0 3 : 3 9
 | 

საზოგადოება

ქევხიშვილი: ძიუდო, პირველ რიგში, არის არა მედლები და ჯილდოები, არამედ პატივისცემა გამოხატული ერთმანეთის მიმართ

დავით ქევხიშვილი სპორტსმენებს „ფეისბუქის“ საშუალებით მიმართავს და აცხადებს, რომ მისი ქმედებები პროცესების დარეგულირებისკენაა მიმართული. 

„კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს იმის გამო, რაც ძიუდოს ფედერაციის გარშემო ხდება. სრულად ვაცნობიერებ, რომ გულშემატკივართათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია მტყუან-მართლის ძიება. ჩემი ნებისმიერი ქმედება სწორედ რომ პროცესების დარეგულირებისკენაა მიმართული და არა საკუთარი თავის მართლად წარმოჩენისკენ. ამის გამოა, რომ ვსაუბრობ მხოლოდ ჩემი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებზე, რისი ვალდებულებაც მაკისრია და მაქსიმალურად ვარიდებ თავს პროცესების კიდევ უფრო მეტ ესკალაციას. 

რა თქმა უნდა რთულია თემის რეგულირება, როდესაც ოპონენტები უარს ამბობენ დიალოგის რეჟიმში საკითხების განხილვაზე და მხოლოდ საჯაროდ, პრესის თანდასწრებით სურთ საუბარი. ამასობაში კი გადის დრო, დრო, რომლის თითოეული წამიც ძვირფასია კარსმომდგარ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში.

სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პრინციპული პოზიცია, არ დავტოვო პრეზიდენტის პოსტი, არ გახდეს უსაფუძვლო, მაგრამ მაინც მიზეზი, გარკვეული სპორტსმენთათვის მოსამზადებელ პერიოდში ხელის შეშლის, მე მათ საჯაროდ (მათსავე არჩეულ ფორმატში) ვთავაზობ შემდეგ წინადადებებს:

1. წარმოადგინეთ ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც თქვენ უცხადებთ ნდობას და რომელსაც ფიქრობთ, რომ შესწევს უნარი გაუძღვეს თქვენთან მიმართებაში მმართველობით პროცესს. ჩვენს მიერ იგი იქნება დანიშნული თანაშემწედ ნაკრებთან ურთიერთობის საკითხში, რა თქმა უნდა შესაბამისი ანაზღაურებით და უფლებებით;

2.წარმოადგინეთ ერთი მწვრთნელი, რომელიც ფიქრობთ, რომ იქნება ყველაზე უფრო მეტად თქვენთვის შედეგის მომტანი სამწვრთნელო პროცესის განხორციელების დროს. ჩვენს მიერ იგი იქნება დანიშნული ერთ-ერთ თანაშემწედ მთავარი მწვრთნელის, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავნიშნავთ;

3.ამით თქვენ გექნებათ საშუალება თქვენს მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად ჩაერთოთ იმ ძიუდოისტთა კონკურენციის პროცესში, რომელთაც ექნებათ პოტენციური შანსი მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე; 

4.სწორედ თქვენს მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად იქნება დაგეგმილი ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი. რაც შეეხება თქვენთან მიმართებაში განსახორციელებელ სამწვრთნელო პროცესს, რა თქმა უნდა თქვენი და მათი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით;

5.მიუხედავად იმისა, ეს შეთავაზება გამოიღებს თუ არა შედეგს პროცესების დარეგურილების კუთხით, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ყველა კითხვას, რომელიც იქნა დასმული ჩემი მისამართით, კიდევ ერთხელ გავცე პასუხი ნებისმიერი კომისიის ფორმატში და თუკი გამოიკვეთება სადმე ჩემი მხრიდან თქვენთან მიმართებაში რაიმე ხელის შეშლის მომენტი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, დავტოვო პრეზიდენტის პოსტი.

იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ მოვნახავთ ძალას საკუთარ თავში, რათა დავდგეთ თვით საკუთარ თავზე მაღლა, რამეთუ ძიუდო პირველ რიგში არის არა მედლები და ჯილდოები, არამედ პატივისცემა გამოხატული ერთმანეთის მიმართ“, - წერს დავით ქევხიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები