2 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ადამიანი – გამოცანა, ადამიანი – ტრაგედია“....

ჩამოტვირთვა

ეს ადამიანი ХХ საუკუნის კინოს უკანასკნელ გენიოსად აღიარეს. მას თაყვანს სცემდნენ ფედერიკო ფელინი, მიქელანჯელო ანტონიონი, ანდჟეი ვაიდა. ამის მიუხედავად საჭოთა ციხეებში უხდებოდა სასჯელის მოხდა. იგი იყო ყველასათვის საყვარელი და ამავე დროს ოფიციოზისთვის საძულველი, ერთდროულად დაუნდობელი ცინიკოსიც და სენტიმენტალურიც. მთელი მისი ცხოვრება თეატრი იყო, თუმცა ამ თეატრში მსახიობად მხოლოდ საკუთარ თავს ცნობდა. იგი იყო ადამიანი – გამოცანა, ადამიანი – ტრაგედია. სერგო ფარაჯანოვია, რეჟისორი, რომელიც საჭოთა კინოში ახალი ვარსკვლავად გამოჩნდა. მაგრამ მისი სხივი უჩვეულოდ, გამომწვევად და რეჟიმისათვის შემაშინებლად ანათებდა. სერგო ფარაჯანოვი დაიბადა 1924 წლის 9 იანვარს თბილისელი სომხების იოსებ ფარაჯანიანისა და სირანუშ ბეჟანოვის ოჯახში. ბავშვობა ძველი თბილისის იტალიურ, აივნიანი სახლებით გარშემოტყმულ ეზოში გაატარა. „ჩემი თეატრი“ – ასე ეძახდა ხელოვანი ამ ეზოს, სადაც ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობდა ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი, ებრაელი, მოლდოველი, ქურთი, იეზიდი… თითქოს ამ ეზოს თეატრიდან გამოჰყვა მასხარის ხასიათი, მაგრამ როგორც ერთმა თქვა: “იყო რა მასხარათა მეფე, იგი არასოდეს არ გამხდარა მეფეთა მასხარა!”. სერგო ბავშვობიდანვე იყო გატაცებული მხატვრობით, მუსიკით, სწავლობდა ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1942 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის სარკინიგზო სატრანსპორტო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ ერთ წელიწადში მიატოვა ინსტიტუტი და სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში განაგრძო. 1945 წელს ფარაჯანოვი მოსკოვის კონსერვატორიაში გადავიდა ხოლო 1946 წელს ჩაირიცხა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში, კინორეჟისურის ფაკულტეტზე ცნობილი საბჭოთა რეჟისორის იგორ სავჩენკოს (1906-1950) კინოსახელოსნოში. სწორედ ინსტიტუტში სწავლისას გაიცნო ფარაჯანივმა ეროვნებით თათარი გოგონა ნიგიარ ქერიმოვი. ნიგიარი უკვე დანიშნული იყო თათარ ოფიცერზე. მისმა მშობლებმა ოფიცრისაგან წინასწარ დანიშვნის ტრადიციული საჩუქარიც კი მიიღეს და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ქრისტიან ფარაჯანოვთან ქორწინებას. ნიგიარი არ დაემორჩილა მშობლების ნებას და 1950 წელს სერგოზე დაქორწინდა. სერგო ძალიან ბედნიერი იყო. მაგრამ მოსკოვში ნიგიარის ძმები ჩავიდნენ და როდესაც გაიგეს რომ იგი მშობლების ნების წინააღმდეგ გათხოვდა, სტუდენტ სიძეს გამოსასყიდი მოსთხოვეს. სერგომ მამას მისწერა, – ოღონდ ახლა დამეხმარე და ამ სესხს კაპიკ-კაპიკ დაგიბრუნებო… იოსებმა ყურიც არ გააპარტყუნა. ამის შემდეგ ძმები აიძულებდნენ ნიგიარს მიეტოვებინა ღარიბი ქმარი და სამშობლოში დაბრუნებულიყო. ახალგაზრდა ქალმა უარი განაცხადა და მშობლებს არ დაემორჩილა. მაშინ ძმები ისე მოიქცნენ, როგორც ამას მათი ადათი მოითხოვდა, სასიკვდილო განაჩენით მატარებლის ქვეშ შეაგდეს 1951 წლის ივლისში… ასე ტრაგიკულად დამთავრდა სერგოს პირველი, უიღბლო სიყვარული. ფარაჯანოვს სიცოცხლის ბოლომდე არ დავიწყნია ნაგიარის სიყვარული და თავის პირველ ფილმებში ხშირად მიმართავდა მოლდავურ თემებს, რომელიც ყოველთვის ასოცირდებოდა დაღუპულ მეუღლესთან. 1956 წელს მეორედ იქორწინა უკრაინელი დიპლომატის ქალიშვილთან – სვეტლანა შერბატიუკთან, რომლისგანაც 1958 წელს შეეძინა ერთადერთი შვილი – სურენი. თუმცა მოკლე ხანში ფარაჯანოვი მეუღლეს გაეყარა. 1964 წელს ფარაჯანოვმა კიევის კინოსტუდიაში გადაიღო თავისი პირველი შედევრი “მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები” რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უჩვეულო აღწერით. მოგვიანებით, დიდმა უნგრელმა კინორეჟისორმა ანდჟეი ვაიდამ ფილმის ნახვის შემდეგ, ნიშნად აღფრთოვანებისა და პატივისცემისა, ფარაჯანოვის წინაშე მოიყარა მუხლი.1965-66 წლების ზამთრის პერიოდში ს. ფარაჯანოვი მუშაობს ფილმზე “კიევის ფრესკები.” კინოსტუდიის ხელმძღვანელობამ რეჟისორს შეაწყვეტინა ფილმზე მუშაობა. ფირი გაანადგურეს. 1968 წელს სტუდია “არმენფილმში” სერგო ფარაჯანოვმა გადაიღო თავისი ერთ-ერთი შედევრი – “საიათნოვა”. ფილმმა საბჭოთა რეჟიმის რისხვა დაიმსახურა. ოფიციოზი თვლიდა, რომ სურათი დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა. სსრკ სახკინომ ფილმს დაბალი კატეგორია მიანიჭა, რითაც განსაზღვრა მისი გაქირავების ბედი და მსოფლიო ეკრანებზე სურათის გამოსვლას ყადაღა დაადო. მოგვიანებით ფილმი რედაქტირებულ იქნა და ახალი სათაურით – “ბროწეულის ფერი” გამოვიდა. უნდა ითქვას, რომ ფარაჯანოვი თავისი არსით პროვოკატორი და ეპატაჟის მოყვარული იყო. მას უყვარდა სკანდალური გამონათქვამებით საზოგადოების შოკირება, ამის გამო 1974 წლის 25 აპრილს ფარაჯანოვს კიევის სამხარეო სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ქონების კონფისკაციით. საკანში ყოფნისას შექმნა მან სერიების პირველი კოლაჟი, რომელსაც “მტირალა ჯოკონდა” დაარქვა. “თუ მე აქ სიმარტოვეში მოვკდები, მხოლოდ ის დამიტირებს მე” – წერდა იგი თავის წერილში სატუსაღო ბანაკიდან. კოლაჟების საშუალებით რეჟისორმა საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები წარმოაჩინა. ჯოკონდას სახე იცვლება – ხან იღიმის, ხან ტირის, სევდიანია და მაინც ჯოკონდად რჩება. ფარაჯანოვის დაპატიმრება მრავალმა ცნობილმა ადამიანმა, ხელოვანმა, მწერალმა თუ რეჟისორმა გააპროტესტა. 1977 წლის 30 დეკემბერს ვადამდე 11 თვით ადრე გაანთავისუფლეს ლუი არაგონის, ჯონ აპდაიკის და სხვათა შუამდგომლობით. ლუი არაგონი დაემუქრა კიდეც ბრეჟნევს, რომ ლენინურ პრემიას უკან დაუბრუნებდა, თუკი ფარაჯანოვს არ გაათავისუფლებდნენ. სიცოცხლის ბოლოს ფარაჯანოვი მუშაობდა სცენარზე ფილმისთვის ”შუშანიკის წამება”, რომელშიც მთავარი როლი სოფიკო ჭიაურელს უნდა შეესრულებინა. სოფიკო ჭიაურელი სერგო ფარაჯანოვის ფილმების მუზად იყო ქცეული. რეჟისორი სოფიკოს ისეთ თილისმას უწოდებდა, რომელიც თვალისმომჭრელ, ათასფერ სხივებს აფრქვევს.”ჩემს კინოცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა სერგო ფარაჯანოვმა. იგი უცნაური მხატვარი იყო, გენიოსი – ნუ გვეშინია ამ სიტყვის. დღეს სერგოს ახსენებენ ფელინის გვერდით. ჩვენ ეს კაცი გვყავდა, მან თავისი ხელით შექმნა მუზეუმი, რომელიც ჩვენ დავკარგეთ… მას შემდეგ, რაც სერგომ გადამიღო ფილმში ”საიათნოვა”, მან მითხრა, მე უშენოდ ფილმს არ გადავიღებო და მის შემდეგ იგი იგონებდა როლებს ჩემთვის”-ამბობდა სოფიკო ჭიაურელი. სერგო ფარაჯანოვის ოცნება იყო გადაეღო ავტობიოგრაფიული ფილმი “აღსარება”, რომელშიც ბავშვობის მოგონებებზე მოგვითხრობდა. კინორეჟისორი იხსენებდა, რომ მას შემდეგ, რაც ეგრედ წოდებულმა “ჰუმანურმა ხელისუფლებამ” ძველი სასაფლაოს ადგილას კიროვის სახელობის კულტურის ბაღი გააშენა და საფლავები გააპარტახა, დედის, დეიდის და ახლო ნათესავების სულები ჩემთან მოდიან და ფორტეპიანოსთან სხდებიან, რადგანაც წასასვლელი აღარსად აქვთო… 1989 წელს სერგო ფარაჯანოვმა “აღსარების” გადაღება დაიწყო თუმცა, ფილმზე მუშაობის დაწყებიდან მეორე დღეს რეჟისორი შეუძლოდ გახდა. მოსკოვში ოპერაცია გაუკეთეს – მარცხენა ფილტვის რეზექცია. თუმცა სენი უკურნებელი აღმოჩნდა. დიაგნოზი: ავთვისებიანი სიმსივნე. ფარაჯანოვი საფრანგეთის მთავრობის მიწვევით პარიზს გაემგზავრა სამკურნალოდ. ფარაჯანოვი 1990 წლის 20 ივლისს ერევანში, პარიზიდან დაბრუნების სამი დღის თავზე გარდაიცვალა. დაკრძალეს ერევნის პანთეონში. დაკრძალვის დღეს ცა მოქურუხდა და წვიმა წამოვიდა. თითქოს ბუნებაც განიცდიდა მისი ამ ცხოვრებიდან წასვლას. „მე გამაჩნია სამი სამშობლო“ – წერდა ფარაჯანოვი, – „საქართველო, სადაც მე დავიბადე, უკრაინა, სადაც ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავატარე და სომხეთი, სადაც მსურს იყოს ჩემი უკანასკნელი სახლი და სადაც მსურს მოვკვდე“. „ფარაჯანოვის სიკვდილით, კინომ დაკარგა მისი ერთ-ერთი მაგი. ფარაჯანოვის ფანტაზია ყოველთვის მოაჯადოვებს და გაახარებს ადამიანებს მთელს მსოფლიოში“ – ასე გამოეხმაურნენ სერგო ფარაჯანოვის სიკვდილს ფედერიკო ფელინი, მარჩელო მასტროიანი, ტონინო გუერა, ფრანჩესკო როსი, ალბერტო მორავია, ბერნარდო ბერტოლუჩი და ჯულიეტა მაზინა. სამწუხაროდ, თბილისმა ვერ შეძლო, ამ დიდი ადამიანის მემკვიდრეობის შენახვა. მხოლოდ რამდენიმე წლის წინათ, თბილისში, ბამბის რიგთან მისი ქანდაკება დადგეს, ცნობილი ფოტოგრაფის, იურა მეჩითოვის ფოტოს მიხედვით…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები