0 4 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

”გრემის“ ორგზის მფლობელი ლიზა ფიშერი საქართველოშია

24 ივნისს საქართველოს ”გრემის“ ორგზის მფლობელი ლიზა ფიშერი ეწვევა. ამერიკელი ვოკალისტის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16:00 საათზე დაეშვება. ფიშერი წელს რადიო ჰოლდინგ ”ფორტუნას“ ყოველწლიური პროექტის დაჯილდოების ცერემონიალის - „ოქროს ტალღის“ საპატიო სტუმარი იქნება.

აეროპორტში ლეგენდარულ მუსიკოსს რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი დახვდებიან. 25 ივნისს კი, ისინი ერთობლივად გენერალურ რეპეტიციას გაივლიან. 

უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, ამერიკელი ვოკალისტი ქართველი მსმენელის წინაშე 26 ივნისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარდგება და ნიკოლოზ რაჭველთან და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, დაუვიწყარ საღამოს აჩუქებს მაყურებელს. 

ლიზა ფიშერი, რომლის კარიერა 80-იან წლებში დაიწყო, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად არტისტად რჩება. ის წლების მანძილზე ისეთ გენიალურ მუსიკოსებთან ერთად მუშაობდა, როგორებიც არიან ტინა ტერნერი, ლუთერ ვანდროსი, სტინგი, ჯგუფი Rolling Stones და სხვა.

ლიზა ფიშერის სადებიუტო ალბომი სახელწოდებით - So Intense 1991 წელს გამოვიდა და მასში შესული ჰიტით How Can I Ease the Pain მუსიკოსმა „გრემი“ მიიღო რიტმ-ენდ-ბლუზის საუკეთესო ქალი ვოკალისტის ნომინაციაში. საინტერესოა, რომ ლიზას კონკურენტები ამ დროს არეტა ფრანკლინი, გლედის ნაიტი და ვანესა უილიამსი იყვნენ.სიმღერა How Can I Ease the Pain ზედიზედ ორი კვირის განმავლობაში „ბილბორდის“ ჩარტების ლიდერი იყო. ამავე ჰიტით ლიზა Soul Train Music Awards-ის გამარჯებულიც გახდა.

 მორიგი „გრემი“ ლიზა ფიშერმა 2013 წელს, მორგან ნევილის დოკუმეტური ფილმისთვის - 20 Feet from Stardom მიიღო, რომელიც ბექ ვოკალისტების ცხოვრების შესახებ გადაიღეს. ფილმი „ოსკარის“ რიგით 86-ე ცერემონიის გამარჯვებულიც გახდა.

საქართველოში „ოქროს ტალღის“ რიგით მეხუთე საიუბილეო დაჯილდოების სპეციალური სტუმარი - ლიზა ფიშერი ქართველი მსმენელის წინაშე ლეგენდარული ჰიტებით წარდგება. 26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში წლის გრანდიოზული მუსიკალური პროექტის - “ოქროს ტალღა 2018“-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. 

რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ მელომანებს ღონისძიებაზე საღამოს 20 საათზე ელოდება, სადაც შოუ ბიზნესის წარმომადგენლები და ცნობილი სახეები წითელ ხალიჩაზე გაივლიან, ხოლო მუსიკალური საღამო 21 საათზე დაიწყება, სადაც ცნობილი გახდება კომპეტენტური ჟიური და ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა.   

15 მუსიკალურ ნომინაციაში გამარჯვებულები კომპეტენტური ჟიურის მოსაზრებების გათვალისწინებით დასახელდებიან. მათ გადაეცემათ „ოქროს ტალღის“ სიმბოლო, „წლის სიმღერის“ ნომინაციაში გამარჯვებული კი, მიიღებს განსაკუთრებულ პრიზს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები