2 2 : 5 8
 | 

საზოგადოება

”ეს ადამიანი რამდენიმე ხნის წინ გამეცნო, როგორც ვეტერანი და მთხოვა დახმარება"- რას იხსენებს დოდო გუგეშაშვილი

თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის განცხადებით, პირი, რომელმაც მას და მის შვილს ესროლა, გაეცნო, როგორც ვეტერანი და დახმარება სთხოვა. 

როგორც გუგეშაშვილმა ტელეკომპანია ”პირველს” განუცხადა, ეს ადამიანი მას გაეცნო სახელით ზურა და გვარი არ უთქვამს. გუგეშაშვილის მტკიცებით, მკვლელი მის სახლში რამდენჯერმე იმყოფებოდა და მომხდარის დღეს მისი სტუმრობა განსაკუთრებული მოვლენა არ ყოფილა.

”ეს ადამიანი რამდენიმე ხნის წინ გამეცნო, როგორც ვეტერანი და მთხოვა დახმარება რაღაც პატარა საქმეზე. მის ვიღაც ახლობელს კიევში, ერთ-ერთ მაღაზიაში უნდა შეეძინა ქარვის ნაკეთობა და ვინაიდან ომია უკრაინაში, მთხოვა დახმარება, რომ ჩემს რომელიმე ნაცნობს ეს პირი მაღაზიიდან აეროპორტამდე მიეცილებინა, ნავაჭრი ნივთებით”, - განაცხადა გუგეშაშვილმა.

კითხვაზე, საუბარია თუ არა ე.წ. შავ ბაზარზე შეძენილ ქარვაზე, გუგეშაშვილმა უპასუხა, რომ მან არ იცის ე.წ. შავი ბაზარი უკრაინაში. ”მე არ ვიცი უკრაინაში შავი ბაზარი, იქ არის მაღაზიები, გამოფენები, სადაც არის ადგილობრივი ნაწარმი, რომელსაც ყიდიან. მე ქარვის ბიზნესთან არასოდეს არანაირი შეხება არ მქონია. რამდენადაც ვიცი, ეს ქვა არის ძვირი, ხატები იყიდება ქარვის და მე მაგის საშუალება არასოდეს მქონია, რომ ჩემი სახსრებით შემეძინა. ამ ადამიანმა დაასახელა ჩემი ორი ახლობელი, რომელიც ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა მაშინაც და მუშაობენ ახლაც, ისინი ჩემი მეგობრები არიან, თუმცა არაფერთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ჩვენ ვართ გარკვეული სოციალური ჯგუფი, მრავალათასიანი, ვეტერანების და როდესაც ვიღაც ერთმანეთის სახელს ახსენებს, ვცდილობთ სხვანაირი ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ. სახელი მითხრა ზურა, რაც შეეხება გვარს, არ უთქვამს, ან მითხრა და არ მახსოვს. იმდენად უმნიშვნელო ტიპია, რომ არც ვიცი გვარი მითხრა თუ არა”, - განაცხადა გუგეშაშვილმა.

თადარიგის პოლკოვნიკს, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან  გასროლის შედეგად დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, ხოლო მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები