ძველი თეატრის სრულად აღდგენას. რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდება თეატრი, მოხდება შენობის  შშმ პირებისთის ადაპტირება,  სრულად გარემონტდება  სარეპეტიციო დარბაზები, მოეწყობა გათბობა ვენტილაცია, სახანძრო უსაფრთხოება, აღდგება შენობაში არსებული ყველა ვერანდა და გადაიხურება ახალი სახურავით. დ. აღმაშენებლის 103 ნომერში მდებარე  თეატრის შენობა, სადაც 40 წლის განმავლობაში ახალგაზრდობა შეისწავლიდა ქართულ ტრადიციულ ხელოვნებას  კვლავ განახლებული სახით დაუბრუნდება თბილისს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები