0 5 : 5 0
 | 

საზოგადოება

გიორგი დონაძე: “საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს თბილისში მალე საკუთარი საკონცერტო დარბაზი ექნება”

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი შემოქმედებითი საქმიანობა მრავალმხრივია: ქართული ხალხური მუსიკა, საეკლესიო გალობა, ზეპირსიტყვიერება, ქორეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ფესტივალების ორგანიზება და სხვა.

ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად კვლავინდებურად, სალოტბარო სკოლები რჩება, რომლებიც უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ამჟამად, მთელ საქართველოში, 21 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 800-მდე მოსწავლე უფასოდ ეუფლება ქართულ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას: "ჩვენთვის, პრიორიტეტი იყო და არის სალოტბარო სკოლები, რომელთა გასახსნელად მზადება 2014 წელს დავიწყეთ, 2015 წლიდან კი, ირველი სალოტბარო სკოლა ხობში გაიხსნა, ამას მოჰყვა რამდენიმე სხვა რეგიონიც. 2018 წლის ბოლოსთვის 24 სალოტბარო სკოლა გვექნება," - აღნიშნავს ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, წელს შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი არ ჩატარდება, ამას  საზოგადოების ერთი ნაწილი ფინანსების სიმწირეს უკავშირებს, რეალურად რა გამოწვევებია, ასევე ცენტრის 2018 წლის საქმიანობასა და მის პრიორიტეტებზე,  მნიშვნელოვან  პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე:

-         შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 2016 წელს დავაფუძნეთ. ასეთი გადაწყვეტილება ფოლკლორის სიყვარულმა განაპირობა. საქართველო მდიდარი ფოლკლორული ტრადიციების ქვეყანაა. სურვილი გაგვიჩნდა ქართული სცენა სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორისთვისაც დაგვეთმო. ფესტივალს საქართველომ უკვე ორჯერ უმასპინძლა. წლიდან წლამდე გაიზარდა მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა და შესაბამისად, ამ ღონისძიების მასშტაბები. მნიშვნელოვანია, რომ  შარშან, ფესტივალის მასპინძლობაში გურიასთან ერთად უკვე აჭარაც აქტიურად ჩაერთო. დასკვნითი ნაწილი კი ტრადიციულად გრანდიოზული გალა კონცერტით  „Black Sea Arena“-ზე დასრულდა. ორი წლის განმავლობაში სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: იტალია, ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვა. ერთი სიტყვით, საერთაშორისო ფესტივალმა თავისი სახელი გაამართლა და სხვადასხვა ქვეყნების ფოლკლორი მოიცვა. გაიზარდა ცნობადობა და გაჩნდა ახალი გამოწვევებიც. გვსურს ეს ფესტივალი მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ. ვაცნობიერებთ, რომ ასეთი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომაც მივიღეთ მისი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ  გამართვის გადაწყვეტილება. მიმდინარე წელს, მოსამზადებელი სამუშაოებისთვის გამოვიყენებთ. რიგით მესამე, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი - 2019 წლის ზაფხულში გაიმართება. ვფიქრობთ, მისი მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა, ასევე ბილეთების ხელმისაწვდომი ფასები, მაყურებლის ინტერესს, კიდევ უფრო, გააძლიერებს. ჩვენ ამითვის ძალებს არ დავიშურებთ. მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ წელს ფესტივალის არჩატარების მიზეზი ფინანსების სიმწირე არ ყოფილა.

-         ფოლკლორის ცენტრის  ერთ-ერთ პრიორიტეტი ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალია, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იმართება, როგორ ემზადებით?

-         ფოლკლორის ცენტრში ფესტივალების ჩატარების დიდი ტრადიცია არსებობს.  ეროვნული ფესტივალი რეგიონებისათვის სტიმულის მიმცემია. მას ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფოლკლორის შენარჩუნება-პოპულარიზაციისათვის. ბოლო ფესტივალის ფარგლებში უნიკალური ნიმუშები ჩაიწერა და დაარქივდა. ეროვნული ფესტივალი არ არის გასართობი, საკონცერტო სანახაობა, რომელსაც დავესწრებით და ტაშს დავუკრავთ. მისი პირდაპირი დანიშნულებაა, შევუნარჩუნოთ თაობებს ფოლკლორი. მოტივაციის ამაღლების მიზნით, დათვალიერება-ფესტივალის ფარგლებში საუკეთესოებს ვაჯილდოვებთ. 2015-2016 წლებში საკმაოდ სოლიდური ფულადი პრემიები გავეცით. 2019-2020 წლების ფესტივალზე, დარწმუნებული ვარ, ისევ კოლოსალური მასალა მოიყრის თავს ფოლკლორის ცენტრის არქივში.

-         ცენტრის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი  ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრია, რომლის გახსნაც სექტემბერში იგეგმება...

-         მიმაჩნია, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა დასავლეთ საქართველოში გამოაცოცხლებს გურიას. ოზურგეთი დასავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლებისათვის მთავარი საკომუნიკაციო ცენტრია. გამოფენებმა და კონცერტებმა თბილისიდან იქ უნდა გადაინაცვლონ. ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობა 1300 კვადრატული მეტრია: თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ხმის ჩამწერი სტუდია, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები, სალოტბარო სკოლა, ადმინისტრაცია...  შენობა მართლაც უნიკალურია. 2019 წელს, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ძირითადი კონცერტები  სწორედ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართება. დიდი სურვილი მაქვს, აქვე გაიმართოს სამეცნიერო კონფერენციები, მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები, მათაც გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება.

-         საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს თბილისში მალე საკუთარი საკონცერტო დარბაზი ექნება

-         ეს იქნება დარბაზი ხმის ჩამწერი სტუდიით. მისი კეთილმოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება. უნიკალური სცენაა, ვახტანგ ჭაბუკიანის ინიციატივით შექმნილი - ოპერის სცენის ასლი. კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ძალიან ლამაზი დარბაზი ექნება - ხმის იზოლაციისა და ჩამწერი სტუდიის თანამედროვე აღჭურვილობით. 2018 წელს, ამ დარბაზში ჩატარდება ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის ყოველწლიური საღამო. ამაზე ქალბატონი ეთერ თათარაიძე მუშაობს და ცდილობს ყოველწლიურად განსხვავებული საღამო ჩაატაროს, რაც იოლი არაა...  მინდა აქვე აღვნიშნო, რომ საქველმოქმედო ფონდ „ქართულ გალობასთან“ ერთად ზეპირსიტყვიერების უნიკალური ნიმუშები დაიბეჭდა.

-         ცენტმა მაღალმთიან აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, ფოლკლორის ოთხ დარგში სამეტაპიანი კომპლექსური ექსპედიცია ჩაატარა, იგეგმება თუ არა ანალოგიური ექსპედიციები სხვა რეგიონებშიც?

-         ფოლკლორის ცენტმა შუახევის მუნიციპალიტეტში კომპლექსური ექსპედიცია ჩაატარა. ექსპედიცია ოთხ სხვადასხვა დარგში სამ ეტაპად ჩატარდა. მაღალმთიან აჭარაში მსგავსი კომპლექსური ექსპედიცია პირველად განხორციელდა. პირველი ეტაპი მუსიკასა და ქორეოგრაფიას დაეთმო, შემდეგი ეტაპები კი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ზეპირსიტყვიერების დარგებს.  კომპლექსური ექსპედიციები მოითხოვს დიდ დროს, დიდ რესურს, ეს იყო პირველი მცდელობა და ვფიქრობ, რომ წარმატებით დასრულდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანასებით ჩვენ უკვე ხელთა გვაქვს ძალიან საინტერესო გამოცემა, რომელშიც ექსპედიციის შედეგებია ასახული. სამომავლოდ, ვგეგმავთ კომპლექსური ექსპედიციების ჩატარებას ქედაში, ხულოში და შემდგომ უკვე სვანეთში. გვინდა ყველა რეგიონს ვესტუმროთ, ყველგან ძალიან ბევრია მოსაძიებელი და საკვლევი. მთავარია მუნიციპალიტეტების მხრიდანაც გაჩნდეს ინტერესი და მხარდაჭერის სურვილი.

-         წელს დაგეგმილია ფოლკლორული ანსამბლების ცნობარის შედგენა, რომლის მეშვეობით ტურისტები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას.... გვითხარით ამ ცნობარის მნიშვნელობაზე...

-         ვფიქრობ, აღნიშნული ცნობარის არსებობა ამ კუთხით, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. პროექტში ჩართულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. მისი დახმარებით ცნობარი ყველა სასტუმროში დარიგდება და ხელმისაწვდომი იქნება ტურისტებისთვის. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვრებს გარეთ, ანსამბლებისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. 

-         უკვე დასრულებულ მნიშნელოვან პროექტებსა და  სამომავლო გეგმებზე რომ გვესაუბროთ...

-         ფოლკლორი ცოცხალი ორგანიზმია. მასზე ზრუნვა კი მუდმივი პროცესი. ზოგიერთი პროექტი, მაგალითად, სალოტბარო სკოლები დასრულებულად ვერ ჩაითვლება მანამ, სანამ ამ სკოლების რაოდენობა იზრდება. იგივე შეიძლება ითქვას ექსპედიციებზე, რადგან ერთის დასრულება ხშირად ახალი ექსპედიციის დასაწყისის საწინდარია. მინდა აღვნიშო, რომ ამჟამად, Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს ფესტივალი „ბაღია ჩვენი ქვეყანა“. პროექტის ფარგლებში, აპრილიდან - სექტემბრამდე თბილისის 6 ფოლკლორული ანსამბლი, საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში მართავს სოლო კონცერტებს. რეგიონების კულტურული ცხოვრების, ასევე ტურისტული აქტივობის კუთხით ეს პროექტი ძალზე მნიშვნელოვანია. პარალელურად, 29 ივლისიდან 22 აგვისტომდე, ბათუმში,  ასევე ჩვენი ორგანიზებით  გაიმართება ფესტივალი „ფოლკლორის დღეები“. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ყოველ საღამოს, ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს ზღვის სანაპიროზე - ანბანის კოშკთან, შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ კონცერტებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები. ვიმედოვნებ, ჩვენთვის არანაკლებ საინტერესო და აქტიური იქნება 2019 წელიც. მომავალი წლის გეგმებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს უკავია, ფესტივალისთვის მზადება უკვე დაწყებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 23:51

    "ოდოიას" წევრი, მომღერალი ზაალ ზარქუა სახლში ჩამომ...

    ანსამბლ „ოდოიას“ წევრი, 34 წლის ზაალი ზარქუა საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მეგობრების ინფორმაციით, 34 წლის მომღერალმა სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა. მომხდარზე გამოძიება შ...

  • 15:15

    დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი გოგონა - რას ყვ...

    დოლიძის ქუჩაზე 9 წლის გოგონა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონაზე დენი მას შემდეგ გადავიდა, რაც მან საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი.მოზარდი საქართველ...

  • 10:53

    ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილს ცხრა წლის შვილი გარდაეცვ...

    ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილს შვილი გარდაეცვალა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარის ცხრა წლის გოგონას, ტატიანას (ტატა) დენმა დაარტყა.ნუკრი რევიშვილის მეუღლე ცნობილი მოდელი თიკო ჩხეიძეა. ტა...

  • 23:52

    16 აგვიტოს ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძიიყავით ღიმილიანი, შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა გარშემო მყოფებთან. დილა შეხვედრებს, ახალი საქმეების დაწყებას დაუთმეთ. სამსახურში მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. კუროშეიტანეთ კორექტივები ახალ ...

  • 18:04

    ხიდის ჩამონგრევის გამო, იტალიაში მცხოვრები საქართ...

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება:„საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ:დღეს, 14 აგვისტოს, დაახლოებით 11:30 სთ-ზე, შტორმის შედეგად, ქ. გენუაში ავტოსაგზაო ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირე...

  • 17:20

    ლარი გაუფასურებას განაგრძობს - 1 დოლარი 2.6343 ლარ...

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6343 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6343 ლარი შეადგინა. კურსი, რომელი...

  • 14:34

    ,, 8 თვის ბავშვი ლამის კისერში გადატეხა" - საბავშვ...

    "ფეისბუქზე" საბავშვო ბაღში დამონტაჟებული ვიდეოკადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ აღმზრდელი 8 თვის ბავშვს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს."ქვედა ეკრანზე თქვენ ხედავთ ჩემს დისშვილს , რომელიც არის 8 თვის......