2 0 : 1 5
 | 

საზოგადოება

,,ალბათობა, პანკისის ხეობის „აფეთქების“ შესახებ, კიდევ უფრო გაიზრდება"

კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს ეხმაურება და ვრცელ კომენტარს აკეთებს. 

„თუ ხელისუფლება არ დადებს უტყუარ მტკიცებულებებს ჩატაევის დაჯგუფებასთან თემილრალ მაჩალიკაშვილის კავშირის შესახებ, შესაძლოა, ძალიან ცუდი პროცესები დაიწყოს პანკისის ხეობაში. 

საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი ხელისუფლებისაგან კონკრეტულ ფაქტებს ელოდება. 

თუმცა, კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია. 

ზუსტად არ ვიცით რატომ ესროლეს 19 წლის ახალგაზრდას თავში, რომელიც მიღებული ჭრილობისაგან გარდაიცვალა. ნამდვილად ჰქონდა თუ არა, მას, ხელყუმბარა... 

გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავთ, მათ შორის ვერც ხელისუფლების ვერსიას, მაგრამ არ გვინახავს მყარი მტკიცებულება, რომელიც ჩატაევის დაჯგუფების ტერორისტულ გეგმებთან მაჩალიკაშვილის კავშირს ადასტურებს. 

გვაჩვენეს ორი წლის წინ გადაღებული კადრი, რომელიც ცალკე აღებული არაფერს ამტკიცებს, გარდა იმისა რომ გამოძიებამ ვერ მოიპოვა მასზე უფრო დამაჯერებელი საბუთი, მაჩალიკაშვილის ტერორისტობის თაობაზე.

ამ დრომდე არ იცის მამამ, რა მიზეზით შეუვარდნენ სახლში და ესროლეს მის შვილს, რომელიც საწოლში იწვა. 

ვერაფერს ვეუბნებით მაჩალაკაშვილის დედას, ბებიასა და პანკისის ხეობაში მცხოვრებლებს, რომლებიც ამ წუთებში 19 წლის ბიჭის ცხედარს ელოდებიან.  

შესაბამისად, თუ ხელისუფლებამ კვლავ ვერ შეძლო სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ისევ გააგრძელა შეცდომების დაშვება, ალბათობა, პანკისის ხეობის „აფეთქების“ შესახებ, კიდევ უფრო გაიზრდება.

ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედონ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რადგან შეიძლება ითქვას რომ ვეთამაშებით ცეცხლს, რომელიც თუ აინთო, ვეღარ ჩავაქრობთ“, - მიიჩნევს კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები